WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

9 ოქტომბერს, ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში ორსართულიანი საწოლის  მეორე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად პატიმარი გარდაიცვალა, განაცხადა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 15 ოქტომბერს პატიმრის თანამოსაკნეებზე დაყრდნობით.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებული გ.გ  №2 პენიტენციურ დაწესებულებაში 2026 წლის  2 ოქტომბერს განთავსდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის I-V-ნაწილით წარუდგინეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

„2026 წლის 9 ოქტომბერს, 14:35 საათზე, ბრალდებულ გ.გ.-ს თანამესაკნეებმა დაწესებულების თანამშრომლებს შეატყობინეს, რომ იგი ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე იწვა, საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა. ამ დროს საკანში მისი ხუთი თანამესაკნე იმყოფებოდა“, – ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, იმ დროს დერეფანში, საკნის კართან იდგა დაწესებულების სოციალური მუშაკი, რომელიც საკნის კარის სარკმლიდან გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთ მსჯავრდებულს ეკონტაქტებოდა. სოციალურმა მუშაკმაც „გაიგო საკანში დაცემის ხმა, რაც ნათლად ჩანს დაწესებულების დერეფანში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერში ასახულ მის რეაქციაში“.

უწყებამ განაცხადა, რომ შეტყობინების მიღებიდან „დაახლოებით ერთ წუთში“ ადგილზე დაწესებულების სამედიცინო პერსონალი გამოცხადდა, რომელმაც ბრალდებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია. 14:36 საათზე დაწესებულებაში გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც ადგილზე 14:50 საათზე გამოცხადდა, თუმცა „მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, ბრალდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა, 15:15 საათზე დაფიქსირდა გარდაცვალება“.

„მომხდარის შესახებ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაუყოვნებლივ აცნობა იმერეთის საოლქო პროკურატურას, რის შემდეგაც ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება“, – ნათქვამია განცხადებაში. „სპეციალური პენიტენციური სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და გამოძიებას უკვე მიეწოდა საქმესთან დაკავშირებული მასალები სრულყოფილად“.

This post is also available in: English