„პროტესტი კონსტიტუციურ ჩარჩოებშია“ - სალომე ზურაბიშვილი შემდგომ ნაბიჯებზე ლაპარაკობს

3 weeks ago 17

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შედგა ეროვნული თანხმობა, რაც, პირველ რიგში არის ნიშანი იმისა, რომ „ჩვენ არ მივდივართ რუსეთისკენ და მივდივართ ევროპისკენ“, რაც მისი სიტყვებით, იყო კიდეც ყველას გაცხადებული მიზანი და თუ ვინმემ ამ მიზანს არ გადაუხვია, ეს სწორედ საზოგადოება იყო.

პრეზიდენტი ამბობს, რომ დღეს ქუჩაში მიმდინარე სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს იმ ფორმით, როგორც არისმ თავისუფალი და სპონტანური, რომ მას არ სჭირდება პოლიტიკური ჩარევა, მაგრამ სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა, რაც გულისხმობს აქციებზე დაკავებული ადამიანების სამართლებრივ დაცვას და ასევე, სამომავლოდ, საზოგადოებრივი ფონდის შექმნას, რომლის დახმარებითაც დაიფარება დემონსტრანტების ჯარიმები.

პრეზიდენტი ამბობს, რომ მის პირდაპირი მოვალეობაა ასევე ის, რომ ისმოდეს საერთაშორისო პარტნიორებისგან განცხადებები ძალადობის წინააღმდეგ.

ჩვენ ასევე უნდა დავიცვათ ისინი პროვოკაციებისგან“, - პრეზიდენტი ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს სიფრთხილისკენ და ამბობს, რომ მათ შორის, შესაძლოა, იყვნენ სუს-ის წარმომადგენლებიც. პრეზიდენტმა თქვა, რომ ტყუილია გავრცელებული ხმები იმის შესახებ, თითქოს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროები ემზადებიან ამ პროცესში ჩართვისთვის:

„ესეც არის ამ პროტესტის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია“.

რაც შეეხება ერთობლივ გეგმას, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახლა ყველას ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოსკენ, რომელიც, ამ დრომდე არ ნიშნავს სხდომას პრეზიდენტის სარჩელის განსახილველად.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლის თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები უნდა გაბათილდეს. სასამართლოს სარჩელის განსახილველად 30-დღიანი ვადა აქვს.

„ყველას ძალისხმევა უნდა მივმართოთ იქით, რომ დაინიშნოს სხდომა - სარჩელის პოზიტიურად გადაწყვეტა დაგვაბრუნებს კონსტიტუციის ჩარჩოებში“. - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი და შენიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს და მის მოსამართლეებს ხელში აქვთ უზარმაზარი, უნიკალური საშუალება, რომ გადაწყვიტონ ქვეყანაში არსებული „ძალიან ღრმა კრიზისი“.

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მთავარ მოთხოვნად და მიზნად რჩება ხელახალი არჩევნების ჩატარება და მისი სიტყვებით, მხოლოდ ეს გაიყვანს ქვეყანას სამშვიდობოს.

სალომე ზურაბიშვილი ასევე გამოეხმაურა პრემიერ მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს და თქვა, რომ მათი განცხადებები მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ მმართველი პარტია დაბნეულია.

ბოლოს კი, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართა, რომ ის მზადაა მათ მისცეს ინტერვიუ, რაზეც არხის პასუხი იყო, რომ ისინი მზად არიან დღესვე მიიღონ სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში და დავუთმოთ მას ეთერი.

სრულად წაკითხვა