„ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები, მწამსი და ზოგადად ის, თუ როგორ წარმართავს „ქართული ოცნება“ თავის პოლიტიკას, როგორ ვითარდება ქვეყანა, ამის გამო გადავწყვიტე, ვყოფილიყავი პარტიის წევრი. მივიღე შეთავაზება და მაშინვე დავთანხმდი...“ - უთხრა რადიო თავისუფლებას მან.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით, არ შეცვლილა. მათ შორის, არც 28 ნოემბერს გაცხადებული გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან არ დააყენებს საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
„მე არ ვთვლი, რომ რაიმე სახით ჩვენი საგარეო კურსი შეიცვალა. ვფიქრობ, რომ ბევრმა ადამიანმა არასწორად გაიგო... მე არ აღვიქვამ, რომ რაიმე პროცესი არის შეჩერებული...“ - ამბობს პაატა სალია.
ის ამ დრომდე არის შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დირექტორი. ამ შპს-ს ეკუთვნის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 10%-იანი წილი. მისი თქმით, ამის მიუხედავად, არ გაჩნდება კითხვა „ქართული ოცნების“ მიმართ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის მიკერძოებასთან დაკავშირებით კითხვები.
„რუსთავი 2 არის დამოუკიდებელი ტელევიზაია და მაყურებელმა უნდა შეაფასოს მისი სარედაქციო პოლიტიკა“, - თქვა პაატა სალიამ, რომელსაც რადიო თავისუფლებამ სთხოვა გაეხსენებინა არხის მიერ ხელისუფლების საქმიანობის შესახებ მომზადებული სიუჟეტები.
„ვთვლი, რომ დამოუკიდებელი ტელევიზიაა, აქვს თავისი სარედაქციო პოლიტიკა და მაქსიმალურად ობიექტურად აშუქებს მოვლენებს... კრიტიკული მასალა ძალიან ბევრი მახსენდება, თუმცა ჩამოთვლას არ შევუდგები...“ - ამბობს ის.
დღეს, 10 დეკემბერს პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა „ქართული ოცნების“ რვა დეპუტატს:
- ირაკლი კობახიძე (პრემიერ-მინისტრი) - 78 მომხრე;
- მაკა ბოჭორიშვილი (საგარეო საქმეთა მინისტრი) - 79 მომხრე;
- ანრი ოხანაშვილი (იუსტიციის მინისტრი) - 77 მომხრე;
- დავით სონღულაშვილი (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი) - 76 მომხრე;
- მარიამ ქვრივიშვილი (ეკონომიკის მინისტრის მოადგილე) - 81 მომხრე;
- ბიძინა ივანიშვილი („ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე) - 74 მომხრე;
- ირაკლი ღარიბაშვილი („ქართული ოცნების“ თავმჯდომარე) - 78 მომხრე;
- მიხეილ ყაველაშვილი („ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი) - 75 მომხრე.
საქართველოს კანონმდებლობით, პარლამენტში მათი ადგილმონაცვლე იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში მყოფი მომდევნო რვა პოლიტიკოსი: ლევან მაჭავარიანი, არჩილ გორდულაძე, სალომე ქურასბედიანი, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, პაატა სალია, გიორგი გუგუჩია.
მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ესწრება, ოპოზიციაც და პრეზიდენტიც ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა. არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტიც.