შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ერთი პირი დააკავეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით.
შსს ამ ცნობას 3 დეკემბრის ღამე ავრცელებს. ამ ინფორმაციის თანახმად დაკავებულია 1987 წელს დაბადებული თ.ზ.
“ პირველ დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულის მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილით, სამინისტროს ბალანსზე რიცხული წყლის ჭავლის ავტომობილი დაზიანდა”, ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ცნობაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს ასევე აცხადებს რომ ამ დროისთვის 5 პირია დაკავებული, რომელთა მიმართაც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
პოლიციამ მიმდინარე აქციების დროს 200- ზე მეტი ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული წესით.