პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა და ხელმძღვანელობასთან მჭიდროდ დაკავშირებული წამყვანები გამწარებულნი არიან და მრისხანებენ. გუშინ ერთ-ერთი მათგანი “ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა, ვეფხი პირ-გამეხებული”.
რამ გადაიყვანა ჭკუიდან ჩვენი ტელევიზიის მმართველი ელიტა?
საქმე მარტივადაა, მათ მყუდროება დაერღვათ…
აქამდე ყველაფერი კარგად იყო: პარტიამ არხი “ქართული ოცნების” ცეკას მდივანს თუ თავმჯდომარის მოადგილეს – ვასიკო მაღლაფერიძეს ჩააბარა, ბ-ნმა ყველა მთავრობაში ნამსახურებმა კაცმა თავისი უახლოესი მეგობრებით გამოძეძგა სისტემა, ოლიგარქის დახურული ტელევიზიის თანამშრომლები უპრობლემოდ გადმოაბარგეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე (რომელთაგან ბევრი ოლიგარქის გარეშეც დაიმსახურებდა ადგილს, ოღონდ ყველა არა), ათიდან რვა პოლიტიკური გადაცემის წაყვანა ერთ უღიმღამო კაცს მიანდეს, რათა არავის გადმოერთო პირველზე, ეთერში სტუმრად მოსულ ხელისუფლების წარმომადგენლებს ნახევრად კრიტიკულ შეკითხვასაც ვერ შეჰბედავდნენ ხოლმე და როგორც ქალაქში იტყვიან, ერთ ადგილზე სულს უბერავდნენ, იყო ერთი სიამტკბილობა… “ობიექტური ბუღალტერიისთვის” სუფრის ბოლოს მიგდებული პრასივით, “მკვდარზე ვენოკივით” ხანდახან პაატა მანჯგალაძესა და იაგო ხვიჩიასაც გამოაჩენდნენ ცისფერ ეკრანზე! ამ ყველაფერს დაუმატეთ გადაცემები საბჭოთა სამზარეულოს დე- და რეკონსტრუქციის შესახებ, ალიბისთვის ბრწყინვალე მუსიკალური პროექტები და ეგ არის…
ბ-ნი ვასილის სტანდარტი ასეთია: მთლად კანალიზაციად ქცეულ სახელისუფლებო და ოპოზიციურ ტელევიზიებს (პროფესორ მაისურაძის ტერმინი) ნუ დავემსგავსებით და ყურადღებას ნუ მივიქცევთ! ვიყოთ ჩვენთვის, ვაჭამოთ და ვასვათ ახლობლებს, საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროექტები მეორეხარისხოვანი გავხადოთ, კარგი მრავალჟამიერითა და კარამელიზირებული ბოლოკით გავიდეთ ფონს!
ჩვენი სტანდარტი სხვანაირია!
საზმაუ უნდა იყოს მრავალხმიანი რესპუბლიკის ანარეკლი, არ გვჭირდება ობიექტურობა “დლია გალოჩკი”.
არ უნდა გვჭირდებოდეს მასობრივი დემონსტრაციები, რათა უპარტიო, სერიოზული, ხმადაკარგული ადამიანები ეთერში მოიწვიონ, შეამჩნიონ. ქ-ნი მაკა კი იყო გაწიწმატებული, მაგრამ ფაქტია, ის და მისი პროდიუსერები ასეთ ხალხს ვერ ამჩნევდნენ აქამდე, გოტა ჭანტურიას გარეშე. ასეთი კარგი პროდიუსერი ქ-ნებს ცინცაძესა და სანიკიძეს არ ჰყოლია.
კრიზისის დროს, რომელ ახალ სტუდიაშიც არ უნდა გადადიოდნენ, ეთერი უნდა იყოს დატვირთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუებით. 24 საათიან რეჟიმში მსჯელობა უნდა მიმდინარეობდეს … რეალური სივრცე სასწრაფოდ დასაბრუნებელია პირდაპირში.
დამოუკიდებელი, ბ-ნი ვასილის გავლენებისგან თავისუფალი აუდიტი სასწრაფოდ არის შესაშვები ყველა რგოლში.