"ოცნება" დემონსტრანტებს ორგანიზებული დანაშაულითა და რეპრესიული პოლიტიკით ებრძვის - DRC

2 weeks ago 7

დემოკრატიის კვლევის ცენტრი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ "ქართული ოცნება“ მშვიდობიან დემონსტრანტებს ორგანიზებული დანაშაულითა და რეპრესიული პოლიტიკით ებრძვის.

DRC-ის თანახმად, 6-7 დეკემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე გამოსულ დემონსტრანტებს, სახელმწიფომ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაუპირისპირა არაპროპორციული ძალა.

ორგანიზაცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს სამართალდამცავთა მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შემთხვევები და იმოქმედოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

„ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, გამოიყენეს სპეციალური საშუალებები - გაზის კაფსულები, წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი. პერიოდულად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, რამდენიმე სამართალდამცავისგან შემდგარი ჯგუფი, ძალის გამოყენებით აკავებდა მშვიდობიან დემონსტრანტებს და ფიზიკურად უსწორდებოდა მათ. ამასთან, საპოლიციო ძალების მხრიდან მუდმივად ფიქსირდებოდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები“.

DRC წერს, რომ განსაკუთრებით საგანგაშოა საპოლიციო ძალების მიერ აქციის დაშლის ტაქტიკა:

„მშვიდობიანი დემონსტრანტები, ფაქტობრივად, ალყაში მოაქციეს, რა დროსაც საერთაშორისო სტანდარტებისა და შსს-ს სამოქმედო ინსტრუქციით დადგენილი წესების უხეში დარღვევით იყენებდნენ დიდი რაოდენობის უცნობი ქიმიური ნივთიერების გაზის კაფსულებს.

ერთადერთი თავისუფალი ტერიტორია, საიდანაც აქციის მონაწილეებს გასვლა შეეძლოთ, რუსთაველის გამზირის გაგრძელება იყო. სპეციალური დანიშნულების რაზმის ნაწილი, სპეციალურ ტექნიკასთან ერთად (მათ შორის, წყლის ჭავლის მანქანა) განლაგებული იყო რესპუბლიკის მოედანზეც, სადაც, პერიოდულად სახლისკენ მიმავალ მშვიდობიან დემონსტრანტებს ძალის გამოყენებით აკავებდნენ.

დემონსტრანტთა ინფორმაციით, საპოლიციო ძალები განლაგებულები იყვნენ მიწისქვეშა გასასვლელებშიც, რის გამოც, უსაფრთხოდ ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა, უკიდურესად შეზღუდული იყო“, - წერს DRC.

ცხრა ღამეა თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება.

მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

6-7 დეკემბრის ღამეს, აქციის დაშლისას, სპეცრაზმის თანამშრომლებმა 48 პირი დააკეს. დემონსტრანტების დაკავებისას გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ დაკავებისას სპეცრაზმი მათ ფიზიკურად უსწორდება.

აქციების მეცხრე ღამეს საპოლიციო ძალებმა კვლავ ძველ ხერხს მიმართეს. თუკი მეშვიდე და მერვე ღამეს, რუსთაველის გამზირზე არ გამოჩენილა სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა, მეცხრე ღამეს, დემონსტრანტების დასაშლელად ისევ გამოიყვანეს განსაკუთრებული დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წყლის ჭავლის მანქანა და ცრემლსადენი აირი.

სრულად წაკითხვა