რა აკავშირებს კადიროვთან MMA-ის მებრძოლ ხამზატ ჩიმაევს, რომელსაც კალაძე და პეტრიაშვილი შეხვდნენ

8 hours ago 3

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, ასევე, „ქართული ოცნების“ პარლამენტარი, ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი თბილისში შეხვდნენ შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლ ხამზატ ჩიმაევს.

30 წლის ხამზატ ჩიმაევი ჩეჩნეთის მეთაურთან, რამზან კადიროვთანაა დაახლოებული და მას „უფროს ძმას“ უწოდებს.

ჩიმაევი ნათელი მაგალითია პრაქტიკისა, რასაც „სპორტსვოშინგს“ უწოდებენ, - პოლიტიკოსების, მათ შორის ავტორიტარი კადიროვის, მიერ პოპულარული სპორტსმენების დამეგობრება და მათი თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.

კალაძე და ჩიმაევი

MMA-ის ჩეჩნური წარმოშობის მებრძოლმა, ხამზატ ჩიმაევმა 23 დეკემბერს ინსტაგრამზე გამოქვეყნა რამდენიმე ფოტოსურათი, სადაც ის და კახა კალაძე ჩანან. მოგვიანებით ფოტოები გააზიარა კალაძემაც.

ფოტოებიდან ჩანს, რომ კალაძემ ჩიმაევს თავისი საფეხბურთო მაისური აჩუქა.

„საქართველო, მადლობა თბილი მიღებისთვის“, - წერს ჩიმაევი და კალაძეს „თაგავს“.

კახა კალაძე და ხამზატ ჩიმაევი. სქრინი ჩიმაევის ინსტაგრამიდან

კახა კალაძე და ხამზატ ჩიმაევი. სქრინი ჩიმაევის ინსტაგრამიდან

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კახა კალაძე UFC-ის ჩემპიონებს ხვდება.

2024 წლის ზაფხულში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე თამაშების პარალელურად, კალაძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ბიძინა ივანიშვილის უმცროს ვაჟთან, ცოტნე ივანიშვილთან ერთად შეხვდა ხაბიბ ნურმაგომედოვს.

 ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, ხაბიბ ნურმაგომედოვი და ცოტნე ივანიშვილი

მარცხნიდან მარჯვნივ: ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, ხაბიბ ნურმაგომედოვი და ცოტნე ივანიშვილი

პეტრიაშვილი, ბექაური, ნაბიევი

კალაძის გარდა, ხამზატ ჩიმაევი შეხვდა ოლიმპიურ ჩემპიონს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 2024 წლიდან „ქართული ოცნების“ წევრს, გენო პეტრიაშვილს. პეტრიაშვილი ამჟამად არის დეპუტატი პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობასაც პრეზიდენტი და ოპოზიცია არ აღიარებენ.

პეტრიაშვილთან ერთად კი ის შეხვდა კიდევ ერთ ოლიმპიურ ჩემპიონს, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.

ლაშა ბექაურთან და გენო პეტრიაშვილთან შეხვედრის ფოტო თავად ჩიმაევმა გამოაქვეყნდა ინსტაგრამზე, „სთორებად“.

ლაშა ბექაური, ხამზატ ჩიმაევი და გენო პეტრიაშვილი

ლაშა ბექაური, ხამზატ ჩიმაევი და გენო პეტრიაშვილი

ჩიმაევი იყო სასტუმრო „სტამბაშიც“, სადაც, სხვებთან ერთად, იმყოფებოდა ალიმ ნაბიევი, თელავში დაბადებული აზერბაიჯანელი კიკბოქსერი.

„სასიამოვნო იყო შენი გაცნობა“, - წერს ნაბიევი და ჩიმაევთან ერთად „სტამბაში“ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ნაბიევი, სულ მცირე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მილიარდერი ექსპრემიერის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟის, ცოტნე ივანიშვილის მწვრთნელი იყო.

ცოტნე ივანიშვილი რამდენიმე წელია, საბრძოლო ხელოვნებითაა დაინტერესებული.

ნაბიევი 2024 წლის 23 ოქტომბერს იმყოფებოდა მთიანი ყარაბაღის ქალაქ შუშაში, რომელიც აზერბაიჯანმა ყარაბაღის მეორე ომის შედეგად 2020 წელს აღადგინა კონტროლი. 23 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პოსტში ნაბიევი შუშაში ტურის ორგანიზებისათვის მადლობას უხდის აზერბაიჯანის რესპუბლიკას და საელჩოს საქართველოში.

ხამზატ ჩიმაევს უმასპინძლა MMA-ის კიდევ ერთმა მებრძოლა, ქართველმა ჩემპიონმა, გურამ ქუთათელაძემ, რომლის დებიუტიც UFC-ში 2020 წელს შედგა.

ჩიმაევმა გამოაქვეყნა ქუთათელაძესთან და მის დედასთან ერთად გადაღებული ფოტოც.

თბილისში ისინი ასევე შეხვდნენ ავტომობილებისა და საათების კოლექციონერს, კომპანია „ლუქს თაიმის“ თანამფლობელ საბა მიქავას. იგი საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა.

