ომბუდსმენის აპარატი: ათეულობით მოქალაქის დაკავების კანონიერი საფუძვლები არ არსებობდა

3 weeks ago 19

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ 30 ნოემბრის დილის საათებში, აქციის დაშლის დროს, მშვიდობიან მომიტინგეთა მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენებისა და ათეულობით მოქალაქის დაკავების კანონიერი საფუძვლები არ არსებობდა.

ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მოქალაქეების მხრიდან ცალკეული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ უნდა იქნას გამოყენებული კანონით განსაზღვრული კონკრეტული, ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებები, „თუმცა ეს არც ერთ შემთხვევაში არ წარმოშობს მთლიანი აქციისა და მშვიდობიანი მომიტინგეების სრულად დაშლის კანონიერ საფუძველს“.

სახალხო დამცველმა გააანალიზა აქციის დაშლის ამსახველი ვიდეოკადრები და ასკვნის, რომ სამართალდამცველები განურჩევლად ყველას მიმართ იყენებდნენ სპეციალურ საშუალებებს, აკავებდნენ ნებისმიერ მოქალაქეს ვისაც ფიზიკურად მისწვდებოდნენ, ახორციელებდნენ მათ დევნას შეკრების ძირითადი ლოკაციიდან დაშორებით კერძო ობიექტებშიც კი, ჯგუფურად და მრავალჯერადად ძალადობდნენ დაკავებულებზე და მიზანმიმართულად თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს.

„გასულ ღამეს, მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და დაკავებულების მიმართ ადგილი ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით გარანტირებული აბსოლუტური უფლების - წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის დარღვევას.

შემაშფოთებელია, რომ ბოლო პერიოდში კონვენციის საწინააღმდეგო პრაქტიკის სახით მკვიდრდება საპროტესტო აქციების დაშლისას მოქალაქეების მიმართ არასათანადო მოპყრობის მასშტაბური და განმეორებადი ხასიათის ფაქტები", - ნათქვამია განცხადებაში.

ომბუდსმენი განსაკუთრებით შეშფოთებულია მასმედიით გავრცელებული ვიდეო ჩანაწერებით, სადაც ასახულია დაკავებულების მიმართ სამართალდამცავების მიერ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის ფორმები, მეთოდები და გამოვლენილი სისასტიკის ხარისხი.

სახალხო დამცველის რწმუნებულები გასული ღამისა და მთელი დღის განმავლობაში ხვდებოდნენ დაკავებულ მოქალაქეებს. მათ შორის, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა კლინიკაში ინახულა სპეცრაზმელების შესაძლო ძალადობის შედეგად დაზიანებული ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი. მისი განმარტებით, საპროტესტო აქციაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც გაურკვეველი საგანი მოხვდა თავში და დაკარგა გონება.

„რწმუნებულებმა ვიზიტები განახორციელეს და ამ წუთებშიც განაგრძობენ დაკავებულების მონახულებას, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მდებარე იზოლატორებში და ასევე, ბათუმის აქციაზე დაკავებული პირების - აჭარასა და გურიაში'", - აცხადებს ომბუდსმენი და აჯამებს, რომ გასული ღამისა და დღევანდელი დღის განმავლობაში, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 41 პირი მოინახულეს, რომელთაგან 40 პირს ადმინისტრაციული წესით დაკავებულის სტატუსი აქვს.

28 დაკავებულმა მიუთითა სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტზე (რეაგირება არ სურს 12 მათგანს); დამატებით 2 პირს აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, თუმცა, ერთთან გასაუბრება ვერ მოხერხდა, რადგან მოთავსებული იყო სამკურნალო დაწესებულებაში, ხოლო მეორემ, რომელიც ასევე კლინიკაში იმყოფებოდა, განმარტებების გაკეთება არ ისურვა; 18 პირს, ძირითადად, სახის არეში აღენიშნება სხვადასხვა სახის დაზიანება.

„პირები, რომლებიც სავარაუდო არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარნენ, ძირითადად, მიუთითებდნენ სამართალდამცავების მხრიდან მიზანმიმართულ, მათ მიერ დაფიქსირებული სამოქალაქო პოზიციის გამო ანგარიშსწორების მიზნით განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე. ზოგიერთი დაკავებულის თქმით, ფიზიკური ძალადობა მათ მიერ ხორციელდებოდა არამარტო უშუალოდ დაკავების პროცესში, არამედ, ავტომობილშიც", - ნათქვამია განცხადებაში.

დაკავებულები მოინახულა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა. „ეს არის რაღაც სიმხეცე“, „შეიძლება ვიღაც შემოაკვდეთ“, - თქვა მან დიღმის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ.

მესამე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია იმართება. ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მესამე დღეა აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლის ბოლომდე ჩერდება.

28/29/30 ნოემბერს, დემონსტრანტების ძალისმიერი დაშლის შემდეგ, სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 150 მონაწილე დააკავეს. დაშავდა 20-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

უკვე ორი ღამეა, რაც რუსთაველის გამზირზე, შსს-ს თანამშრომლები სპეციალური საშუალებებით არბევენ მომიტინგეებს, დასდევენ მათ ქუჩებში და ფიზიკურად უსწორდებიან. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანან დასისხლიანებული ადამიანები. დაზარალებულები ჰყვებიან, რომ პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მათ გამიზნულად ურტყამენ სახესა და თავის არეში.

სრულად წაკითხვა