რაც ბოლო 12 დღეა ხდება, ცალსახად საჭიროებს სანქციებს - ევროკავშირის ელჩი

2 weeks ago 11

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ბოლო 12 დღის განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენები საჭიროებს სანქციების დაწესებას ევროკავშირისაგან.

დემონსტრაციების დარბევაზე ევროკავშირის შესაძლო პასუხებს შორის ის ჩამოთვლის უვიზო რეჟიმის შეჩერებას „კონკრეტული კატეგორიის პასპორტებისათვის“; ასევე, პერსონალური სანქციების დაწესებას „27-ვე ქვეყნის კონსენსუსის შემთხვევაში“, - და იმედოვნებს, რომ წევრ ქვეყნებს „სისასტიკეზე თვალის დახუჭვა გაუჭირდებათ“.

იგი ამბობს, რომ ეს საკითხები მომდევნო კვირაში გადაწყდება.

„ევროკავშირის დედაქალაქებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებში ჩვენმა უმეტესობამ მიაღწია იმ ეტაპს, როდესაც ვთანხმდებით, რომ უნდა ვიმოქმედოთ. უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა თქვა, რომ [„ქართული ოცნების“ ქმედებებს] ექნება შედეგები. ვნახოთ, რა შედეგებზე შეთანხმდებიან წევრი ქვეყნები ორშაბათს, 16 დეკემბერს“, - თქვა ელჩმა ჰერჩინსკიმ 9 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას.

„საქართველოს წლების განმავლობაში პრივილეგირებული ურთიერთობა ჰქონდა ევროკავშირთან. ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა; დაბოლოს, კანდიდატის სტატუსი. ის, რაც ბოლო 12 დღის განმავლობაში ხდება, აბსოლუტურად შეუთავსებელია ამ ყველაფერთან და ეს პრივილეგირებული ურთიერთობა, რომელიც ევროკავშირს აკავშირებდა საქართველოსთან ბოლო 10 წლის განმავლობაში, გადახედვას საჭიროებს. ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდება“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ 9 დეკემბერს, სახალხო დამცველის ოფისიდან გამოსვლის შემდეგ.

სანქციებთან დაკავშირებით კითხვაზე მან განაცხადა, რომ „ძალიან რთულია სანქციებზე შეთანხმება ევროკავშირისათვის, რადგან საჭიროა 27-ვე ქვეყნის ერთსულოვნება“.

„თუმცა, რაც საქართველოში ხდება ბოლო 12 დღის განმავლობაში, ცხადად საჭიროებს სანქციებს. მე ვიცი, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა სანქციების მოსამზადებლად. შეთანხმების მიღწევა 27-ვე დედაქალაქზეა დამოკიდებული“.

„მე ვფიქრობ, - მე ვიმედოვნებ, - რომ ყველა დედაქალაქისათვის რთული იქნება იმ დონის ძალადობასა და სისასტიკეზე თვალის დახუჭვა, რასაც ვხედავთ. ვნახოთ, ორშაბათს დაწესდება თუ არა სანქციები“, - აცხადებს ევროკავშირის ელჩი.

პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა ისიც, რომ ერთ-ერთ საპასუხო ზომად უვიზო რეჟიმის შეჩერებაც განიხილება:

„ვნახოთ, რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები. პასპორტების კონკრეტულ კატეგორიები შეიძლება დასანქცირდეს. ჩვენ არ გვინდა დავსაჯოთ ის ხალხი, ვინც ქუჩაში აპროტესტებს, არამედ ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებელია ძალადობასა და სისასტიკეზე. ჩვენ ამაზე ვერ გავჩუმდებით. და იმედი მაქვს, ორშაბათს ზომები იქნება მიღებული“, - უთხრა ელჩმა ჟურნალისტებს.

სრულად წაკითხვა