საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აკრიტიკებს ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის გამო.
სალომე ზურაბიშვილი X-ზე აზიარებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ელჩმა უმასპინძლა საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან ერთად.
„რაც არ არის ნათქვამი, ისაა, რომ მე დავიწყე შეხვედრა ენერგიული პროტესტით ევროკავშირის ელჩისა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის [მაკა ბოჭორიშვილი] აღმაშფოთებელი ხელის ჩამორთმევის გამო… ჩემი შექება ამას არ ანაზღაურებს!“ — მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს.
მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არის და აშშ და ევროკავშირი სანქციებს აანონსებენ, 9 დეკემბერს პაველ ჰერჩინსკიმ შეხვედრა გამართა მაკა ბოჭორიშვილთან. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ევროკავშირის წარმომადგენლობამ განმარტა, რომ „ევროკავშირის ელჩი გამოძახებული იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში 9 დეკემბერს და მან წარადგინა ევროკავშირის პოზიცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“.
მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის გამო პაველ ჰერჩინკი შეაქო „ქართულმა ოცნებამ“ და გააკრიტიკეს რიგმა ევროპელმა პოლიტიკოსებმა.
„სირცხვილია“ — რატომ აკრიტიკებენ ევროპელი პოლიტიკოსები ჰერჩინსკის