პროევროპულ აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს

5 days ago 6

3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში პროევროპულ აქციაზე დაშავებული 21 წლის ალექსი თირქიას მდგომარეობა გაუმჯობესდა. ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციული განყოფილებიდან პალატარში გადაიყვანეს.

„მკვეთრი გაუმჯობესებაა ყველა პარამეტრის, მათ შორის, მხედველობისაც... ყველა პარამეტრი სტაბილურია, თუმცა მისი მდგომარეობა საყურადღებო გახლავთ. ამ ეტაპისთვის მისი დაყოვნება რეანიმაციულ დეპარტამენტში აღარ არის საჭირო... პაციენტის ყველა ქცევა, მოქმედება გახლავთ ცნობიერი“, - უთხრა საზოგადოებრივ მაუწყებელს ინგოროყვას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა კახაბერ ჭელიძემ.

ექიმებმა 21 წლის ალექსი უკვე გადაიყვანეს პალატაში.

„დღეს შუა დღეს გადაიყვანეს პალატაში. დაიწყო მისი რეაბილიტაცია, თუმცა თვალის მდგომარეობა ისევ მძიმეა. მშობლები შედიან მის სანახავად, ჭამს, აქვს კომუნიკაცია. გაჭირვებით გაიარა.

აქვს მეხსიერებაში უმნიშვნელო ჩავარდნები - გვაიმედებენ, რომ დროის საკითხია. მოსალოდნელიც იყო ასეთი ტრავმის შემდეგ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მისმა ბიძამ იოსებ ჩანადირმა.

3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავებულ 21 წლის ალექსი თირქიას, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსული აქვს მოხვედრილი. მომხდარს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს და ამის შემდეგ დაზუსტდება, იყო თუ არა თირქიას დაზიანების მიზეზი ნამდვილად ე.წ. გაზის კაფსული.

თბილისსა და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

დღეს, 17 დეკემბერს, პროტესტის მე-20 დღეა. ამ დროის განმავლობაში დაკავებულია 400-ზე მეტი დემონსტრანტი, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით. პოლიციამ იძალადა აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე, შსს-ში კი ამბობენ, რომ დაშავდნენ მათი თანამშრომლებიც.

მოქალაქეები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე არ იქნება ინიციატორი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის.

სრულად წაკითხვა