პარლამენტმა კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

5 days ago 6

საქართველოს პარლამენტმა დასძლია პრეზიდენტის ვეტო გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ. სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს, რომელიც დეპუტატებს მისმა საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარიდგინა, მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 27 კი წინააღმდეგ წავიდა.

გიორგი მსხილაძე განმარტავდა, რომ ფორმალური თანასწორობის მიუხედავად, საზოგადოებაში არსებული სოციალური ნორმები ბარიერს უქმნის ქალებს პოლიტიკურ ასპარეზზე. გარდა ამისა, მან მოიყვანა არაერთო საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაცია, საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციები კვოტების გაუქმების საწინააღმდეგოდ.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებამდე შესასრულებელ 12 რეკომენდაციას შორის ერთ-ერთი სწორედ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა იყო. ეს რეკომენდაცია ევროკომისიამ შესრულებულად ჩათვალა. მსხილაძემ აღნიშნა, რომ კვოტების გაუქმება ამ მიმართულებით უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

“ფორმალური თანასწორობის მიუხედავად, ხშირ შემთხვევაში, ქალი სასტარტო პირობების, განათლებისა მიღებისა და საკუთარი ცხოვრების განსაზღვრის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად შეზღუდულია. საზოგადოება, რომელშიც მიღებულ სოციალური თუ მორალური ნორმები ქმნის ქალებისათვის არასწორ გარემოს, აისახება პოლიტიკური პარტიებისა და თავად პოლიტიკოსთა გადადგმულ ნაბიჯებში. იგი ხელს უშლის ქალების ფართო პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლას, აბრკოლებს მათ ცნობადობას და მიუხედავად ფორმალურ-სამართლებრივი ბარიერების არარსებობისა, შედეგად მათთვის არათანასწორ რეალობას ქმნის”

მას შემდეგ რაც პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს, დეპუტატებმა თავიდან უყარეს კენჭი “გირჩს” ინიციირებულ და “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანონპროექტს. მას კანონპროექტს 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რითაც გენდერული კვოტირება საბოლოოდ გაუქმდა.

სრულად წაკითხვა