„პირდაპირი შედეგი ექნება ევროკავშირისგან“ - კაია კალასი მომიტინგეებზე ძალადობასა და ევროინტეგრაციის შეჩერებაზე

3 weeks ago 11

ევროკავშირის ახალი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებსა და ნაბიჯებს მოჰყვება „პირდაპირი შედეგები ევროკავშირისგან“.

„ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით“, - დაწერა კალასმა სოციალურ ქსელ X-ზე პირველ დეკემბერს.

„ვგმობთ ძალადობას მომიტინგეთა წინააღმდეგ და ვწუხვართ მმართველი პარტიისგან მომავალი სიგნალების გამო, რომ ისინი აღარ გაჰყვებიან ევროკავშირისკენ საქართველოს დაწინაურების გზას და ქვეყანა დემოკრატიისგან უკან იხევს“, - განაცხადა კალასმა პირველ დეკემბერს, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის სხვა ლიდერებთან ერთად კიევში ჩავიდა.

„ამას პირდაპირი შედეგები ექნება ევროკავშირის მხრიდან“, - აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

კაია კალასი ამ პოსტზე ნოემბერში აირჩიეს. ის ახალი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა.

პოსტის დაკავების პირველივე დღეს კალასი კიევში გაემგზავრა და დაწერა, რომ ევროკავშირს ომში უკრაინის გამარჯვება სურს და ამისთვის ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.

ბოლო სამი ღამის განმავლობაში, 28 ნოემბრის საღამოდან, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დემონსტრაციები იმართება.

მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების გამო.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

სრულად წაკითხვა