პარიზში გაიმართა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონია

2 weeks ago 6

პარიზში რესტავრაციის შემდეგ 7 დეკემბერს კვლავ გაიხსნა ღვთისმშობლის ტაძარი.

ცერემონიაში მონაწილეობდნენ 50-მდე სახელმწიფოს მეთაურები, რომლებსაც მასპინძლობდა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. სტუმრებს შორის იყვნენ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ასევე საქართველოს პრეზიდენტ,ი სალომე ზურაბიშვილი, აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი და სხვები.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 2019 წელს საგრძნობლად დაზიანდა ხანძრის შედეგად. მის აღდგენაში მონაწილეობა მიიღო 1300-ზე მეტმა მშენებელმა და ხელოსანმა მთელი მსოფლიოდან. 2019 წლის 15 აპრილს ცეცხლი გაუჩნდა ხარაჩოებს ტაძრის სახურავზე. ხანძრის ზუსტი მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა, თუმცა მისი განზრახ გაჩენის შესაძლებლობა გამოძიებამ გამორიცხა. ტაძრის სახურავი მთლიანად დაიწვა, ჩამოიქცა შპილი.

პარიზის მთავარეპისკოპოსმა, ლორან იულრიშმა ტაძრის კარზე თავისი კვერთხის სამჯერ მირტყმით სიმბოლურად კვლავ გახსნა ტაძარი. ტაძრის საკურთხევლის კვლავ კურთხევა 8 დეკემბერს მოხდება, როცა კათოლიკური ეკლესია იესოს შობის მოლოდინის პერიოდში მეორე ადვენტს აღნიშნავს.

პრეზიდენტმა მაკრონმა ცერემონიაზე მადლობა უთხრა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ტაძრის აღდგენაში. ტაძრის აღდგენისთვის შემოწირულებებმა მთელი მსოფლიოდან - 840 მილიონზე მეტი ევრო შეადგინა. ეს თანხა უფრო მეტიც კი აღმოჩნდა იმაზე, რაც დაჯდა რესტავრაცია - 700 მილიონი ევრო.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი - Notre Dame de Paris - საფრანგეთის დედაქალაქის მთავარი ტაძარი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა პარიზისა და მთლიანად საფრანგეთისა. გოტიკური არქიტექტურის შედევრი აშენდა XII საუკუნეში და მას შემდეგ არაერთხელ ჩაუტარდა რესტავრაცია და გადაკეთდა.

სრულად წაკითხვა