“ქართული ოცნების” პარლამენტმა შეკრებიდან დაახლოებით 2 კვირაში დაჩქარებული წესით განხილა და შეცვალა არაერთი კანონი. უფლებადამცველების შეფასებით, ცვლილებები რეპრესიული ხასიათისაა და მნიშვნელოვნად აუარესებს ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას. განსაკუთრებით, გამოხატვის თავისუფლებისა და შრომითი უფლებების ნაწილში.
ბოლო ერთ კვირაში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს შორის აღსანიშნავია ორი – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები და საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ცვლილებები.
სამოქალაქო სექტორზე დაყრდნობით გთავაზობთ შეფასებებსა და არგუმენტებს აღნიშნულ კანონებთან დაკავშირებით.
საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, 13 დეკემბერს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის საჯარო მოხელეებს, ამცირებს მათი შრომითი უფლებების დაცვის გარანტიებს და ზრდის მათზე გავლენის რისკებს. საია-ში მიიჩნევენ, რომ “ქართულ ოცნებას” სურს საკანონმდებლო საფუძველი შეუქმნას სახელმწიფო და პარტიულ სამსახურს შორის ზღვრის წაშლას.
ერთ-ერთი მთავარი, რის გამოც ცვლილებებს აკრიტიკებენ, საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციის პოლიტიკური წმენდის იარაღად გამოყენების რისკებია: აქამდე, რეორგანიზაციის შემდეგ შტატების შემცირების შემთხვევაში შესაძლებელი იყო დასაქმებული სხვა განყოფილებაში გადასულიყო ტოლფას, ან თუნდაც, დაბალ პოზიციაზე. ახლა ასეთი გარანტიები აღარ არსებობს – რეორგანიზაციის შემდეგ შესაძლებელი იქნება თანამშრომელთა გათავისუფლება იმის მიუხედავად, არის თუ არა შესაძლებელი მისი მობილობა იგივე სამსახურის სხვა განყოფილებებში. რაც მთავარია, გათავისუფლების თანამშრომლის მიერ სასამართლო დავის დაწყება არ აჩერებს პროცესს, საქმის მოგების შემთხვევაში კი სამსახურს აღარ ექნება მისი აღდგენის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, მას მხოლოდ განაცდური და 3 თვის ხელფასი ოდენობის თანხის კომპენსაცია ჩაერიცხება.
იცვლება საჯარო მოხელეების წახალისებისა თუ კარიერული ზრდისთვის საჭირო შეფასების მოდელიც. კანონის ახალი რედაქციით, საჯარო მოხელეები შეფასდებიან 6 თვეში ერთხელ. უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოხელის შეფასება 1 თვის ვადაში შეიძლება შეიცვალოს სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში კი მომდევნო შეფასებამდე 20%-ით ნაკლები ოდენობის ხელფასი მიიღოს.
“აღნიშნული მოწესრიგება ქმნის საფრთხეს, რომ მოხელის შეფასება დაუსაბუთებლად და ბოროტად იქნეს გამოყენებული, როგორც მოხელეთა დასჯის მექანიზმი”, – აცხადებენ საია-ში.
კიდევ ერთი ცვლილება ეხება საჯარო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების სტატუსს. ცვლილებების მიხედვით ისინი საჯარო მოხელეებად აღარ ჩაითვლებიან და საჯარო სამსახურში ხელშეკრულებით დასაქმდებიან, რომლის მოქმედების ვადა ვერ იქნება ხელმძღვანელის უფროსის ვადაზე ნაკლები. გარდა იმისა, რომ ეს მოხელის დასაქმების ხანგრძლივობას სამსახურის უფროსზე დამოკიდებულს ხდის, ამ უკანასკნელს მისი კონკურსის წესის გარეშე დანიშვნაც და საკუთარი ინიციატივით გათავისუფლებაც შეეძლება. რაც მთავარია, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს და მის მოადგილეს, როგორც ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს, აღარ მოეთხოვებათ იცოდნენ სახელმწიფო ენა, იყვნენ 18 წელს მიღწეული, ჰქონდეთ მოხელის სერტიფიკატი.
საიას შეფასებით, ეს მიდგომა ხელმძღვანელს საშუალებას აძლევს სამსახურში კადრები პოლიტიკური ნიშნით მიიღოს ან გაათავისუფლოს.
“მიღებული ცვლილებები სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და მისი მოადგილის პოზიციების პოლიტიზებას და მათი არასათანადო გავლენების მიმართ მოწყვლადობას ემსახურება. შესაბამისად, აღნიშნული პირების მიერ საკონკურსო კომისიის ხელმძღვანელობა აჩენს თავად კონკურსის პოლიტიზების საფრთხეს”, – აცხადებენ საია-ში.
