პროცესი - რა ხდებოდა 11 დაკავებულის სასამართლო სხდომაზე?

6 hours ago 4

10 იანვარს დილის 10 საათისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოს პარკინგი პოლიციის შკოდებით გადაივსო. რამდენიმე წუთში დაკავების მანქანაც მოვიდა. ცხადი იყო, რომ ეს დღე ემოციების, ბრაზისა და დაძაბულობის გარეშე ვერ ჩაივლიდა.

აქედან 9 საათში, ხანგრძლივი განხილვის შემდეგ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვებს აქციებზე დაკავებულ 11 მომიტინგეს.

ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკსა და ირაკლი ქერაშვილს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე

„ტაქსმა დიდუბიდან სასამართლომდე 15 ლარი მომთხოვა, ვის აბითურებ-მეთქი გავბრაზდი“, - ასე დაიწყო ამბის მოყოლა ერთ-ერთი დაკავებულის 26 წლის რევაზ კიკნაძის მამამ, ილია კიკნაძემ. მისი სათქმელი ცოლმა, მაია ლეკიშვილმა გააგრძელა:

„და ახლა ვინც მოგვიყვანა, როცა გაიგო, რომ რეზოს მშობლები ვიყავით, ფული არ გამოგვართვა, ასე მაინც დავდგე თქვენს გვერდითო, წარმოგიდგენიათ?“, - ორივე თბილისში რუსთავიდან ჩამოვიდა. არ იციან, რატომ, მაგრამ იმედი აქვთ, იქნებ მათი შვილი დღეს გათავისუფლდეს.

იმედით არიან სხვა მშობლებიც, ზოგის იმედი მცირეა, ზოგის უფრო დიდი, ზოგისთვის პარადოქსულია ერთი მხრივ ამტკიცონ, რომ მათი შვილები უსამართლოდ ისჯებიან, მეორე მხრივ კი სასამართლოს იმედი ჰქონდეთ. თუმცა მაინც - „ერთი პროცენტი ხომ მაინცაა ალბათობა, რომ გამოუშვან?“, - გვეკითხებიან რეზო კიკნაძის მშობლები საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილ ჟურნალისტებს.

აქ, პროცესის პარალელურად საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. დაკავებულების ახლობლები და მხარდამჭერები უკვე იკრიბებიან.

ხალხმრავლობაა სასამართლოს დერეფანში. დღეს მხოლოდ ერთი პროცესი იმართება. უქმე დღეების გამო მოსამართლეების უმრავლესობა ისვენებს. სასამართლოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მესამე დარბაზის კარი გააღეს და მასთან მისასველი წითელი ლენტით გადაკეტეს, რაც ნიშნავს, რომ ამ დარბაზშია სხდომის ჩატარება დაგეგმილი. საქმეს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე განიხილავს.

სხდომაზე დასწრების მსურველებმა რიგი დაიკავეს. განხილვა 11-ის ნახევარზეა დაგეგმილი. პირველები სხდომათა დარბაზში მხარეები შედიან - ადვოკატები და პროკურორები. დამსწრეთა რიგში, ოჯახის წევრების გარდა, მსახიობები და სახელოვნებოს სფეროს სხვა წარმომადგენლები დგანან - ბრალდებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის მეგობრები.

გიორგი ტერიშვილის ოჯახის წევრები( ცოლი და დედა) სხდომის დაწყების წინ, რიგში

გიორგი ტერიშვილის ოჯახის წევრები( ცოლი და დედა) სხდომის დაწყების წინ, რიგში

„მხოლოდ 30 ადამიანის ადგილი დარჩა, ამიტომ მხოლოდ ოჯახის წევრებს შევიყვანთ“, - თქვა დარბაზიდან გამოსულმა სასამართლოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა.

მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატებმა მოსამართლეს დარბაზის შეცვლა სხდომის დაწყებამდე სთხოვეს, ქეთევან ჯაჭვაძემ თხოვნა არ შეასრულა. არადა საქალაქო სასამართლოში ყველაზე დიდი, პირველი დარბაზი, 150-კაცს იტევს. მოსამართლისა და დაცვის სამსახურის მტკიცებით, ამ დარბაზში ტექნიკური პრობლემის გამო ვერ გადავლენ. რა იგულისხმა სასამართლომ ტექნიკურ პრობლემაში არც ახლა და არც შემდეგ არავის განუმარტავს.

