„ქართული ოცნების“ პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა თავის პარტიის წევრებს, თუმცა ოპოზიციის წევრების ანალოგიური მოთხოვნა არც კი განიხილა.
კერძოდ, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესა და სიის პირველ ნომერს, ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე იმ წევრებს, რომლებიც პარტიამ მთავრობაში დანიშნა, მათ შორის, ირაკლი კობახიძეს, მაკა ბოჭორიშვილს, ანრი ოხანაშვილს, დავით სონღულაშვილსა და მარიამ ქვრივიშვილს.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა მიხეილ ყაველაშვილსაც, რომელსაც 14 დეკემბერს პრეზიდენტად დანიშვნას უპირებენ.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს არცერთი ოპოზიციური ძალა. ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში განცხადებებიც დაწერა მათი წევრების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე, თუმცა „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მათი განცხადებები არც განიხილა.