ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც იქნებიან 7 დეკემბერს პარიზში ნოტრ-დამის რესტავრირებული ტაძრის გახსნის ცერემონიაზე მიწვეულ სტუმრებს შორის.
პარიზში თავისი ჩასვლის შესახებ დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ 3 დეკემბერს დაწერა სოციალურ ქსელ Truth-ში.
საფრანგეთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც ტრამპი ეწვევა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. მისი ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება და ამ დღიდან ოფიციალურად შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას.
სააგენტო "ფრანს პრესის" თანახმად, ტრამპის ყოფნამ გამოიწვია "ვარაუდი", რომ ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში გაემგზავრებოდა აშშ-ის მომავალ პრეზიდენტთან პირველი შეხვედრისთვის.
ეს ვარაუდი სააგენტო "როიტერსს" ორმა დიპლომატიურმა წყარომ დაუდასტურა.
უკრაინის მთავრობის წყარომ სააგენტო "ფრანს პრესს" განუცხადა, რომ ზელენსკი შეხვდება მაკრონს, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლის ურყევ მხარდამჭერს, "მაგრამ შესაძლებელია ასევე სხვა შეხვედრები, კერძოდ, არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან", - ციტირებს სააგენტო ანონიმ წყაროს უკრაინის მთავრობიდან.
პარიზის ერთ-ერთი სიმბოლო, იუნესკოს მიერ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ღვთისმშობლის ტაძარი მნიშვნელოვნად დაზიანდა 2019 წლის აპრილში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ჩამოინგრა ტაძრის შპილი, საათი და სახურავის ნაწილი.
ნოტრ-დამის აღდგენას ხუთი წელი დასჭირდა.