“ოცნების” დეპუტატები აბუ-დაბიში მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

2 days ago 5

“ქართული ოცნების” დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეს, რომელიც გუშინ, აბუ-დაბიში მათ სიტყვიერად დაუპირისპირდა.

კადრებში, რომელსაც დაზარალებული ლაშა გაბიტაშვილი სოციალურ ქსელში თავად აქვეყნებს, ჩანს, რომ მას ფიზიკურად უსწორდებიან ვიქტორ სანიკიძე, ირაკლი ზარქუა და გელა სამხარაული.

ამ ვიდეოს შემდეგ, მან პირდაპირ ეთერში თქვა, რომ საუზმეზე ჩასულს “მივარდნენ”. ამის ამსახველი კადრებიც ვრცელდება.

მისივე თქმით, მას არ შეშინებია და კვლავ უერთდება იმ ორ ძირითად მოთხოვნას, რაც პროტესტის მონაწილეებს აქვთ – ახალ არჩევნებს და უკანონოდ დაჭერილების გათავისუფლებას.

“გამწარებულები, გაგიჟებულები მომვარდნენ საუზმის დროს. მაგას ველოდი, ჩვეულებრივი ამბავია, პატარა კაცების ამბავია. არავის არაფრის არ გვეშინია. არც ვნერვიულობ, არც არაფერი დამიშავებია. ესენი არიან მოღალატეები. შედეგებს აუცილებლად მიიღებენ. რისი უნდა მეშინოდეს? ის ხალხი, ვინც დაჭერილია, ჩვენს ნაცვლად სხედან. მე შემთხვევით მაქვს შესაძლებლობა, რომ გარეთ ვარ. დღეს რომ თავისუფალი ვარ, არ ნიშნავს, რომ ხვალ მათ ადგილას არ აღმოვჩნდები. კი მემუქრებიან ესენი, საქართველოში რომ ჩამოხვალ, იქ ნახავო. აუცილებლად ჩამოვალ და ჩვეულებრივად ვიცხოვრებ. ეს მათი ბოლო ეტაპია. ეს გაბრაზებული, გამწარებული “ოცნებაა”, უკვე აღარაფერი შეუძლია”, – ამბობს ლაშა გაბიტაშვილი პირაპირ ჩართვაში.

მანამე, გუშინ, 12 იანვარს, ლაშა გაბიტაშვილი ირაკლი ზარქუასთან მივიდა და ჰკითხა, იცოდა თუ არა 11-12 იანვრის ღამეს ბათუმში მომხდარი მოვლენების შესახებ, სადაც აქციაზე არაერთი დემონსტრანტი დააკავეს. ვიდეოში, რომელიც ასევე ლაშა გაბიტაშვილმა გამოაქვეყნა, ჩანს, რომ ირაკლი ზარქუა კითხვას არ პასუხობს და კამერას თავიდან იშორებს.

“აბუ-დაბიში მწამებელი და რეპრესიული რეჟიმის შემოქმედები შემხვდნენ. წყნარად მივუახლოვდი, რომ მეთქვა, მათმა რეჟიმმა რა ქნა გუშინ ბათუმში, მაგრამ ზარქუამ ხელი გაარტყა ტელეფონს და შეურაცხყოფა მომაყენა! არადა, მინდოდა მეთქვა, რომ ისინი ესე მშვიდად ვერ იცხოვრებენ, რომ ახალი არჩევნები ჩასანიშნია და ხალხი გამოსაშვებია ციხეებიდან, მაგრამ არ მაცალა“, – დაწერა სოციალ ქსელში ლაშა გაბიტაშვილმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.

კადრებში, ირაკლი ზარქუას გარდა, გოჩა ენუქიძე, გელა სამხარაული და გიორგი ამილახვარი ჩანან.

სრულად წაკითხვა