პროკურატურამ პოლიციელებზე თავდასხმისა და ქონების დაზიანების ბრალდებით სამ პირს ბრალი წარუდგინა

2 weeks ago 9
ფოტო: საქართველოს პროკურატურა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 3 დეკემბერს პარლამენტთან 29 ნოემბერსა და 1 დეკემბერს გამართული აქციების დროს პოლიციელებზე თავდასხმისა და ქონების დაზიანების ფაქტზე სამ პირს ბრალი წარუდგინა.  

პროკურატურის ინფორმაციით, აქციაზე ერთ-ერთმა დაკავებულმა პიროტექნიკა ესროლა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს. შედეგად, ერთ-ერთმა მათგანმა ფეხის არეში დაზიანება მიიღო დამწვრობის სახით. მეორე პირმა ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ფასადზე დამონტაჟებულ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე არსებულ სამეთვალყურეო სისტემას. რაც შეეხება კიდევ ერთ პირს, პროკურატურის თქმით, მან 1 დეკემბერს, საპროტესტო აქციის მიმდინარეობის დროს, ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ერთ-ერთ ოთახს, რა დროსაც დაზიანდა და განადგურდა ოთახში არსებული ნივთები.  

სამივე მათგანი 1 დეკემბერს დააკავეს. ერთ მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორ ბრალდებულს 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურის თქმით, სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა