პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) და მედიის უფლებადამცველი 12 ორგანიზაცია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ამაღლობელი და დაასრულოს მედიის მიმართ უპრეცედენტო ზეწოლა. ამასთან, მოვითხოვთ მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის საფუძვლიან გამოძიებას“, — ნათქვამია განცხადებაში.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს და მხოლოდ წყალს იღებს.
მზია ამაღლობელის ადვოკატების ცნობით, მეორე დაკავების შემდეგ, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე, არ აძლევდა მას წყალსა და საპირფარეშოზე წვდომას. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მზია ამაღლობელის ბრალდებებთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება სამართალდამცველის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.
პრესის თავისუფლების პარტნიორების განცხადებას ხელს აწერენ:
- საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI)
- პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF)
- ჟურნალისტთა ევროპული ფედერაცია (EFJ)
- ბალკანეთის, კავკასიისა და ტრანსევროპის ობსერვატორია (OBCT)
- თავისუფალი პრესა შეუზღუდავად (FPU)
- ჟურნალისტთა სამართლიანობის ფონდი (JFJ)
- IMS (საერთაშორისო მედია მხარდაჭერა)
- მედიის მრავალფეროვნების ინსტიტუტი (MDI)
- მედიის მრავალფეროვნების ინსტიტუტი დასავლეთ ბალკანეთში (MDI WB)
- PEN International
- სამოქალაქო უფლებათა დამცველები (CRD)
- კეთი კიელი, ლი ჰილსის თავისუფალი პრესის კვლევების კათედრა, მისურის ჟურნალისტიკის სკოლა
- ჟურნალისტთა საზოგადოება (ვარშავა)