რიგი სხდომათა დარბაზთან, სადაც პროცესი უნდა დაიწყოს

რიგი სხდომათა დარბაზთან, სადაც პროცესი უნდა დაიწყოს

„გახსენით პირველი დარბაზი“, - ამ მოწოდებას მალევე აჰყვნენ შენობაში შეკრებილი მხარდამჭერები. მოთხოვნა მცირეხნიან საპროტესტო აქციად გადაიქცა. პროცესი მაინც მესამე დარბაზში დაიწყო.

დარბაზიდან დარბაზში

მესამე დარბაზში ერთ სკამზე ორი ადამიანი ზის, რათა სხდომაზე დასწრება ბევრმა ადამიანმა მოახერხოს. დაკავებულების ნაწილის ოჯახის წევრები დარბაზის გარეთ დარჩნენ. ადვოკატებიც ვერ ეტევიან, მათი რაოდენობა 14-ია, საკმარისი ადგილების არქონის გამო, დაცვამ მაგიდა და სკამები ჩაამატა.

ადვოკატები სასამართლო პროცესზე

ადვოკატები სასამართლო პროცესზე

იქამდე, სანამ მოსამართლე სხდომას გახსნის, დაკავებულების მშობლები ერთმანეთს ეცნობიან:

„მე ლუკა ჯაბუას დედა ვარ”, „ეს ტერაშვილის ოჯახია“, „ანდრო ჭიჭინაძის მამა მეორე მხარეს ზის“, „ონისე ცხადაძის ძმა მოვიდა“ - ისმის დარბაზში.

დკავებულების პირველი შეხვედრა სასამართლო დარბაზში ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და მხარდამჭერებთან

დკავებულების პირველი შეხვედრა სასამართლო დარბაზში ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და მხარდამჭერებთან

პროცესი ერთი საათის დაგვიანებით იწყება. მოსამართლის შემოსვლისთანავე დარბაზში ბადრაგებს დაკავებულებიც შემოჰყავს. ეს სცენა ჟესტებისაა. პატიმრები და ოჯახის წევრები ერთმანეთს ხელებით, თვალებით, სახის გამომეტყველებით ესაუბრებიან - ხელს უქნევენ, მუშტს უჩვენებენ იმის ნიშნად, რომ მხნედ არიან და თითებით შეკრული გულით სიყვარულს გამოხატავენ.

„ვაიმე ლუკა რა სხვანაირი ხარ, ბავშვი შეგიშვით და კაცი გამხდარხარ”, - ამბობს 20 წლის დაკავებულის ლუკა ჯაბუას დედა, ქეთევან ზარქუა. ლუკა ჯაბუა დარბაზში მსხდომ 11 ბრალდებულთაგან ყველაზე პატარაა.

მარცხინად მარჯვნივ, რევაზ კიკნაძე და ლუკა ჯაბუა

მარცხინად მარჯვნივ, რევაზ კიკნაძე და ლუკა ჯაბუა

სხდომის დაწყებამდე მოსამართლის უარის მიუხედავად, ადვოკატები დარბაზის შეცვლის შუამდგომლობას კვლავ აყენებენ.

„ჩემი აზრით, ამ საქმეზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და სამწუხაროდ არა სასამართლო შენობაში, და რადგან ამ დადგმაში ვმონაწილეობ, იქნებ მივცეთ შესაძლებლობა აუდიტორიას დაესწროს ამ სცენას“, - თქვა ონისე ცხადაძის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

მოსამართლე ჯერ ამტკიცებდა, რომ დიდი დარბაზი ერთი მხრივ ტექნიკურად გაუმართავი იყო, მეორე მხრივ კი დაკავებულების უსაფრთხოების დარღვევის რისკი არსებობდა. ამის მიუხედავად გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე წუთი ითხოვა, რომლის ამოწურვის შემდეგაც დარბაზის შეცვლა გადაწყვიტა.

