საქართველოს პროკურატურამ გერმანიისა და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს საქართველოში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაუსწრებლად გასამართლებული ყოფილი მთავარი პროკურორისა და იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით მიმართა. ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ პროკურატურამ დაუდასტურა, რომლის თქმითაც, „საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფლისა”.
ცოტა ხნის წინ, ზურაბ ადეიშვილი უკრაინის დელეგაციების ფარგლებში ბრიუსელსა და ბერლინს სტუმრობდა, რასაც „ქართული ოცნებისა“ და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინის, გერმანიისა და ევროკავშირის მწვავე კრიტიკა მოყვა.
- 08/03/2024 – გერმანიის საელჩო და ევროკავშირი ბერლინსა და ბრიუსელში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტზე „ოცნების“ კრიტიკას ეხმიანებიან
საქართველოს მთავრობამ 11 მარტს ორი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გმობს ადეიშვილის ვიზიტებს ბრიუსელსა და ბერლინში უკრაინის ოფიციალური დელეგაციების შემადგენლობაში. ერთი განცხადება უკრაინის ხელისუფლების მისამართით გაკეთდა, მეორე კი თბილისში გერმანიის საელჩოსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ იგივე საკითხზე მანამდე გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.
გერმანიის საელჩომ ადეიშვილის ვიზიტის აკრძალვის სამართლებრივი საფუძვლის ნაკლებობაზე, ხოლო ევროკავშირმა ვიზიტის გარშემო არსებულ დეზინფორმაციაზე გაამახვილა ყურადღება.
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის ერთ-ერთმა გავლენიანმა პირმა, ზურაბ ადეიშვილმა ქვეყანა 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დატოვა და იგი ამ დრომდე უცხოეთში ცხოვრობს. საქართველოს პროკურატურას 2013 წლიდან ზურაბ ადეიშვილზე, არაერთი ბრალდებით, ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა მის ექსტრადირებას ვერ მიაღწია. 2015 წელს ინტერპოლმა ადეიშვილის წითელი ცილკულარით საერთაშორისო ძებნა, მისი გამოცემიდან ორი წლის თავზე შეწყვიტა. უკრაინის მაიდნის შემდეგ, ადეიშვილი, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში გადასახლდა, სადაც იგი ამჟამად უკრაინის ხელისუფლებისთვის მუშაობს.
This post is also available in: English (ინგლისური)