პროკურატურა ამბობს, რომ არჩევნების გაყალბება ვერ დაადგინა

6 hours ago 2

საქართველოს პროკურატურამ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე მიმდინარე გამოძიების ამ ეტაპზე არსებული შედეგები წარმოადგინა.

პროკურატურის თანახმად, ამ ეტაპზე უკვე ჩატარებულია რვაასამდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით.

„პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ასევე სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების და გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო მასიური გაყალბება გამოიწვია, ერთი ამომრჩევლის მიერ ერთი და იმავე ან სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის არაერთჯერადმა მიცემამ, რასაც საარჩევნო უბნებზე უხარისხო მარკირების სითხის გამოყენებამ შეუწყო ხელი. ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებული ვერიფიკაციის აპარატებით შეუძლებელია ერთი და იგივე პირის მიერ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა. ჩატარებული ექსპერიმენტით, ასევე გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ ერთი და იგივე საარჩევნო უბანზე ხმის განმეორებით ან/და მრავალჯერადად მიცემის შესაძლებლობა“, — აცხადებს პროკურატურა.

გამოძიების თანახმად, ექსპერიმენტის ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ ვერიფიკაციის აპარატში ერთი რომელიმე საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიის გააქტიურების შემთხვევაში, იმავე აპარატში სხვა უბნის მონაცემების გააქტიურება შეუძლებელია.

„აქედან გამომდინარე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების შედეგებით და მასში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტების გამოკითხვით გამორიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ როგორც სხვადასხვა, ასევე ერთსა და იმავე საარჩევნო უბანზე განმეორებითი თუ მრავალჯერადი ხმის მიცემის თეორიული შესაძლებლობა.მოცემული ფაქტი ასევე დადასტურებულია ცესკო-დან გამოთხოვილი საერთაშორისო აუდიტორული დასკვნებითაც.
მიუხედავად საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგებისა, გამოძიების მიერ დამატებით დაინიშნა კომპლექსური კომპიუტერული ექსპერტიზა, რათა საექსპერტო კვლევების შედეგად დადგინდეს ამომრჩეველთა ორმაგი ან/და არაერთჯერად ვერიფიკაციის შესაძლებლობა. ექსპერტიზის შესწავლის საგანს ასევე წარმოადგენს ის გარემოება, არჩევნების დასრულების მომენტიდან ექსპერტიზის წინაშე გამოძიების მიერ ინფორმაციის წარდგენამდე ხომ არ განხორციელდა რამე სახის ხელოვნური ჩარევა ვერიფიკაციის აპარატებში დაცულ ინფორმაციაზე“, — აცხადებს პროკურატურა.

გამოძიების მსვლელობისას ასევე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებულ მარკირების სითხის ვარგისობისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

პროკურატურა აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბებაზე განცხადებების ავტორების დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე და სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა, ნაწილმა კი საერთოდ უარი განაცხადა თანამშრომლობაზე.

„სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა. ისინი აპელირებდნენ მასმედიაში გაჟღერებულ ფაქტებზე, ხოლო ცალკეულმა მოწმეებმა გამოძიებას განუცხადეს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზე ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას და არ შეიცავდა რეალურ ფაქტებზე დამყარებულ ინფორმაციას.მიუხედავად ამისა, გამოძიების მიერ გამოიკითხა იმ პირთა უმრავლესობა, ვინც დასახელდა რაიმე სახის ქმედებაში მონაწილედ და ფაქტების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით ჩატარდა სათანადო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები“, — აცხადებს პროკურატურა და დასძენს, რომ აგრძელებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.

სრულად წაკითხვა