ავტორი: თამარ სურმავა, იურისტი
ცვლილება #1
მოქმედი კანონით, რეორგანიზაციად არ ითვლება „საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება,“ რაც ლოგიკურია.
კ ა ნ ო ნ პ რ ო ე ქ ტ ი თ, „რეორგანიზაციის საფუძველი აგრეთვე შესაძლებელია გახდეს სტრუქტურულ ერთეულში თითოეული დასაქმებულისათვის ახალი ფუნქციის დამატება ან არსებული ფუნქციების ცვლილება.“
რას ნიშნავს ეს? – ეს ნიშნავს იმას, რომ დასაქმებულს შეიძლება დაემატოს რაიმე ნებისმიერი ახალი ფუნქცია და თუ ემატება – ეს უკვე რეორგანიზაციაა.
ცვლილება #2
მოქმედი კანონით, რეორგანიზაცია ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულების სამსახურიდან გათავისუფლებას. რეორგანიზაციის დროს შესაძლებელია დასაქმებული საერთოდ არ გათავისუფლდეს სამსახურიდან.
კ ა ნ ო ნ პ რ ო ე ქ ტ ი თ, რეორგანიზაციის დროს თუ სტრუქტურულ ერთეულში თითოეულ დასაქმებულს ახალი ფუნქცია ემატება ან არსებული ფუნქციები ეცვლება, ან შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან სხვა ერთეულის შერწყმა ხდება, ან შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში მცირდება შტატები, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებული თითოეული მოხელე სამსახურიდან გათავისუფლდება და გამოცხადდება კონკურსი.
რას ნიშნავს ეს? – ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მაგ. დასაქმებულებს ახალი ფუნქციები ემატებათ [რაიმე ნებისმიერი] თავისუფლდებიან სამსახურიდან და ხდება ახალი კადრების მიღება, ან იგივე კადრების. უგულებელყოფილია შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის ყველა პრინციპი.
ცვლილება #3
მოქმედი კანონით, პირველი, მეორე ან მესამე რანგის მოხელე თანამდებობაზე ინიშნებოდა მხოლოდ შიდა ან დახურული კონკურსის საფუძველზე. ღია კონკურსით მითითებულ რანგზე ინიშნებოდა მხოლოდ 2 შემთხვევაში: ა) თუ კონკურსის საფუძველზე შესაფერისი კანდიდატი ვერ შეირჩეოდა და ბ) არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით დახურული კონკურსის საფუძველზე შესაფერისი კანდიდატი ვერ შეირჩეოდა.
კ ა ნ ო ნ პ რ ო ე ქ ტ ი თ, რეორგანიზაციის დროს თუ სტრუქტურულ ერთეულში თითოეულ დასაქმებულს ახალი ფუნქცია ემატება ან არსებული ფუნქციები ეცვლება, ან შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან სხვა ერთეულის შერწყმა ხდება, ან შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში მცირდება შტატები, შესაძლებელია ღია კონკურსის დანიშვნა.
რას ნიშნავს ეს? – ეს ნიშნავს იმას, რომ თუ პირველი, მეორე ან მესამე რანგის თანამშრომელს მაგ. დაემატა ახალი ფუნქცია [რაიმე ნებისმიერი], ტარდება რეორგანიზაცია, თავისუფლდება დასაქმებული და ინიშნება კონკურსი, სადაც შეიძლება დასაქმდეს ნებისმიერი, მათ შორის, გარედან მოსული პირი. ხდება რანგირების პრინციპის უგულებელყოფა.
ცვლილება #4
კ ა ნ ო ნ პ რ ო ე ქ ტ ი თ, ზემოთ მითითებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ აჩერებს ამავე აქტებს. ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებით მოთხოვნის დაკმაყოფილება არ იწვევს უკვე კონკურსით არჩეული მოხელის გათავისუფლებას და სამსახურში აღდგენას. მიეცემა მხოლოდ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით კომპენსაცია.
რას ნიშნავს ეს? – ეს ნიშნავს, იმას, რომ თუ მაგ. დასაქმებულს დაემატა ახალი ფუნქცია [რაიმე ნებისმიერი], ტარდება რეორგანიზაცია, თავისუფლდება დასაქმებული, ინიშნება კონკურსი, სადაც შეიძლება დასაქმდეს ნებისმიერი, არსებული ან გარედან მოსული პირი. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში გადაწყვეტილების მიღება ჭიანურდება, ჩატარდება კონკურსი, დაინიშნება ახალი თანამშრომელი, ვერ აღდგება ძველი და ამასთან, მიეცემა კომპენსაცია მხოლოდ 3 თვის ხელფასის ოდენობით.
ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს 31/07/2015წ. №2/3/630 გადაწყვეტილებას, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ძველი ნორმა, რომელიც აწესებდა იძულებით განაცდურზე 3-თვიან ლიმიტს.
ცვლილება #5
მოქმედი კანონით, მობილობის წესი ვრცელდებოდა რეორგანიზაციის შემთხვევებზე.
კ ა ნ ო ნ პ რ ო ე ქ ტ ი თ, მობილობის წესი არ ვრცელდება რეორგანიზაციის შემთხვევებზე.
რას ნიშნავს ეს? – ეს ნიშნავს იმას, რომ თუ დასაქმებული გათავისუფლდება რეორგანიზაციის საფუძვლით, იგი საერთოდ თავისუფლდება.
ცვლილება #6
მოქმედი კანონით, მოხელის შეფასებას ახორციელებს უშუალო ხელმძღვანელი ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლის ჩართულობით.
კ ა ნ ო ნ პ რ ო ე ქ ტ ი თ, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია შეცვალოს მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ მომზადებული შეფასება ამ შეფასებიდან 3 თვის ვადაში.
რას ნიშნავს ეს? – ეს ნიშნავს იმას, რომ საჩივარი აღარ არის საჭირო შეფასების შესაცვლელად, რაც დიდ ბუნდოვანებას ტოვებს. არსებობს რისკი, რომ მისი გამოყენება მოხდეს ურჩი უშუალო ხელმძღვანელის გადაწყვეტილების გადასაფარად. რამაც მომავალში შეიძლება გავლენა იქონიოს მოხელის წახალისებაზე, კლასის მინიჭებაზე, სამსახურიდან გათავისუფლებაზე თუ სხვა.
კანონპროექტი მიიღება დაჩქარებული წესით და მიღების შემთხვევაში ძალაში შევა 1 თებერვლიდან!