მას შემდეგ, რაც ასობით საჯარო მოხელე ღიად გაემიჯნა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე, პარტიამ საპასუხო ზომად საჯარო სამსახურის შესახებ კანონის დაჩქარებულად შეცვლა გადაწყვიტა.
„ქართულ ოცნებაში“ ცვლილებების მიზნად „საჯარო სექტორის გაჯანსაღება“ სახელდება, მესამე სექტორსა და ოპოზიციაში მას არასასურველი კადრებისაგან საჯარო სამსახურის წმენდად აფასებენ.
ერთ-ერთი პირველი, ვინც საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს კრიტიკული პოზიციის დაფიქსირების გამო საპასუხო ზომით დაემუქრა, თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე იყო.
კალაძემ რეორგანიზაციის პროცესი პირველ დეკემბერს დააანონსა, რასაც წინ უძღოდა თბილისის მერიის თანამშრომელთა ნაწილის მიერ „ქართული ოცნების“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შეჩერებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. მერიაში დასაქმებული პირები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად გაემიჯნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას.
თბილისის მერიის გარდა, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას საჯარო განცხადებებით გაემიჯნენ სხვადასხვა სამინისტროს თანამშრომლები.
კალაძემ საჯარო მოხელეების გამიჯვნა „საბოტაჟის გზით სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის მცდელობად და სახელმწიფო გადატრიალების გეგმის ერთ-ერთი შემადგენელ ნაწილად“ შეაფასა.
„ჩვენ ვიხილეთ ერთი ხელით დაწერილი პეტიციები, რომელიც გავრცელდა. თუ არ ვცდები, მას მერიის 229 თანამშრომელი აწერდა ხელს. მუნიციპალიტეტში გვყავს 32 ათასამდე თანამშრომელი. მინდა ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც ღირსებით, პროფესიონალურად, პატიოსნად ემსახურება ჩვენს ქვეყანას, ამ ქალაქს და მასში მცხოვრებ ადამიანებს. ეს საბოტაჟის მცდელობა, რომელიც იყო და ვნახეთ, არ დარჩება პასუხგაუცემელი, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. მერწმუნეთ, ასე იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
2 დეკემბერს კი თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორმა, ნინია მაჭარაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ კრიტიკის გამო თბილისის მერმა კახა კალაძემ თანამდებობის დატოვება მოსთხოვა.
„ქართული ოცნებისადმი“ კრიტიკულ განცხადებებზე ხელმომწერი საჯარო მოხელეების მიმართ მუქარაზე საუბრობს თბილისის მერიის კიდევ ერთი თანამშრომელი, გიგა სოფრომაძე. მისი თქმით, მოქმედი თანამდებობის პირების მხრიდან მათ მიმართ საჯაროდ და ღიად გამოხატული მუქარისა და დაშინების მცდელობა დღითიდღე პრაქტიკულ სახესაც იღებს. ამიტომ ის სახალხო დამცველს მიმართავს და მოუწოდებს, რომ აღნიშნულ ფაქტებზე მოკვლევა დაიწყოს მოკვლევა
ამ ფონზე კი 9 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ საჯარო სამსახურის შესახებ კანონს დაჩქარებულით წესით ცვლის.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ცვლილებების ავტორები აღნიშნავენ, საჯარო სამსახურის რეფორმის ერთ-ერთ ცენტრალურ მიზანს წარმოადგენს „კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება“.
მთავარი, რასაც საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დაჩქარებული ცვლილებები ითვალისწინებს, საჯარო სექტორში რეორგანიზაციის საკითხების გამარტივებას ეხება. თუ დღეს მოქმედი კანონპროექტით რეორგანიზაცია ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულების სამსახურიდან გათავისუფლებას, ცვლილებების შემდეგ ეს შესაძლებელი ხდება.
იურისტ თამარ სურმავას შეფასებით, დაგეგმილი ცვლილებებით უგულებელყოფილია შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის ყველა პრინციპი და ხდება საჯარო სამსახურში რანგირების პრინციპის უგულებელყოფა.
თამარ სურმავა, პუნქტობრივად განმარტავს კონკრეტულად რა იცვლება საჯარო სამსახურის შესახებ კანონში:
- მოქმედი კანონით, რეორგანიზაციად არ ითვლება „საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება,“ რაც ლოგიკურია. კანონპროექტით, „რეორგანიზაციის საფუძველი აგრეთვე შესაძლებელია გახდეს სტრუქტურულ ერთეულში თითოეული დასაქმებულისათვის ახალი ფუნქციის დამატება ან არსებული ფუნქციების ცვლილება.“ რას ნიშნავს ეს? – ეს ნიშნავს იმას, რომ დასაქმებულს შეიძლება დაემატოს რაიმე ნებისმიერი ახალი ფუნქცია და თუ ემატება – ეს უკვე რეორგანიზაციაა.