მოსამართლემ განმარტა, რომ მის მიერ თავდაპირველად შერჩეულ სხდომათა დარბაზში ბრალდებულსა და ადვოკატს შორის ადეკვატური, ფარული, დროული კომუნიკაცია იყო უზრუნველყოფილი, არ ირღვეოდა თანასწორობისა და საჯაროობის პრინციპი, მაგრამ ადვოკატების მოთხოვნა მაინც გაითვალისწინა და პროცესი პირველ დარბაზში გადაიტანა.

რატომ მსჯელობენ აღკვეთის ღონისძიებაზე მეორედ, მათ ხომ უკვე შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა?

აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობისას სასამართლო არ განიხილავს ბრალდებულები ნამდვილად დამნაშავეები არიან თუ არა. ეს სასამართლოში სხვა ეტაპია და არსებითი განხილვა ჰქვია. ამ ეტაპამდე ბრალდების მხარეს ეძლევა გონივრული ვადა გამოძიების ჩასატარებლად და მტკიცებულებების მოსაპოვებლად. სასამართლომ ამ პროცესის შეუფერხებლად წარმართვა უნდა უზრუნველყოს, ამისთვის კი აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობის საჭიროება დგება.

აღკვეთის ღონისძიების მიზანია ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოს; აღიკვეთოს ბრალდებულის შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა.

აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული:

  • მიიმალება;
  • არ გამოცხადდება სასამართლოში;
  • გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას;
  • ჩაიდენს ახალ დანაშაულს.

პროკურატურის ვალდებულებაა ამტკიცოს, რომ ბრალდებულის შემთხვევაში ეს რისკები გარდაუვალია. ამისთვის კი მტკიცებულებები, არგუმენტები და დასაბუთებაა საჭირო.

11-ვე დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით 2024 წლის დეკემბერში, დაკავებიდან 48 საათში შეუფარდა. საქმეების არსებითი განხილვა იანვარში უნდა დაწყებულიყო. თუმცა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ გამოძიების ვადის ორი თვით გახანგრძლივება მოითხოვა, არგუმენტით, რომ მტკიცებულებების შესაგროვებლად დრო არ ეყოთ.

მოსამართლემ მოთხოვნა დააკმაყოფილა, რაც აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საფუძველი გახდა. დაკავებულების ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ პროკურატურა გამოძიების გახანგრძლივების საჭიროებას ვერ ასაბუთებს, რადგან ამ უწყებისთვის უკვე მიცემული ორი თვეც ეფექტურად ვერ გამოიყენა.

ვაჟა თოდუა, პროკურორი

ვაჟა თოდუა, პროკურორი

პროკურორებმა თქვეს, რომ მათ სჭირდებათ მეტი დრო, რათა გამოკითხონ 154 პოლიციელი და ჩაატარონ დაზიანებული საპოლიციო ტექნიკის ექსპერტიზა.

ვის გამოკითხვას აპირებს ბრალდების მხარე და რა შუაში არიან საქმესთან? - პროკურორებს ამ კითხვისთვის არ უპასუხიათ.

„158 (პოლიციელიდან) 58-ს ხომ მაინც გამოკითხავს ბრალდების მხარე, ვიღაცა მოწმეებს, ოქროს მოწმეებს მოძებნიან, რომლებსაც წარმოგვიდგენენ სასამართლოში, დაანახებენ ანდრო ჭიჭინაძის ფოტოს და ეტყვიან, აი, ანდრო ჭიჭინაძემ ბოთლი რომ გადმოაგდო ან პიროტექნიკა ისროლა, ამან მე დაზიანება მომაყენა. ცოტა სამარცხვინოა, არ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ სამართლიან სასამართლოზე“, - თქვა ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ.

ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე

პროკურორებს გიორგი მუკბანიანს და ვაჟა თოდუას სასამართლოზე მოკლე სიტყვა ჰქონდათ. ვაჟა თოდუამ თქვა, რომ არსებობს ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების, მოწმეზე ზემოქმედებისა და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, რის გამოც ისინი პატიმრობაში უნდა დარჩნენ.

„პატივცემულო მოსამართლევ, გთხოვთ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ - ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ სახელმწიფო ბრალდება გვისახავს?“, - პროკურატურის საპასუხოდ ამ კითხვით მიმართა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს.