ამავე თემაზე: პროფკავშირების გაერთიანება: მიუღებლად მიგვაჩნია ცვლილებები კანონში საჯარო სამსახურის შესახებ
პიროტექნიკის, ლაზერებისა და სახის დაფარვის აკრძალვა აქციებზე
“ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით – 2 დღეში განიხილა და 13 დეკემბერს დაამტკიცა კიდევე ერთი საკანონმდებლო ცვლილება. პაკეტი 9 სხვადასხვა კანონში ცვლილებებს გულისხმობს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები.
გარდა იმისა, რომ იზრდება იმ სამართლებრივი საფუძვლების რაოდენობა, რომლითაც პოლიციელს აქციაზე მოქალაქეების დაკავება შეეძლება, იზრდება სამართალდარღვევებისთვის განსაზღვრული ჯარიმების ოდენობაც.
“ქართული ოცნების” მიერ დაჩქარებულად მიღებული ცვლილებებით სამართალდარღვევად ჩაითვლება ქციებზე სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა (ჯარიმა – 2000 ლარი). ასევე, სამართალდარღვევად ჩაითვლება ლაზერული ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნივთების ტარება, რომლებსაც შესაძლოა ხელი შეუშალოს სამართალდამცველების მუშაობას. ახალდამტკიცებული დარღვევების გამო მოქალაქეები 2000 ლარით დაჯარიმდებიან. აიკრძალება პიროტექნიკის გამოყენებაც.
“მიმდინარე აქციების პარალელურად შსს რუტინულად ატარებს უკანონო ჩხრეკებს და ადამიანებს, მათ შორის, ისეთ ლეგალურ ნივთებს ართმევს, როგორიცაა აირწინაღი და ნიღაბი. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ შეზღუდვას შსს უკანონო ჩხრეკების გასამართლებლად გამოიყენებს და არაპროპორციულად გამოიყენებს, მათ შორის, ისეთი ლაზერული ან მანათობელი ნივთების მფლობელთა წინააღმდეგ, რომელთაც არ შეუძლიათ აღნიშნული ხელსაწყოებით რეალურად შეაფერხონ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობა ან მათი ტექნიკის ფუნქციონირება”, – აცხადებენ საია-ში.
საია-ში აცხადებენ, რომ აქციაზე ნიღბების ტარების ბლანკეტური აკრძალვა არღვევს ამ კანონის – შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების სულისკვეთებასა და გამოხატვის თავისუფლებას. გარდა აღნიშნული ცვლილების შსს-ს მხრიდან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენების პოტენციური რისკისა, საია-ში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეთა სურვილი სახის დაფარვის შესახებ ლოგიკურია მიმდინარე აქციების გამოცდილების ფონზე.
“აქციის მონაწილეების მიმართ ანგარიშსწორების, კრიმინალური დაჯგუფებების მიერ მათზე შეტევის, სამართალდამცავების მხრიდან უსაფუძვლო დაკავების, მათ შორის, სახლებიდან და ოფისებიდან მათი უკანონო გადაყვანის და საჯარო სამსახურებში არსებული ზეწოლის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები აქციაზე ყოფნის დროს საკუთარი იდენტობის დაფარვას ცდილობენ, რათა თავიდან აიცილონ უკანონო, რეპრესიული ანგარიშსწორება, ამასთან, თავი დაიცვან იმ ქიმიური გამაღიზიანებლებისგან, რომელთა შემადგენლობასაც შსს არ ასაჯაროებს და რომლებსაც შსს უკანონოდ და არაპროპორციულად იყენებს”, – აცხადებენ საია-ში.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ იურისტები წლებია მოითხოვენ მსგავსი აქციების დროს სპეცრაზმელებისა და პოლიციელების მიერ ნიღბების გამოყენების შემთხვევაში, შსს-მ უზრუნველყოს მათი იდენტიფიცირების შესაძლებლობა. ეს საჭიროა მინიმუმ იმისთვის, რომ მათ მიერ უფლებამოსილების გადამეტების ან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, როგორც მოქალაქეს, ისე მედიას შეეძლოს განსაზღვრა, კონკრეტულად რომელმა მათგანმა ჩაიდინა გადაცდომა/დანაშაული. შსს წლებია უგულებელყოფს უფლებადამცველთა ამ მოთხოვნას.
შედეგად, მხოლოდ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში აქციაზე შსს-ს დანაყოფების მიერ ნაცემი 400-მდე მოქალაქის მიუხედავად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არცერთი სამართალდამცავი არ დაუკავებია. ამ ფონზე, ნიღბის ტარების მოქალაქეებისთვის აკრძალვას საია ცინიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს.
