პოლონეთი უკრაინას 100 მლნ დოლარს გამოუყოფს, ზელენსკი უკრაინის "სასწრაფოდ გაძლიერებას" მოითხოვს

5 days ago 5

პოლონეთი უკრაინის დახმარების 46-ე პაკეტს ამზადებს. მისი მოცულობა 100 მილიონი ევრომდე იქნება და კიევი მას იანვარში მიიღებს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა ლვოვში, სადაც მან მოლაპარაკებები გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებებზე განიხილეს ვითარება ბრძოლის ველზე და პარტნიორებთან საკოორდინაციო სამუშაო. ასევე მან კვლავ განაცხადა, რომ აუცილებელია უკრაინის სამხედროების დახმარება, რომლებიც ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე ებრძვიან რუსეთის ჯარებს.

ზელენსკის სიტყვებით, მიმდინარე კვირაში ბრიუსელში გაიმართება შეხვედრა, რომლის მონაწილეები ითათბირებენ იმის შესახებ, თუ „როგორ გაძლიერდეს უკრაინა სწრაფად“.

„მთავარი, რაც ახლა გვჭირდება, არის უკრაინის სასწრაფოდ გაძლიერება ბრძოლის ველზეც, პოლიტიკურადაც და გეოპოლიტიკურადაც. როგორ გვქონდეს ამ გაძლიერებაზე ერთნაირი ხედვა ყველა ლიდერთან ერთად, პირველ რიგში ევროპის ლიდერებთან [ერთად],“ თქვა ზელენსკიმ.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ბრიუსელის მოლაპარაკებების ფარგლებში, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება, ზელენსკის დაგეგმილი აქვს შეხვედრები დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთისა და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების ლიდერებთან. ასევე დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან, მარკ რიუტესთან.

სრულად წაკითხვა