ფოტო ლარსიდან

23 დეკემბერს 12:00 საათისთვის ჩიმაევმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის და რუსტამ ედილსუნთანოვი ჩანან. ედილსუნთანოვი ნაკლებად ცნობილი სპორტსმენია, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს.

ვიდეოში ისინი საქართველო-რუსეთის საზღვართან, ლარსის გამშვებ პუნქტთან, ქართულ მხარეს იმყოფებიან.

ხამზატ ჩიმაევის „სთორი“ ლარსის გამშვები პუნქტიდან

ხამზატ ჩიმაევის „სთორი“ ლარსის გამშვები პუნქტიდან

კადიროვი - „უფროსი ძმა“

ხამზატ ჩიმაევი ჩეჩნეთის მეთაურთან, ავტორიტარ ლიდერ რამზან კადიროვთანაა დაახლოებული.

2024 წლის 5 ოქტომბერს, როდესაც კადიროვი 48 წლის გახდა, ჩიმაევმა მას დაბადების დღე საჯაროდ მიულოცა, მას „უფროსი ძმა“ უწოდა და დაწერა:

„რამზან ახმატოვიჩი ჩემთვის არის უმთავრესი მოტივატორი, და სწორედ მისი წყალობითა და ყოვლისშემძლე [ალაჰის] ნებით, განახლდა ჩემი კარიერა და ხელახალი სიცოცხლე შეიძინა, როდესაც ყველაზე რთულ დროს მან წამიყვანა სახლში, მესაუბრა, ძვირფასი რჩევები მომცა და ყველა შესაძლო გზით დამიჭირა მხარი და ამას დღემდე აგრძელებს“.

„ყველამ ვიცით, რა როლს ასრულებს ის ჩვენი ხალხის, რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის ცხოვრებაში, როგორ უყვართ და პატივს სცემენ ყველგან“, - წერდა ჩიმაევი კადიროვზე.

რამზან კადიროვი, რომელმაც 2007 წელს მამისგან, ახმატ კადიროვისგან გადაიბარა რესპუბლიკის პრეზიდენტობა, ვლადიმერ პუტინის რუსეთში სისასტიკით არის ცნობილი. მისი მმართველობა ხასიათდება მძიმე რეპრესიებით, პოლიტიკურ ოპონენტთა მკვლელობებითა და ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევებით.

უფლებადამცველი ორგანიზაციბის, მათ შორის Human Rights Watch-ისა და Amnesty International-ის შეფასებით, კადიროვის ძალაუფლება ემყარება შიშს, ხოლო რეჟიმის სიმყარის შესანარჩუნებლად მისი მმართველობის პირობებში ხშირად ხდება წამება, ასევე, ხშირია „გაუჩინარებები“ და „მკვლელობები სასამართლოს გარეშე“.

მისი ძალაუფლების ერთ-ერთი საყრდენია არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფები, რომლებსაც „კადიროველებს“ უწოდებენ.

სხვადასხვა დროს გავრცელებული ფოტოები აჩვენებს კადიროვისა და ჩიმაევის ახლო ურთიერთობას. 2022 წლის 21 მაისს კადიროვი ჩიმაევის ქორწილსაც კი დაესწრო.

რამზან კადიროვი და ხამზატ ჩიმაევი

რამზან კადიროვი და ხამზატ ჩიმაევი

2023 წლის 22 ოქტომბერს, - ისრაელზე ჰამასის ტერორისტული თავდასხმიდან რამდენიმე კვირაში, - ჩიმაევმა რამზან კადიროვს მიმართა: „გთხოვთ, მომეცით იარაღი და ნება მომეცით, პალესტინისთვის ვიბრძოლო“.

რამზან კადიროვს არამხოლოდ რუსეთში, არამედ აშშ-სა და არაბთა გაერთიანებულ საამიეროებში მოქმედი MMA-ის ვარსკვლავების მხარდაჭერის დიდი ხნის ისტორია აქვს.

„სპორტსვოშინგი“

პროპაგანდის ფორმას, რომელიც სპორტსა და სპორტსმენებს პოლიტიკოსების რეპუტაციის ასამაღლებლად იყენებს, „სპორტსვოშინგი“ ჰქვია.

ეს ინგლისური ტერმინი ქართულად სპორტის საშუალებით პოლიტიკური ჭუჭყის ჩამორეცხვას ნიშნავს.

ამ პრაქტიკას იყენებენ მთელ მსოფლიოში, მათ შორის მაგალითად, საუდის არაბეთში, სადაც ლიდერები სპორტსმენებთან ურთიერთობებით ადამიანის უფლებათა კუთხით მძიმე მდგომარეობის გადაფარვას ცდილობენ - და საქართველოშიც.

ასევე, რუსეთში, სადაც ასეთი პრაქტიკის სულისჩამდგმელი რამზან კადიროვია, რომელიც ამას MMA-ის, მათ შორის UFC-ის მებრძოლებით აკეთებს.

„სპორტსვოშინგი“ გვხვდება საქართველოშიც. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მუდმივად ცდილობენ, ექსკლუზიური ადგილები დაიკავონ წარმატებული ქართველი თუ უცხოელი სპორტსმენების გვერდით.

სრულად წაკითხვა