“ქართული ოცნების” მიერ დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით, თუ აქციაზე არასრულწლოვანს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით დააკავებს (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი), დააჯარიმებენ მის მშობელს ან წარმომადგენელსაც “აღზრდისა და სწავლების” მოვალეობის შეუსრულებლობის გამო. ჯარიმის ოდენობა ამ შემთხვევაშიც 2000 ლარი იქნება.
ახალ სამართალდარღვევებს შორისაა სამართალდამცველების ფორმას მიმსგავსებული ტანსაცმლის ან ატრიბუტიკის ტარებაც, “რასაც შესაბამისი გარემოების გათვალისწინებით შეცდომაში შეჰყავს ობიექტური დამკვირვებელი”. აღნიშნული დარღვევაც 2000-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.
გაზრდილი ჯარიმები
გზის გადაკეტვა მონაწილეთა სიმცირის მიუხედავად, აკრძალულ ადგილებში აქციის ჩატარება ან მოწოდება, აკრძალული ნივთებს ქონა (ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება, ცივი იარაღი) აქამდეც სამართალდარღვევა იყო, მაგრამ თუ აქამდე ამ ყველაფრის ორგანიზებისთვის განსაზღვრული ჯარიმა 5000 ლარს ან 15-დღიანი პატიმრობას გულისხმობდა, კანონის ახალი რედაქციით ჯარიმა 15 000 ლარამდე იზრდება.
ტრანსპორტით გზის გადაკეტვა აქამდე მხოლოდ 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებდა, ახლა კი მას დაემატება მართვის მოწმობის ჩამორთმევა 1 წლით.
იერსახის დამახინჯება, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი და ა.შ. აქამდე მხოლოდ 50-ლარიან ჯარიმას გულისხმობდა, ახლა ამისთვის მოქალაქე 1000 ლარით დაჯარიმდება. იგივე სამართალდარღვევის გამეორებისთვის კი გაორმაგებული ჯარიმის – 2000 ლარის გადახდა მოუწევს.
რის გამო შეიძლება დააკავონ მოქალაქე?
“ქართული ოცნების” მიერ დამტკიცებული ცვლილებებით, იზრდება იმ საფუძვლების ჩამონათვალი, რომლის გამოც მოქალაქე შეიძლება ადმინისტრაციულად დააკავონ, გაჩხრიკონ ან ჩამოართვან პირადი ნივთები და დოკუმენტები.
აქამდე არსებულ საფუძვლებს ემატება:
- პრევენცია – პოლიციელს უფლება ეძლევა ივარაუდოს, რომ კონკრეტული მოქალაქე კანონს დაარღვევს და ამ საფუძვლით დააკავოს, თუ მას იქამდეც აქვს ჩადენილი სამართალდარღვევა;
- საქმის გაჭიანურების პრევენცია და სასამართლოში დროული წარდგენის აუცილებლობა.“პირი ასევე შეიძლება დააკავონ მხოლოდ იმის გამო, რომ სასამართლოში მიიყვანონ, მიუხედავად იმისა, თავად უარს ამბობს თუ არა მისვლაზე. ამ საფუძვლით პოლიციას მაშინაც შეუძლია დააკავოს პირი, თუ სასამართლოში ჯერ საერთოდ არ არის საქმე შეტანილი”, – ასე განმარტავს ამ ჩანაწერს საია-ს თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე.
საია-ში მოლოდინი აქვთ, რომ ამ ცვლილებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო არა მართლწესრიგის დასაცავად, არამედ მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის უფლების წინააღმდეგ გამოიყენებს.
“აშკარაა, რომ შეკრებებთან, მანიფესტაციებთან და საპროტესტო გამოხატვასთან დაკავშირებულ ქმედებებზე სანქციების არაპროპორციული ზრდითა და ახალი საფუძვლების დამატებით, „ქართული ოცნება“ მოსახლეობის დაშინებას ცდილობს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენება შსს-ს მიერ, რასაც სასამართლო ხელისუფლება, მართლმსაჯულების რეალურ განხორციელებაზე უარის თქმით, აკანონებს”, – აცხადებენ საია-ში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედებს საბჭოთა დროს – 1984 წელს მიღებული სამართალდარღვევათა კოდექსი. იურისტები და უფლებადამცველები წლებია საუბრობენ კოდექსის ცვლილების საჭიროებაზე, რომელიც არ პასუხობს ადამიანის უფლებათა თანამედროვე სტანდარტებს. თუმცა, “ქართული ოცნება” რეფორმის ნაცვლად მას კიდევ უფრო რეპრესიულს ხდის.