11 ბრალდებულიდან 10-ის ადვოკატმა გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, უარეს შემთხვევაში კი გირაოზე თანხმობის მზაობაც გამოხატა. ვალერი თეთრაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ 20 000 ლარიანი გირაოს გადახდის პირობა დადო. თეთრაშვილი დუმილის უფლებას იყენებს.

ადვოკატების მტკიცებით, დაკავებულები ერთმანეთს არ იცნობენ, ჯგუფურობა ამ საქმეში მტკციებულებებით ვერ დადასტურდება; არ არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების და მოწმეებზე ზემოქმედების შესაძლო საფრთხეები, რადგან დაკითხული პირების უმეტესობა პოლიციელები არიან.

„ბატონო მოსამართლევ, არ მინდა, თქვენც სანქცირებულთა სიაში მოჰყვეთ, თქვენს რეპუტაციას ვუფრთხილდები“, - მიმართა სხდომათა დარბაზიდან ადვოკატმა მოსამართლეს და მსახიობისთვის წაყენებული ბრალის დეტალებზე ილაპარაკა:

„ანდრო იდგა წინა რიგში, პოლიციელმა წყლით სავსე ბოთლი ისროლა, რომელიც ანდროს წინ დაეცა, მან ეს ბოთლი აიღო და უკან დააბრუნა, რომელიც შუა ადგილას დაიქცა. რომელ დაზიანებაზეა საუბარი?! ბატონო მოსამართლე, მაინტერესებს თქვენი შინაგანი რწმენა...

თქვენი გადაწყვეტილებით შეგიძლიათ განმუხტოთ ის სიტუაცია, რაც საქართველოში ხდება და გმირად ჩაეწეროთ. ყველა აქცია იწყება მოთხოვნით, რომ ეს ტყვეები, პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ სიტუაცია განმუხტოთ. ამით დიდ პასუხისმგებლობას მოიხსნით და შეიძლება ისტორიაშიც ჩაეწეროთ".

დაკავებულები, ონისე ცხადაძე, ანდრო ჭიჭინაძე და ირაკლი ქერაშვილი

დაკავებულები, ონისე ცხადაძე, ანდრო ჭიჭინაძე და ირაკლი ქერაშვილი

სასამართლო პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლეს დაკავებულებმა: ანდრო ჭიჭინაძემ, ონისე ცხადაძემ და რევაზ კიკნაძემ.

რევაზ კიკნაძის სიტყვა

„მიმალვის საფრთხეო! რას უნდა დავემალო?! - მაგასაც ვერ ვხვდები. მინდა ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს... შესაძლებლობა რომ მქონდეს, აქედან რომ გავიდოდი, ჩემს კლონებს დავამზადებდი, ყველა ქუჩაზე დავაყენებდი, ყველა ადამიანს გავაჩერებდი და ვეტყოდი, აი, აი, მე ვარ...

ჯგუფური ძალადობაო! - ვერ ვხვდები ან ჯგუფური რას ნიშნავს, ან ძალადობა ამ ბრალდებაში. არც ჯგუფურში მიმიღია მონაწილეობა და არც ძალადობაში... ეს კარგი და პატრიოტი ადამიანები პირველად სასამართლოზე ვნახე, შეხებაც არ მქონია - 50 დაჭერილიდან არცერთთან მიმოწერაც არ მაქვს, ზარიც არ მქონია…

სურათიც კი არ მაქვს ვინმესთან ოდესმე. არანაირი კონტაქტი არასდროს არ მქონია. ჯგუფური ძალადობის ბრალდებაზე ალბათ მათი ერთადერთი არგუმენტი ალბათ არის: „შენი ჩაკვრეხა რომ მნებავს, მიზეზად ისიც კმარაო“. შეზღუდვებს რაც შეეხება, უსამართლოდ ვარ გამოკეტილი და კიდევ მე რატომ უნდა ვიხადო ფული? მაგრამ იმის გამო, რომ მშობლები ნერვიულობენ, მაქსიმუმს 2 000 ლარს გადავიხდიდი“,

„ერთადერთ აკრძალვას არ მივიღებდი — რუსთაველის გამზირზე მისვლის.

