პროევროპულ აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია კლინიკიდან გაწერეს

1 day ago 3

პროევროპულ აქციაზე დაშავებული 21 წლის ალექსი თირქია კლინიკიდან გამოწერეს. მისმა ბიძამ, იოსებ ჩანადირმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება.

ალექსი თირქიამ კლინიკა გუშინ, 19 დეკემბერს დატოვა. ის მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში სახლში განაგრძობს მკურნალობას, შემდეგ კი დამატებითი კვლევები ჩაუტარდება.

„თვალი აქვს საოპერაციო და შუბლზე აკლია ძვლის ფრაგმენტი, საკმაოდ დიდი, რაც მოხვედრილმა საგანმა შეუმტვრია და თვალს ვერ ახელს. დიდი ალბათობით დაზიანებული აქვს სამწვერა ნერვი, რომელიც პასუხს აგებს თვალის დახურვა-გაღებაზე.

მხედველობა აქვს, ოღონდ დაქვეითებული, შეიძლება აღდგეს თუმცა თვალს ახლა საერთოდ ვერ ახელს. გადაადგილება და საუბარი არ უჭირს“, - ამბობს ალექსის ბიძა.

3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავებულ 21 წლის ალექსი თირქიას, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსული მოხვდა. მომხდარს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს და ამის შემდეგ დაზუსტდება, იყო თუ არა თირქიას დაზიანების მიზეზი ნამდვილად ე.წ. გაზის კაფსული.

იოსებ ჩანადირის ინფორმაციით, მისი კლინიკაში მკურნალობის ხარჯები სახელმწიფომ დაფარა და ოჯახმა მიიღო პირობა, რომ რეაბილიტაციის თანხებსაც სახელმწიფო გადაიხდის.

სრულად წაკითხვა