პირველი არხის ჟურნალისტები თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ

3 weeks ago 12

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში აქციის მონაწილეების გამოსვლის შემდეგ სტუდიაში პირველი არხის ჟურნალისტები შევიდნენ. ისინი ამბობენ, რომ მათ მიმართ უსაფუძვლოდ შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმოდა.

"რაც დღეს ვნახეთ, იყო სრული მარაზმი", - თქვა პირველი არხის ჟურნალისტმა, მაკა ცინცაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გამართული პროტესტის შესახებ.

30 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქცია გაიმართა. აქციის დაწყებიდან მალევე, დემონსტრანტებთან ჩავიდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე.

"თქვენ რომ ჩახვედით, იყო შეურაცხმყოფელი განცხადებები მთელი პირველი არხის სტაფის მისამართით", - უთხრა მაკა ცინცაძემ თინათინ ბერძენიშვილს პირდაპირ ეთერში.

ჟურნალისტის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართული აქციის ზოგიერთ მონაწილეს მიზნად ჰქონდა მათ სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა. მაკა ცინცაძემ სახელობითად გამოყო ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე.

"კონკრეტულ სუბიექტებზე ვსაუბრობ, თუნდაც ნინია კაკაბაძეზე, მას არ აქვს გავლენა. მე მას უნდა შევუთანხმო, ვის დავპატიჟებ სტუდიაში სტუმრად?", - თქვა მან.

თავად თინათინ ბერძენიშვილის თანახმად, "საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ერთადერთი მედიასაშუალება, რომელიც იცავს ყველა სტანდარტს".

"თითოეული ჩვენგანისთვის დღევანდელი დღე არის ძალიან ემოციური", - თქვა პირველი არხის კიდევ ერთმა ჟურნალისტმა, თამთა სანიკიძემ.

"ეს ტელევიზია არაერთხელ გამხდარა თავდასხმების სამიზნე, მაგრამ ის, რაც ხდება დღეს, არის უკვე წარმოუდგენელი და თითოეული ჩვენგანის მოთმინების ზღვარს სცდება", - დასძინა მან.

თამთა სანიკიძის შეფასებით, უსაფუძვლოა კრიტიკა, რომ პირველი არხი "ქართული ოცნების" სასარგებლოდაა მიკერძოებული. მისი თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე "თანაბრად მწვავე კითხვები ისმის როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლების მისამართით".

პირველ არხზე სპეციალური პირდაპირი ეთერი დაახლოებით 20:30-იდან დაიწყო. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერი დაუთმო აქციის მონაწილეებს, წამყვანი კი გენერალური დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი იყო.

აქციის მონაწილეებთან ერთად, პირდაპირ ეთერში გამოვიდა პირველი არხის წამყვანი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. მისი თქმით, პირველი არხის სარედაქციო პოლიტიკა "ვერ პასუხობს იმ მოთხოვნას, რომელიც არის საზოგადოებაში".

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა ამის ერთ-ერთ მიზეზად სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე დაასახელა:

"საზოგადოებამ დაუშვა ის, რომ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, მას შემდეგ რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის არგუმენტით დატოვა თანამდებობა, აირჩიეს შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ. ეს ადამიანი არის ვასილ მაღლაფერიძე", - თქვა პირველი არხის ჟურნალისტმა.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ ვასილ მაღლაფერიძის, თინათინ ბერძენიშვილისა და ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელის, გიორგი გვიმრაძის გადადგომას პირველი დეკემბრის საღამოს ექვს საათამდე. ისინი ამბობენ, რომ აქციები კვლავ გაგრძელდება.

სრულად წაკითხვა