დანარჩენი, ნებისმიერ ადგილზე შეგიძლიათ ამიკრძალოთ მისვლა ან თბილისის დატოვება ამიკრძალოთ.

ვერ ვხვდები, რისთვის ვისჯებით სამშობლოსთვის გულანთებული ამდენი ადამიანი. ქვეყნის სიყვარულისთვის ვისჯებით? რუსეთი რომ არ გვინდა, მაგისთვის ვისჯებით? პუტინის დაკრულ ტაშს რომ აქედან ტაშით არ ვპასუხობთ, ამისთვის ვისჯებით? ევროპა რომ გვირჩევნია ირანს, ჩინეთს და ბნელეთს, ამიტომ ვისჯებით? თქვენ თვითონაც გეცინებათ ხოლმე ალბათ, როდესაც პროკურატურის მიერ მოტანილ არგუმენტებს ხედავთ. 4-დან 6 წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯით ადამიანებს ქვის ან ბოთლის, ან დამრგვალებული ქაღალდის ჰაერში სროლისთვის? 6 წლის მერე ცირკში არ ვყოფილვარ და არ მეგონა, 27 წლის ასაკში თუ მომიწევდა აქ ყოფნა“.

ონისე ცხადაძის სიტყვა

„მე ვარ გლობალური ომის პარტიის დამფუძნებელი და Deep State-ის 15-პროცენტიანი წილის მფლობელი ონისე ცხადაძე, იგივე ონისე მალადოი“

„თავიდან დავიწყებ ჩემი სამოქალაქო პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ რთულია პატიმრობაში ყოფნა, არავისთვის არ არის მარტივი, არ მაინტერესებს, თუ დამტოვებთ პატიმრობაში.

ამ ქვეყნის გულისთვის ადამიანები კვდებოდნენ და მეც არ მინდა ნაკლები გავაკეთო ვინმეზე.

რაც შეეხება პროკურატურის ბრალდებებს, მე მაქვს საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულება ნანახი, სადაც ჩანს ბოთლის სროლა და ასევე არის ფერი, კვამლს რომ უშვებს, მხოლოდ ფერს, მაგის პატარა კაფსულის სროლა და ისე ცუდად ვისვრი, ლამის ფეხში გავირტყი და ძალიან გთხოვთ, რომ თვითმკვლელობის მცდელობის გამო 500 ლარით დამაჯარიმოთ.

რაც შეეხება, რამდენ წელს ითვალისწინებს ეს ბრალეულობა – ოთხიდან ექვს წლამდე. ანუ მაქსიმუმი რომ მომისაჯოთ, გამოდის, რომ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა ციხეში, ანუ თქვენი აზრით, მე ვიქნები მასზე ძალიან ცოტათი განსხვავებული დამნაშავე.

გირაოზეც მინდა რომ გითხრათ, ეს შეგიძლიათ თქვენ განსაზღვროთ, მაგრამ მე გთხოვთ, რომ გირაო დამიწესოთ 14 ლარის და 60 თეთრის ოდენობით.

თუ ასევე ფიქრობთ, რომ ბოთლის სროლა დანაშაულია, რომელიც ითვალისწინებს ოთხიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მაშინ მე მაქვს „სპიჩკის“ კოლოფი, რომელსაც პროკურატურის მიმართულებით ვისვრი და 3 თვე დამიმატეთ“- თქვა ონისე ცხადაძემ და ასანთის კოლოფი ისროლა პროკურატურის მხარის მიმართულებით. მოსამართლის შენიშვნას მან უპასუხა, რომ „ამ წამიდან გაითვალისწინებს“.

ანდრო ჭიჭინაძის სიტყვა

„ძალიან უცნაური პროცესია საერთოდ ვერ ვხვდები. გამახსენდა ჯოზეფ კა არის ერთი პერსონაჟი კაფკასი, რომელსაც სასამართლო პროცესი აქვს და არ იცის, რა ხდება მის თავს - ეს რომანი არის გაურკვევლობაზე, აბსურდია, ამ გაურკვევლობის შეგრძნებაზეა. ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ეს შეგრძნება პრაქტიკაში გაცოცხლდეს-მეთქი და რაღაცნაირად, მოხერხდა და ძალიან უცნაურია, ერთი მხრივ, მეორე მხრივ, საინტერესო.

ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მარტო წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს".

მოსამართლის აცილების მოთხოვნა

ქეთევან ჯაჭვაძე, მოსამართლე

ქეთევან ჯაჭვაძე, მოსამართლე

პროცესის დასასრულს, გადაწყვეტილების გამოსატანად გასვლამდე მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გადაწყვიტა განემარტა, რატომ გაუხანგრძლივა პროკურატურას გამოძიების დრო, რადგან ადვოკატები თავისი გამოსვლისას მის ამ გადაწყვეტილებას ხშირად აკრიტიკებდნენ და დაუსაბუთებელს უწოდებდნენ.

მოსამართლემ თქვა, რომ პროკურატურას უფლება ჰქონდა არა 35 დღით, არამედ უფრო მეტით, 2 თვითაც კი მოეთხოვათ სასამართლოს გადადება, რადგან საქმე კომპლექსურია, ეხება 11 ბრალდებულს და მძიმე მუხლს - ჯგუფურ დანაშაულს.

მოსამართლის ამ პოზიციას კამათი მოჰყვა და ადვოკატებმა მისი აცილება მოითხოვეს.

ადვოკატებმა მოსამართლის გამოსვლა აღიქვეს დატუქსვად და გადაწყვეტილების წინასწარ დაანონსებად.

„წინასწარ გაგვიჟღერეთ გადაწყვეტილება“, - უთხრა ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს.

ადვოკატ ირაკლი ჟორჟოლიანის თქმით კი, მოსამართლემ გამოიყენა შანსი, ადვოკატები დაეკნინებინა საზოგადოების თვალში.

„თქვენი ხმის ტემბრი იყო დატუქსვა, თქვენ გინდოდათ, მართალი ყოფილიყავით ხალხის თვალში და ჩვენ - მტყუანი... არ გაკრიტიკებდით, ჩვენ ვსვამდით შეკითხვებს ამ ადამიანების გამო, ვისაც ვიცავდით. ის დრო არაა, მოსამართლემ ადვოკატები და ბრალდების მხარე ტუქსოს“, - თქვა მან.

მოსამართლის აცილების შუამდგომლობას არ დაეთანხმა მხოლოდ რუსლან სივაკოვის ადვოკატი ნუნუ თორდია და თქვა: „გაოგნებული ვარ. 6-7 საათია მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და მოსამართლეს ახსნა-განმარტების უფლება არ მიეცა“.

„ხმის ტემბრი შეიცვალა მას შემდეგ, რაც დაცვის მხარემ მოსამართლეს შეაწყვეტინა განმარტება, რაც შეურაცხყოფაა და დაჯარიმების საფუძველი შეიძლება გახდეს. ხმის ტემბრის შეცვლა აცილების საფუძველი არ არის“, - თქვა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ და თავისი აცილების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ამ გადაწყვეტილებისთანავე სათათბიროდ გავიდა და ერთ საათში უკან დარბაზში დაბრუნებულს ორი წუთი დასჭირდა იმის სათქმელად, რომ პროკურატუროს მოთხოვნას აკმაყოფილებდა და 11-ვე დაკავებულს ისევ პატიმრობაში ტოვებდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა - „მონებო“, „ჯალათებო“, „არ გატყდეთ ბიჭებო“, - ამ ფრაზებს ჰყვიროდნენ გაბრაზებული მხარდამჭერები სასამართლო დარბაზში.

ხმაური და დაპირისპირება სასამართლოს დერეფანში გაგრძელდა. დაცვა ეცადა სხდომაზე დამსწრეებისთვის სასტვენები წაერთმია და სასამართლოს შიდა სივრციდან გაეძევებინა.

მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე - რა ვიცით მასზე?

მოსამართლე ჯაჭვაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიაში უვადოდ 2019 წლიდან გაამწესეს. სამოსამართლო კარიერა 2006 წელს უზენაეს სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს კონსულტანტის პოზიციაზე დაიწყო.

