პრეზიდენტი აკრიტიკებს „ოცნების“ ინიციატივებს აქციაზე ნიღბების აკრძალვასა და საჯარო სამსახურებში რეოგრანიზაციაზე

1 week ago 3

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ახალ ინიციატივებს - საჯარო სამსახურებში რეოგრანიზაციის გამარტივებასა და აქციებზე დემონსტრანტებისათვის ნიღბების აკრძალვას.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ აღწერს სიტყვათშეთანხმება „რუსული რეჟიმი“ და მიმდინარე მოვლენები აჩვენებს, რომ „გადავედით რეჟიმში, რომელიც აწარმოებს ნამდვილ ტერორს მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტზე და არ ერიდება, წამებაც გამოიყენოს“.

„რეჟიმი არ კმაყოფილდება და ახალ კანონებს ამზადებს. ერთი მხრივ, ამზადებს კანონს, რომელიც ინიციირებულია ნიღბების ტარების აკრძალვა, - მაგრამ მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, რომ ჯანმრთელობა ვერ დაიცვან, - სამაგიეროდ, არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ თავიანთ „ტიტუშკებს“ არ ჰქონდეთ ნიღბები ან გაუჩნდეთ ვადლებულება, ატარონ საიდენტიფიკაციო ნიშნები“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 10 დეკემბერს.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა ახალ ინიციატივაზე, რომლითაც საჯარო სექტორში რეოგრანიზაცია მარტივდება. მისი თქმით, ამ ცვლილების მიზანია, „შეძლონ ადამიანების დატერორება, გაშვება სამსახურიდან, - რათა ხვალ-ზეგ მარტივად გაუშვან სამსახურიდან ადამიანები, ვინც აპროტესტებენ [მიმდინარე მოვლენებს] მშვიდობიანად და ზოგჯერ აქციაზეც არ არიან ნამყოფები“.

პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში სიახლე, როდესაც საჯარო სექტორი „ხმას იღებს და იმის ნიშანია, რომ სამოქალაქო საზოგადოება იზრდება და ბევრად შეგნებულია, ვიდრე ახლო წარსულში“. თუმცა, მისი თქმით, „ამან გამოიწვია დაშინება, მუქარა“, და გამოყო თბილისის მერი კახა კალაძე, - „მაგრამ არამხოლოდ ის“.

კალაძემ 1 დეკემბერს თბილისის მერიის 300-მდე თანამშრომლის განცხადებაზე, - რითაც ისინი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას დაემიჯნნენ - თქვა, რომ წინა კვირას მერიაში რეორგანიზაცია გამოცხადდა, ეს განცხადება კი „კარგი თვითლუსტრაციაა“.

„ის [კალაძე] არ იქნება ერთადერთი, რომლიც ასე ემუქრება მოქალაქეებს, რომლებმაც გაბედეს და პროტესტს მოაწერეს ხელი. ეს ხომ ყველაზე ნათელი ნიშანია იმისა, რომ გამოთქმის თავისუფლებაც იწურება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აქციაზე დემონსტრანტებს ნიღბების ტარება და სახის დამალვა ეკრძალებათ, რეგულაციები წესდება პიროტექნიკის გამოყენებაზე, საჯარო სამსახურებს უფრო მარტივად შეეძლებათ „რეორგანიზაცია“ - შესაბამისად, ადამიანთა გათავისუფლება. პოლიციელად მუშაობის დაწყება კი უფრო მარტივდება, ვიდრე აქამდე.

12-დღიანი საპროტესტო დემონსტრაციების, საჯარო სექტორში ასობით დასაქმებულის პროტესტისა და, ასევე, პოლიციელთა რიგებში წინა წლებში კლებისა და მიმდინარე აქციებით სავარაუდო გადატვირთულობის ფონზე, „ქართული ოცნება“ დეკემბრიდან არაერთ საკანონმდებლო ცვლილებას გეგმავს.

ადამიანის უფლებათა დამცველები ამბობენ, რომ ეს ინიციატივები ადამიანის უფლებების დათრგუნვისკენაა მიმართული და „ქართული ოცნება“ ეცდება, ეს ინსტრუმენტები გამოიყენოს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის გზაზე.

სრულად წაკითხვა