პრეზიდენტი „ოცნების“ ინიციატივებს აქციაზე ნიღბების აკრძალვასა და საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციაზე, აკრიტიკებს

1 week ago 6

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ახალ ინიციატივებს, რომლებიც საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციის გამარტივებასა და აქციებზე დემონსტრანტებისათვის ნიღბების აკრძალვას გულისხმობს.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ აღწერს სიტყვათშეთანხმება „რუსული რეჟიმი“ და მიმდინარე მოვლენები აჩვენებს, რომ „გადავედით რეჟიმში, რომელიც აწარმოებს ნამდვილ ტერორს მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტზე და არ ერიდება, წამებაც გამოიყენოს“.

„რეჟიმი არ კმაყოფილდება და ახალ კანონებს ამზადებს. ერთი მხრივ, ამზადებს კანონს, რომლითაც ინიცირებულია ნიღბების ტარების აკრძალვა, - მაგრამ მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, რომ ჯანმრთელობა ვერ დაიცვან, - სამაგიეროდ, არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ თავიანთ „ტიტუშკებს“ არ ჰქონდეთ ნიღბები, ან გაუჩნდეთ ვალდებულება, ატარონ საიდენტიფიკაციო ნიშნები“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 10 დეკემბერს.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა ახალ ინიციატივაზე, რომლითაც საჯარო სექტორში რეორგანიზაცია მარტივდება. მისი თქმით, ამ ცვლილების მიზანია, „შეძლონ ადამიანების დატერორება, გაშვება სამსახურიდან, - რათა ხვალ-ზეგ მარტივად გაუშვან სამსახურიდან ადამიანები, ვინც აპროტესტებენ [მიმდინარე მოვლენებს] მშვიდობიანად და ზოგჯერ აქციაზეც არ არიან ნამყოფები“.

პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში სიახლე, როდესაც საჯარო სექტორი „ხმას იღებს და იმის ნიშანია, რომ სამოქალაქო საზოგადოება იზრდება და ბევრად შეგნებულია, ვიდრე ახლო წარსულში“. თუმცა, მისი თქმით, „ამან გამოიწვია დაშინება, მუქარა“. სალომე ზურაბიშვილმა გამოყო თბილისის მერი კახა კალაძე, - „მაგრამ არა მხოლოდ ის“.

კალაძემ 1 დეკემბერს თბილისის მერიის 300-მდე თანამშრომლის იმ განცხადებაზე, რომლითაც ისინი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას გაემიჯნნენ, თქვა, რომ წინა კვირას მერიაში რეორგანიზაცია გამოცხადდა, ეს განცხადება კი „კარგი თვითლუსტრაციაა“.

„ის [კალაძე] არ იქნება ერთადერთი, რომელიც ასე ემუქრება მოქალაქეებს, რომლებმაც გაბედეს და პროტესტს მოაწერეს ხელი. ეს ხომ ყველაზე ნათელი ნიშანია იმისა, რომ გამოთქმის თავისუფლებაც იწურება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დაგეგმილი რეგულაციებით, აქციაზე დემონსტრანტებს ნიღბების ტარება და სახის დამალვა ეკრძალებათ, რეგულაციები წესდება პიროტექნიკის გამოყენებაზე, საჯარო სამსახურებს უფრო მარტივად შეეძლებათ „რეორგანიზაცია“ - შესაბამისად, ადამიანთა გათავისუფლება. პოლიციელად მუშაობის დაწყება კი უფრო მარტივდება, ვიდრე აქამდე.

12-დღიანი საპროტესტო დემონსტრაციების, საჯარო სექტორში ასობით დასაქმებულის პროტესტისა და ასევე პოლიციელთა რიგებში წინა წლებში კლებისა და მიმდინარე აქციებით სავარაუდო გადატვირთულობის ფონზე, „ქართული ოცნება“ დეკემბრიდან არაერთ საკანონმდებლო ცვლილებას გეგმავს.

ადამიანის უფლებათა დამცველები ამბობენ, რომ ეს ინიციატივები ადამიანის უფლებების დათრგუნვისკენაა მიმართული და „ქართული ოცნება“ ეცდება, ეს ინსტრუმენტები გამოიყენოს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის გზაზე.

სრულად წაკითხვა