დამთავრებული აქვს საგარეჯოს დავით გარეჯელის სახელობის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. ინსტიტუტმა ფუნქციონირება 2006 წელს შეწყვიტა.

2007-2009 წლებში იყო გალი-გულრიფშის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავდროულად მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გორის რაიონულ სასამართლოში. 2009 წელს გორის რაიონული სასამართლოში გადაიყვანეს. 2012 წლიდან 5 წელი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო. 2017 წლიდან დღემდე კი საქალაქო სასამართლოშია.

ქეთევან ჯაჭვაძემ განიხილა ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის საქმე. მაშინ ჟურნალისტმა ამ მოსამართლის დიპლომი და კვალიფიკაცია ეჭვის ქვეშ დააყენა.

ამ მოსამართლემ იმსჯელა სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმის აღკვეთზეც და ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო პროცესის შემდეგ

დაკავებული დემონსტრანტების გაბრაზებულმა მშობლებმა, ოჯახის ახლობლებმა, მეგობრებმა და გულშემატკივრებმა პროცესში საქალაქო სასამრთლოს ეზოში გააგრძელეს. გარეთ გასულებს სასამართლოს კიბეებთან რამდენიმე რიგად განლაგებული პოლიციელები დახვდათ, მათგან ორი, წინა რიგებიდან იცინოდა.

„მონობა ეგეთი ბედნიერებაა? რა გაცინებს?“, - პოლიციელების ქცევამ აქციის მონაწილეები გააღიზიანა, რის შემდეგაც ის ზემდგომებმა უკანა რიგებში გადაიყვანეს. პოლემიკა პოლიციასთან ისევ გაგრძელდა.

აქციის მონაწილეები დაინტერესდნენ, რატომ არ მიიღო შენიშვნა პოლიციელმა შეუფერებელი ქცევის გამო. მსახიობების გიგა დათიაშვილისა და ეკა დემეტრაშვილის კითხვაზე: „თქვენ ხომ ჩემი პოლიციელიც ხართ? პასუხად მიიღეს: „შენი არა!“.

ოჯახის წევრები და დაკავებულების გულშემატკვირები მიიჩნევენ, რომ მოსამართლემ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა და ამ გადაწყვეტილებით სასამართლოს შენობა საბოლოოდ დატოვა სამართალმა.

„ყველაფერი არასამართლიანად ჩატარდა. სხდომის დასრულებამდე მქონდა იმედი, რომ მოსამართლე ჩვენ მხარეზე ცოტა მაინც გადმოიხრებოდა, შეეცოდებოდა უკანონოდ დაჭერილი პატიმრები და გამოუშვებდა მათ. მე სურვილი მქონდა, რომ 11-ივე პატიმარი გამოეშვათ და თავიანთი მშობლების, ახლობლების გულები გაეხარებინათ, ჩაგვეკრა ჩვენი შვილები გულში და სახლში სიხარულით წამოვსულიყავით, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა. პატიმრობაში დატოვება მეხის დაცემა იყო. ყველას ვთხოვ, შეიცოდეთ უკანონოდ დაპატიმრებული რეჟიმის ტყვეები და გამოუშვან სულ ყველა“, - თქვა რეზო კიკნაძის დედამ მაია ლეკიშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ.

ამ იმედგაცურებას იზიარებენ სხვა დაკავებულების ოჯახის წევრებიც, თან აღიარებენ, რომ სულ ცოტა იმედი ჰქონდათ და მეორე ჯერზე გაუცრუვდათ.

ადვოკატებს სამართლიანი სასამართლოსი არ სჯერათ, ამის მიუხედავად გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში მაინც გაასაჩივრებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 იანვარსაც გაიმართება მორიგი პროცესი, სადაც აქციების დროს ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებული კიდევ 8 პირის პატიმრობა გადაისინჯება. აქედან სამს, ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ზვიად ცეცხლაძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან, დანარჩენ ხუთს, მათ შორის 19, 20 და 21 წლის ახალგაზრდებს - ძალადობაში მონაწილეობას.

28 ნოემბრის შემდეგ დღემდე სისხლის სამართლის წესით 50-მდე დემონსტრანტია დაკავებული.

სრულად წაკითხვა