ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 68-ე რაუნდი 2026 წლის 10-11 ნოემბერს გაიმართა.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომელსაც საფუძველი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სხდომები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარებს, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.
თანათავმჯდომარეების პრესკომუნიკეში ნათქვამია, რომ მოლაპარაკებების უწყვეტ ფუნქციონირებას ყველა მონაწილე მიესალმა, რაც ადასტურებს მათ „ერთგულებას ყველა გადაუჭრელი საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ“.
„დღის წესრიგის მთავარი საკითხი – იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა „დაბრუნება“ – ამ რაუნდის ფარგლებში არ განხილულა, რადგან ზოგიერთმა მონაწილემ შეხვედრა დატოვა“, – ნათქვამია კომუნიკეში. თანათავმჯდომარეებმა „კიდევ ერთხელ მოუწოდეს მონაწილეებს, დღის წესრიგის ყველა საკითხის განხილვაში ჩაერთონ“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მონაწილეებმა „კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება“ მოლაპარაკებების გაგრძელების მიმართ, რაც, მისი თქმით, „სოხუმთან და ცხინვალთან თბილისის ურთიერთობების აღსადგენად“ ერთადერთ ფორმატს წარმოადგენს.
მოსკოვმა კვლავ მოუწოდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის „გრძელვადიანი უსაფრთხოების“ უზრუნველსაყოფად „პრაქტიკული ზომების“ მიღებისკენ. სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთი და მისი „აფხაზი და ოსი მოკავშირეები“ მიიჩნევენ, რომ პრიორიტეტული უნდა იყოს „თბილისის მიერ ორი სუვერენული რესპუბლიკის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის სამართლებრივი გარანტიების“ შეთანხმება, საქართველოსა და მის მეზობლებს შორის „საზღვრების დელიმიტაციის პროცესის“ დაწყება და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) განახლება.
სამინისტროს განცხადებით, ეს ზომები აუცილებელია ორი რეგიონის „დამოუკიდებლობის“ მიმართ არსებული „მუდმივი რისკების“ გამო. ეს რისკები მომდინარეობს „როგორც თავად საქართველოში არსებული რადიკალური ძალებისგან, ისე მისი არაერთი უახლოესი უცხოელი პარტნიორისგან, უპირველეს ყოვლისა, ნატოს წევრი სახელმწიფოებისგან“. სამინისტრომ ისინი სამხრეთ კავკასიაში არსებული რეალობის არაღიარებასა და „თბილისთან სამხედრო თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაში“ დაადანაშაულა.
მეორე სამუშაო ჯგუფში დევნილთა საკითხის განხილვაზე უარი ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლებმა საქართველოს მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაში დევნილების შესახებ ყოველწლიური რეზოლუციის წარდგენით ახსნეს და მას თბილისის მიერ ამ პრობლემის პოლიტიზების მცდელობა უწოდეს.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი 2027 წლის მარტში გაიმართება.
This post is also available in:
civil ახალი ამბები