ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ დაარსებული პარტია „საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა თხოვნით, რომ პარტიის კონსტიტუციურობის შეფასება მან ცალკე საქმედ გამოყოს და განიხილოს.
„ჩვენმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „გახარია საქართველოსთვის“ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით შუამდგომლობით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს ჩვენი პოლიტიკური პარტიის კონსტიტუციურობის შეფასების ცალკე საქმედ გამოყოფისა და განხილვის მოთხოვნით“, – განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ 20 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, „განსხვავებული პოლიტიკური პარტიების კონსტიტუციურობის შემოწმების ინდივიდუალურად განხილვა ის მინიმუმი სამართლებრივი ვალდებულება და სტანდარტია, რაც ფორმალურ მაინც უნდა შესრულდეს და “ოცნებამ” პასუხი გასცეს მისსავე ამომრჩეველს, რა კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლითა და მტკიცებულებებით კრძალავს ერთადერთ ოპოზიციურ საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიას ქვეყანაში“.
პარტია „საქართველოსთვის“ იმ ოთხ პოლიტიკურ ძალას შორისაა, რომლებმაც 2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახეს. თავდაპირველად პარტია შეუერთდა სხვა სამ პოლიტიკურ ძალას და საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადა, თუმცა ერთი წლის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და საპარლამენტო ადგილები დაიკავა.
„საქართველოსთვის“ არ ფიგურირებდა იმ სამ პოლიტიკურ ძალას შორის, რომელთა აკრძალვასაც „ქართული ოცნება“ 2025 წლის ოქტომბერში შეტანილ თავდაპირველ სარჩელში ითხოვდა. მაშინ მმართველი პარტიის სამიზნე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“/„ძლიერი საქართველო“ და „ახალი“/„კოალიცია ცვლილებისთვის“ იყო. მოგვიანებით, 2026 წლის აპრილში, სარჩელს დაემატნენ „ფედერალისტები“, ხოლო სექტემბერში – პარტია „საქართველოსთვის“.
„სარჩელში ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის დამატება ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი ქვეყანაში განსხვავებული აზრის არაკონსტიტუციურად გამოცხადება და მისი საბოლოოდ აკრძალვაა“, – განაცხადა სიჭინავამ. მან მმართველი პარტია დაადანაშაულა კონტროლირებადი ოპოზიციისა და „არჩევნების ილუზიის“ შემქნის მცდელობაში.
სიჭინავამ პარტია „საქართველოსთვის“ აკრძალვის მცდელობას „აბსურდული და ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული“ უწოდა. მისი თქმით, ეს არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გიორგი გახარიას მიმართ განხორციელებული მუქარების გაგრძელება.
მან ასევე დაადასტურა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებში ჩაერთვება, რათა თავად პროცესი და მასში მონაწილე პირები „დოკუმენტურად დარჩეს საქართველოს ისტორიას“.
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 21-23 ოქტომბრისთვისაა ჩანიშნული.
This post is also available in:
civil ახალი ამბები