რატომ არ შეიძლება ბეტასერკისა და ალკოჰოლის ერთად მიღება?

5 days ago 5

1

როგორც წესი, მედიკამენტოზური მკურნალობის პარალელურად, ალკოჰოლის მიღება ან მიზანშეწონილი არაა, ანდაც კატეგორიულად იკრძალება.

უშუალოდ პრეპარატ ბეტასერკის მაგალითი რომ განვიხილოთ, მის ინსტრუქციაში პირდაპირი მითითება არაა ალკოჰოლთან ურთიერთქმედების შესახებ — თუმცა პრეპარატის გამოყენების პერიოდში ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება მაინც რეკომენდებულია.

სტატიაში სწორედ იმ პოტენციურ ნეგატიურ ეფექტებს განვიხილავთ, რომლებიც შესაძლოა აღნიშნულ ურთიერთქმედებას მოჰყვეს.

აღსანიშნავია, რომ ბეტასერკი გავრცელებული და ფართოდ გამოყენებადი მედიკამენტია, რომელიც ვესტიბულარული დარღვევებისა და მენიერის დაავადების სამკურნალოდ ინიშნება. კვლევების მიხედვით, მისი ეფექტიანობა ძალიან მაღალია კონკრეტულ პრობლემებთან გასამკლავებლად. აქ იგულისხმება ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა თავბრუსხვევა, ყურებში
შუილი და სმენის დაქვეითება, განსაკუთრებით მენიერის დაავადების დროს.

რაც შეეხება ალკოჰოლთან ურთიერთქმედებას, უნდა გამოვყოთ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე გავლენა – კერძოდ, ალკოჰოლი მოქმედებს ტვინზე, როგორც დამამშვიდებელი საშუალება, ამცირებს ნერვული სისტემის აქტივობას და იწვევს სედაციას.

ანალოგიურად. ბეტასერკი მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ამიტომაც, მათ თანადროულ მიღებას ისეთი არასასურველი ეფექტების გამოწვევა შეუძლია, როგორებიცაა ზედმეტი სედაცია, თავბრუსხვევა ან კოორდინაციის დარღვევა.

ესეც რომ არა, ცნობილია, რომ ბეტასერკი მენიერის დაავადების შესამსუბუქებლად ინიშნება. მეორე მხრივ კი, ზოგადად მენიერის დაავადების მქონე პაციენტებისთვის ისედაც რეკომენდებულია ალკოჰოლის მიღების შეზღუდვა ან საერთოდ თავიდან არიდება. მიზეზი მარტივია: როგორც უკვე აღვნიშნეთ, ალკოჰოლი მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და შიდა ყურზე, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად გაამძაფროს თავბრუსხვევის ეპიზოდები და ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა ტინიტუსი და სმენის დაქვეითება.

გარდა ამისა, ალკოჰოლი ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის ბალანსის დარღვევას, რაც მენიერის დაავადების დროს არასასურველია. ამრიგად, პაციენტებს ურჩევენ ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავებას ან მინიმუმამდე შემცირებას, რათა თავიდან აიცილონ დაავადების გამწვავება თუ სიმპტომების გაუარესება.

ჩვეულებრივ, ბეტასერკით მკურნალობის დაწყებამდე სასურველია ალკოჰოლის მიღების შეწყვეტა მინიმუმ 24 საათით ადრე, რათა ორგანიზმმა სრულად გამოდევნოს ალკოჰოლი და შემცირდეს შესაძლო ურთიერთქმედების რისკი.

ბუნებრივია, მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება ხელს შეუწყობს პრეპარატის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებას. თანაც ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება შეამციროს ბეტასერკის თერაპიული ეფექტი, რაც გამოიწვევს მკურნალობის ეფექტიანობის დაქვეითებას.

(R)

სრულად წაკითხვა