პარლამენტთან ნაძვის ხე აქციაზე ნაცემი ადამიანების ფოტოებით „მორთეს“

2 weeks ago 5

პარლამენტის შენობის წინ, სადაც თბილისის მერია ნაძვის ხეს აწყობს, კიდევ ერთი საპროტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები და ჟურნალისტები აქციების დაშლის დროს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის შემთხვევებს აპროტესტებენ.

პარლამენტის შენობის წინ თბილისის მერია ნაძვის ხეს აწყობს.

პარლამენტის შენობის წინ თბილისის მერია ნაძვის ხეს აწყობს.

აქცია თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა. დემონსტრანტებმა, პროტესტის ნიშნად, საახალწლო ნაძვის ხეზე პოლიციელთა მიერ ნაცემი აქციის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და ოპერატორების ფოტოები გამოფინეს.

მოგვიანებით აქციის მონაწილეებსა და ნაძვის ხეს შორის პოლიცია ჩადგა. პროტესტის მიუხედავად, თბილისის მერიის „თბილსერვისის“ თანამშრომლები აგრძელებენ ნაძვის ხის აწყობას.

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ „თბილისი ისევ იქნება გამორჩეული საახალწლოდ მორთული ქალაქი“.

„უკვე მეორე კვირაა, რაც დედაქალაქის მთავარი გამზირი იქცა სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდების, ქვეყნის ჩამოშლის მცდელობის ადგილად. ის იქცა საზოგადოების დაპირისპირების, ბულინგის, შეურაცხყოფის ადგილად. ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ აისახება საზოგადოებაზე, განსაკუთრებით ბავშვებზე, რომლებსაც არ შეიძლება წავართვათ სიხარულისა და ბედნიერების განცდა“, - თქვა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2025 წლისთვის დედაქალაქის საახალწლო სლოგანი „გამარჯვებებით სავსე ქალაქი“ იქნება.

მეთერთმეტე დღეა დედაქალაქის ცენტრში არ წყდება ათასობით ადამიანის პროტესტი - მოქალაქეები აპროტესტებენ მმართველ პარტიაში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.

საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.

სრულად წაკითხვა