ავტორი: ნინო სურამელაშვილი (რატი რატიანი), მწერალი
ბოლო დღეებში ხელისუფლების და მათ მხარდამჭერთა შექმნილი ჯგუფებიდან აქტიურად ვრცელდება სიცრუე, რომ რაღაც ძალები – ალბათ, ოპოზიცია – აპირებენ პროტესტს მსხვერპლად შესწიროს ვინმეს შვილი, რომ თვითგამოცხადებული ხელისუფლება გადააგდოს და ამაში დიდ ფულს იხდიან. იმასაც წერენ, რომ მშობლები დასწრებაზე არიან, შვილები სასიკვდილოდ გაწირონ.
ეს კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულია, რასაც თვითგამოცხადებული ხელისუფლება სჩადის: ის თავისი დანაშაულის თანამონაწილეებად გაქცევთ – თქვენ, ყველას, ვისაც გინდათ და გჯერათ.
ამ სიცრუეს არავითარი საფუძველი არ აქვს, არავითარი მტკიცებულება.
სინამდვილეში, ამით „ოცნება“ თავს იზღვევს. ვაი და, მის გავეშებულ სპეცრაზმელებს ცემაში შემოაკვდათ ვინმე? ყველამ ნახეთ ქუჩაში დაგდებული ახალგაზრდის კადრები, რომელსაც გაცოფებულები ურტყამდნენ თავსა და სახეში. რომ შემოჰკვდომოდათ?
სწორედ ამიტომ გადაწყვიტა „ოცნებამ“ თავის დაზღვევა.
და ამისთვის თქვენ გიყენებთ.
რომელს გჯერათ, რომ ქართველი დედები დასწრებაზე არიან შვილები სასიკვდილოდ გაწირონ? ქართველ დედაზე ვლაპარაკობ, რომელიც შვილს მკერდით გადაეფარება, ოდნავი საფრთხე რომ დაემუქროს.
ჩვენ რუსები არ ვართ, რომლებიც საზარბაზნე ხორცად იყენებენ ახალგაზრდებს.
ნუ გახდებით დანაშაულის თანამონაწილეები.
ნუ მიაყენებთ ამ საზარელ შეურაცხყოფას ქართველ დედებს.
ნუ დაეხმარებით „ოცნებას“ ჩვენს შვილებზე ძალადობაში.