WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

25 ოქტომბერს თბილისში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო მსვლელობა გაიმართა სახელწოდებით „საქართველო ივანიშვილის გარეშე. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“. ამ აქციამ უფრო ფართომასშტაბიან საპროტესტო კამპანიას ჩაუყარა საფუძველი, რომელიც 28 ნოემბერს მასშტაბური აქციით დაგვირგვინდება. პროცესები იმ ფონზე ვითარდება, როდესაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს გზით ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს.

აქცია, რომელიც 2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნების მეორე წლისთავს დაემთხვა, „ოპოზიციური ალიანსის“ ორგანიზებით გაიმართა. რაც შეეხება 28 ნოემბრის აქციას, ის უწყვეტი პროტესტის დაწყების მეორე წლისთავს უკავშირდება, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ განცხადებას მოყვა.

მომიტინგეებმა მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყეს და მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ მივიდნენ, სადაც შეკრებილებს პოლიტიკოსებმა სიტყვით მიმართეს.

გამომსვლელებს შორის იყო ლევან ცუცქირიძე, პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერი. აღსანიშნავია, რომ ეს პარტია ჯერჯერობით არ ფიგურირებს „ქართული ოცნების“ სარჩელში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ისახავს მიზნად. ცუცქირიძემ განაცხადა: „მინდა მოგიწოდოთ, რომ ამოუდგეთ პარტიებს გვერდში, რადგან პარტიების გაძლიერების გარეშე შეუძლებელი იქნება იმ ცვლილების მიღწევა, რომელიც ყველას გვინდა“.

აქციაზე გამოსვლისას პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ „ივანიშვილი ალტერნატივის აკრძალვით საკუთარი ლეგიტიმაციის კრიზისს აღიარებს. ის აღიარებს, რომ აღარ ენდობა ქართველ ხალხს, რომ მას ეშინია ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის და სწორადაც ეშინია“.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ 28 ნოემბერი „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პიკური დღე უნდა იყოს“. „ვიბრძოლებთ ყველა მიკრო ბრძოლას და მოვიგებთ ყველას. სასამართლოს დარბაზში, სადაც ხვალიდან განახლდება ეს უთანასწორო ბრძოლა, ქუჩებსა და ტელევიზიებში, სადაც მიგვიშვებენ და სადაც ვიქნებით, ყველგან უნდა მოვიგოთ ყველაფერი“, – აღნიშნა მან.

„ქართულმა ოცნებამ“ სარჩელი თავდაპირველად 2025 წლის ოქტომბერში შეიტანა, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ), „ლელო/ძლიერი საქართველოსა“ და „ახალი/კოალიცია ცვლილებისთვის“ აკრძალვას ითხოვდა. მოგვიანებით, 2026 წლის აპრილში, სარჩელს პარტია „ფედერალისტები“, ხოლო სექტემბერში პარლამენტში წარმოდგენილი ერთადერთი ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ დაემატა. ამ ცვლილებების გამო „ქართულ ოცნებას“ ყოველ ჯერზე თავიდან შეჰქონდა სარჩელი, რითაც ნულდებოდა სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური 9-თვიანი ვადა.

This post is also available in: English