- მოქმედი კანონით, რეორგანიზაცია ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულების სამსახურიდან გათავისუფლებას. რეორგანიზაციის დროს შესაძლებელია დასაქმებული საერთოდ არ გათავისუფლდეს სამსახურიდან. კანონპროექტით, რეორგანიზაციის დროს თუ სტრუქტურულ ერთეულში თითოეულ დასაქმებულს ახალი ფუნქცია ემატება ან არსებული ფუნქციები ეცვლება, ან შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან სხვა ერთეულის შერწყმა ხდება, ან შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში მცირდება შტატები, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებული თითოეული მოხელე სამსახურიდან გათავისუფლდება და გამოცხადდება კონკურსი. რას ნიშნავს ეს? – ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მაგ. დასაქმებულებს ახალი ფუნქციები ემატებათ [რაიმე ნებისმიერი] თავისუფლდებიან სამსახურიდან და ხდება ახალი კადრების მიღება, ან იმავეს. უგულებელყოფილია შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის ყველა პრინციპი.
- მოქმედი კანონით, პირველი, მეორე ან მესამე რანგის მოხელე თანამდებობაზე ინიშნებოდა მხოლოდ შიდა ან დახურული კონკურსის საფუძველზე. ღია კონკურსით მითითებულ რანგზე ინიშნებოდა მხოლოდ 2 შემთხვევაში: თუ კონკურსის საფუძველზე შესაფერისი კანდიდატი ვერ შეირჩეოდა და არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით დახურული კონკურსის საფუძველზე შესაფერისი კანდიდატი ვერ შეირჩეოდა.
კანონპროექტით, რეორგანიზაციის დროს თუ სტრუქტურულ ერთეულში თითოეულ დასაქმებულს ახალი ფუნქცია ემატება ან არსებული ფუნქციები ეცვლება, ან შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან სხვა ერთეულის შერწყმა ხდება, ან შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში მცირდება შტატები, შესაძლებელია ღია კონკურსის დანიშვნა. რას ნიშნავს ეს? – ეს ნიშნავს იმას, რომ თუ პირველი, მეორე ან მესამე რანგის თანამშრომელს მაგ. დაემატა ახალი ფუნქცია [რაიმე ნებისმიერი], ტარდება რეორგანიზაცია, თავისუფლდება დასაქმებული და ინიშნება კონკურსი, სადაც შეიძლება დასაქმდეს ნებისმიერი, მათ შორის, გარედან მოსული პირი. ხდება რანგირების პრინციპის უგულებელყოფა. - კანონპროექტით, ზემოთ მითითებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ აჩერებს ამავე აქტებს. ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებით მოთხოვნის დაკმაყოფილება არ იწვევს უკვე კონკურსით არჩეული მოხელის გათავისუფლებას და სამსახურში აღდგენას. მიეცემა მხოლოდ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით კომპენსაცია. რას ნიშნავს ეს? – ეს ნიშნავს, იმას, რომ თუ მაგ. დასაქმებულს დაემატა ახალი ფუნქცია [რაიმე ნებისმიერი], ტარდება რეორგანიზაცია, თავისუფლდება დასაქმებული, ინიშნება კონკურსი, სადაც შეიძლება დასაქმდეს ნებისმიერი, არსებული ან გარედან მოსული პირი. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში გადაწყვეტილების მიღება ჭიანურდება, ჩატარდება კონკურსი, დაინიშნება ახალი თანამშრომელი, ვერ აღდგება ძველი და ამასთან, მიეცემა კომპენსაცია მხოლოდ 3 თვის ხელფასის ოდენობით. ეს ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ( 31/07/2015წ. №2/3/630), რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ძველი ნორმა, რომელიც აწესებდა იძულებით განაცდურზე 3 თვიან ლიმიტს.
- მოქმედი კანონით, მობილობის წესი ვრცელდებოდა რეორგანიზაციის შემთხვევებზე. კანონპროექტით, მობილობის წესი არ ვრცელდება რეორგანიზაციის შემთხვევებზე. რას ნიშნავს ეს? – ეს ნიშნავს იმას, რომ თუ დასაქმებული გათავისუფლდება რეორგანიზაციის საფუძვლით, იგი საერთოდ თავისუფლდება.
- მოქმედი კანონით, მოხელის შეფასებას ახორციელებს უშუალო ხელმძღვანელი ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლის ჩართულობით. კანონპროექტით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია შეცვალოს მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ მომზადებული შეფასება ამ შეფასებიდან 3 თვის ვადაში. რას ნიშნავს ეს? – ეს ნიშნავს იმას, რომ საჩივარი აღარ არის საჭირო შეფასების შესაცვლელად, რაც დიდ ბუნდოვანებას ტოვებს. არსებობს რისკი, რომ მისი გამოყენება მოხდეს ურჩი უშუალო ხელმძღვანელის გადაწყვეტილების გადასაფარად. რამაც მომავალში შეიძლება გავლენა იქონიოს მოხელის წახალისებაზე, კლასის მინიჭებაზე, სამსახურიდან გათავისუფლებაზე თუ სხვა.
