პიროტექნიკის, ნიღბებისა და ლაზერების აკრძალვა აქციებზე – პარლამენტმა ცვლილებათა პაკეტი 1-ელი მოსმენით მიიღო

1 week ago 3

88 ხმით 0-ის წინააღმდეგ – პარლამენტმა 1-ელი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც აქციებზე პიროტექნიკისა და ლაზერების გამოყენებას, ასევე სახის დაფარვასა აკრძალავს.

“ქართული ოცნება” ცვლილებათა პაკეტს დაჩქარებული წესით განიხილავს. ის გულისხმობს რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილების შეტანას, მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, პოლიციის შესახებ კანონში, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონში და ა.შ.

ცვლილებები შედის შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონშიც, რომლითაც მონაწილეებს აეკრძალებათ დემონსტრაციისას თან იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება, ცივი იარაღი, ან პიროტექნიკა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა პლენარულ სხდომაზე საკითხის წარდგენისას განაცხადა, რომ კომიტეტზე იმსჯელეს პაკეტის ამ ნაწილს დაემატოს ცვლილებები. კონკრეტულად, გარდა პიროტექნიკის, აიკრძალოს “ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების მქონე” ნივთების ტარება და სახის დაფარვა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, გარკვეული პროფესიული ჯგუფები შესაძლოა გამონაკლისად ჩაითვალოს. მაგალითად, ჟურნალისტები და ექიმები.

“თავდაპირველად, საუბარი ეხებოდა პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენების საკითხს. ჩვენ გვქონდა კომიტეტზე, მათ შორის, სახის ნიღბის, ასევე ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი ასეთი საშუალების გამოყენებას, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს როგორც ჟურნალისტების საქმიანობის განხორციელებას, ასევე დაკავშირებული იყოს ისეთ გამოყენებასთან, რაც შეკრების მიზნებს არ პასუხობდეს, პროვოკაციული ხასიათიც ჰქონდეს. ამიტომ, მიზანშეწონილი არის, რომ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს დაემატოს ჩანაწერები […]

რაც შეეხება სახის ნიღბით დაფარვის საკითხს, მოგეხსენებათ, როდესაც მოქალაქე მიდის აქციაზე, რომ მან გამოხატოს პროტესტი, მისი ინტერესიც უნდა იყოს, რომ ის ღიად და საჯაროდ გამოხატოს. როდესაც ხდება სახის დაფარვა, მით უმეტეს, მასობრივად, ამ შემთხვევაში პოტენციალი იმისა, რომ ძალადობრივი, აგრესიული მიზნები გააჩნდეს ადამიანს, ან ადამიანთა ჯგუფს, ამის რისკები მნიშვნელოვნად იზრდება […] აქვე გვქონდა საუბარი, რომ გარკვეული პროფესიული ჯგუფები, მათ შორის, ჟურნალისტები, ექიმები წარმოადგენენ გამონაკლისს, რაზეც მეორე მოსმენის ფარგლებში გვექნება საუბარი”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცვლილებათა პაკეტის ამ ნაწილის ამოქმედება 1-ელი თებერვლიდან იგეგმება, სრულად კი – 1-ელი აპრილიდან.

ფოტო: დავით მძინარაშვილი/EPA
სრულად წაკითხვა