ოპოზიციის კვოტით სოზარ სუბარი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

1 week ago 4

„ხალხის ძალის“ ლიდერი, სოზარ სუბარი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ვიცე-სპიკერის ერთი თანამდებობა ოპოზიციას ეკუთვნის - სწორედ ეს ადგილი დაიკავა მან.

სოზარ სუბარი ვიცე-სპიკერად არჩევის შემდეგ.

სოზარ სუბარი ვიცე-სპიკერად არჩევის შემდეგ.

დადგენილებას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. არცერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა, სხდომას არ ესწრებოდა, ისინი არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ.

რამდენიმე საათის წინ „ხალხის ძალა“ საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი იყო. მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა თქვა, რომ „ქართული ოცნების“ „ჯანსაღ ოპოზიციაში“ გადადიოდნენ. „ხალხის ძალამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სიით იყარა კენჭი.

იმის მიუხედავად, რომ „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნების“ ოპოზიციას უწოდებს თავს, ხვალ, 14 დეკემბერს ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერის - მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას აპირებს.

მოძრაობა „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნების“ ოთხმა ყოფილმა დეპუტატმა: სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ და გურამ მაჭარაშვილმა 2022 წლის აგვისტოში დააფუძნეს. მათი გაცხადებული მიზანი იყო „საზოგადოების სიმართლით აღჭურვა“, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში გამოირჩეოდნენ ანტიდასავლური რიტორიკით, მათ შორის თავს ესხმოდნენ აშშ-ის ელჩს.

მოძრაობამ 2022 წლის 26 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ ქვეყნის მთავარი პარტნიორის - აშშ-ის - საელჩო საქართველოს „ხელისუფლების გადასატრიალებლად ყველაფერს იკადრებს“.

2023 წელს „ხალხის ძალის“ ინიციირებული იყო „აგენტების კანონი“, რომელმაც ათასობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში და, როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, ქვეყანა დააშორა ევროინტეგრაციას.

სრულად წაკითხვა