სახალხო დამცველის მოადგილე, თამარ გვარამაძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ომბუდსმენი ვერ შეაფასებს რამდენად ეფექტური იქნება „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული გზა საჯარო სამსახურის გაჯანსაღებისთვის. თუმცა ამბობს, რომ „ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებები საჯარო მოხელეების უფლებრივ მდგომარეობას აუარესებს და მათი უფლებების დაცვის სტანდარტი მცირდება.
როგორც თამარ გვარამაძე ამბობს, ვინაიდან მნიშვნელოვანი ცვლილებებია, უმჯობესი იქნებოდა არა დაჩქარებული, არამედ ჩვეულებრივი წესით განხილულიყო.
სახალხო დამცველის მოადგილე „ოცნების“ ცვლილებებიდან 3 პრობლემურ საკითხს გამოყოფს: რეორგანიზაციის საფუძვლებს, რეორგანიზაციის შემდგომ თანამშრომლების უპირობოდ გათავისუფლებასა და უფლებრივი მდგომარეობის აღდგენასა და დავის დაწყების შემთხვევაში სამართლებრივი შედეგებს.
მისი თქმით, რეორგანიზაციის საფუძვლები, რაც კანონპროექტითაა შემოთავაზებული, კითხვის ნიშნებს იწვევს და უფრო მკაფიო განმარტებას საჭიროებს, რათა ის პრაქტიკაში სხვადასხვაგვარი განმარტების და დავის საგანი არ გახდეს.
„შემოთავაზებული ვერსია ამბობს, რომ რეორგანიზაციის შემდგომ ხდება თანამშრომლების გათავისუფლება და ამის თაობაზე ისინი იღებენ შეტყობინებას. დღეს მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მობილობის ინსტიტუტს და ვფიქრობთ, რომ სტაბილური საჯარო სამსახურის პრინციპიდან გამომდინარე, მობილობა მოხელეების უფლებების დაცვის ერთგვარი გარანტიაა. თუ ეს მობილობა გაუქმდება, ცხადია უფლებების დაცვის გარანტიაც შემცირდება. ამიტომ ჩვენ უპირობოდ მოხელეების გათავისუფლება გვგონია პრობლემა და ვფიქრობთ, რომ მობილობა არის მოხელეების უკეთესი დაცვის საშუალება“, – აცხადებს თამარ გვარამაძე.
თამარ გვარამაძის თქმით, პრობლემაა ისიც, რომ თუ საჯარო სასამართლოში წავა და იდავებს, მისი უკან დაბრუნება იმავე ან თუნდაც ტოლფას თანამდებობაზე აღარ არის შესაძლებელი.
„ის მხოლოდ კომპენსაციას აიღებს, რაც პრობლემურია. თუ კარიერაზე დაფუძნებული და კვალიფიციური მოხელეების შენარჩუნებაზეა ეს სისტემა, მაშინ ასეთი მექანიზმი ხელს ვერ შეუწყობს“, – აცხადებს თამარ გვარამაძე.
საიას ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე კი აცხადებს, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დაინიცირებული ცვლილებების პროექტი მიმდინარე მოვლენებთან კავშირში უნდა შეფასდეს.
„ცვლილებები განიხილება დაჩქარებული წესით, მას შემდეგ, რაც არაერთი საჯარო მოხელე გაემიჯნა ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკას საგარეო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დაგეგმილ ცვლილებებს პირდაპირი კავშირი აქვს მიმდინარე პროტესტთან“, – აცხადებს ნონა ქურდოვანიძე.
ნონა ქურდოვანიძის თქმით, ეს ცვლილებები მიზნად ისახავს ორ რამეს:
- გამარტივებული პროცედურების შემოღებით და სოციალური გარანტიების შემცირებით, არასასურველი კადრებისაგან დაანონსებული წმენდა ჩატარდეს საჯარო სამსახურებში;
- ამ პროცედურების შემოღებით, საჯარო მოხელეები ამყოფონ მუდმივ წნეხში, რომ თუ ხმას ამოიღებენ, გაუშვებენ მარტივად.
როგორც ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რა პროცედურაც არ უნდა გამარტივდეს, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება მისი კრიტიკული მოსაზრებების გამო, ისევ ჩაითვლება უკანონოდ და დისკრიმინაციულად. ამიტომ ის საჯარო მოხელეებს მიმართავს, რომ, არ დაწერონ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები.
საჯარო სამსახურის შესახებ კანონში „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ ცვლილებებს შემაშფოთებლად მიიჩნევს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიენაბაც. პროფკავშირების განცხადებით, არ არსებობს არანაირი არგუმენტი, რითაც დასაბუთდება ასეთი გადაწყვეტილებების მიღება და მით უფრო დაჩქარებული წესით.
როგორც პროფკავშირები აცხადებენ, მსგავსი ნაბიჯები კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყანაში არსებულ ისედაც მძიმე ფონს და მისი მიღებით საფრთხე შეექმნება არა მხოლოდ შრომითი უფლებების, არამედ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების ფართო სპექტრის რეალიზებას.