“სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” წარმომადგენელი, იურისტი საბა ბრაჭველი ეხმაურება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებას რუსული კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით და უკანდახევად აფასებს ამაზე საუბრის დაწყებას “ქართულ ოცნებას”.
თუმცა ის ასევე აკრიტიკებს ალან ბერსეს, რომელმაც ამ საკითხის განხილვა ქართული სამოქალაქო საზოგადოების გვერდის ავლით დაიწყო.
“პარტიამ, რომელიც სუვერენიტეტის აბსოლუტურ დაცვას ქადაგებდა, “ქართული კანონის” მიღებით ამაყობდა, ყველა საერთაშორისო პარტნიორს ლანძღავდა – ევროსაბჭოს პირველივე ვიზიტის ფარგლებში მისი ავტორიტარიზმის პირველ სიმბოლოზე – რუსულ კანონზე უარი თქვა.
ცალკე საკითხავი ისაა, ბატონი ბერსე რატომ აძლევს თავს უფლებას, სამოქალაქო საზოგადოების გვერდის ავლით რამე მოითხოვოს. მით უმეტეს, რომ ფსონები ‘ცოტა’ გაზრდილია და რუსულ კანონს თვეებია, ღიად ვარღვევთ. მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, თავად ოცნებას შეეთავაზებინა, კანონს უკან წავიღებთ, ოღონდ ერთობლივი ჯგუფის ფორმატზე დაგვთანხმდითო”, – წერს ბრაჭველი სოციალურ ქსელში.
ბრაჭველი წერს, რომ ამ საკითხის განხილვა “ქართული ოცნებისთვის ” საერთაშორისო საზოგადოებასთან ლეგიტიმაციის მიღების მცდელობაა.
“ეს ოცნების მცდელობაა, ლეგიტიმაციის, აღიარების ნამცეცები მაინც მოიპოვოს ვინმესგან. ბნელ ოთახში შავი კატების დევნისთვის აღარ სცხელათ გუშინ ამერიკა-ბრიტანეთისგან დასანქცირებულებს, დღეს და ხვალ – სხვა ქვეყნებიდან იმავეს მომლოდინეებს. მთავარი ისაა, რომ უკვე მასშტაბურად აგორებულ მომენტუმს ნამცეცები ვერ შეაკავებენ”, – წერს ბრაჭველი.
საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ალან ბერსემ განაცხადა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, “რათა ქართველ მხარესთან ერთად ე.წ. უცხოური გავლენის კანონი შეიცვალოს”. მან თქვა, რომ “ქართული ოცნებისგან” რუსული კანონის შეცვლაზე გარანტიები მიიღო. თუმცა, ბერსეს პრესკონფერენცია დასრულებულიც კი არ ჰქონდა, როცა მას “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, თუ სამუშაო ჯგუფი დაადგენს, რომ რუსული კანონი მისაღებია, ის არ შეიცვლება.