პროევროპულ აქციაზე დაკავებული მსახიობი გიორგი ნაკაშიძე 2000 ლარით დააჯარიმეს

1 week ago 4

მსახიობი გიორგი ნაკაშიძე მოსამართლე ნინო ენუქიძემ 2000 ლარით დააჯარიმა. ის ერთ-ერთია იმ 400-ზე მეტი ადამიანიდან, რომლებიც ბოლო 16 დღის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პროევროპულ აქციებზე დააკავეს.

გიორგი ნაკაშიძის საქმის განხილვის დროს თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა რეჟისორი ქეთი დოლიძე, რომელიც წლებია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.

ნაკაშიძე პოლიციამ 3 დეკემბერს დააკავა წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობისთვის. მისი სიტყვებით, დაკავების შემდეგ მასზე ფიზიკურად იძალადეს:

„მე წინააღმდეგობაც არ გამიწევია, ისე დამაკავეს. ადამიანის მოსაძებნად ვიყავი შესული, წამებში მოხდა, უცებ ჩამავლეს ხელი და შემათრიეს, მერე ფიზიკურად გაგვისწორდნენ და შემდეგ პოლიციას, პატრულს გადაგვცეს. იქ უკვე ნორმალურად გვექცეოდნენ“.

მეთექვსმეტე დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.

დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.

სრულად წაკითხვა