5
მანქანის დიაგნოსტიკას ყველა რომ პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე ვაკეთებდეთ, ბევრად ნაკლები დაგვეხარჯებოდა. მაგრამ სანამ დადის, რა მეჩქარებაო – ფიქრობს ხოლმე მძღოლი და იმიტომაცაა ამდენი გაუმართავი, თუ ნახევრადგამართიული მანქანა ქუჩაში, იმიტომაცაა ამდენი ავარია, თუ საავარიო შემთხვევა. არადა. მანქანა გველაპარაკება, გვაფრთხილებს, გვეჩხუბება და გვიყვირის ლამის, რომ წავიყვანოთ დიაგნოსტიკაზე და მეტი რა უნდა ქნას, მართლა და მართლა რკინამ? თავად ხომ არ წავა ხელოსანთან?
პასუხისმგებლიანობა ერთია და არც კანონი დაივიწყო – თუ საავარიო სიტუაცია შეიქმნა, მძღოლის სიტყვა, რომ თურმე, არ იცოდა, რა პრობლემა ქონდა მის მანქანას – არაა არგუმენტი, ანუ ეს ის შემთხვევაა, როცა „არცოდნა ცოდვაა“. არ თავისუფლდები პასუხისმგებლობისგან კანონთან, მაშინაც კი, თუ იტყვი, რომ არ იცოდი, რადგან შენ გევალებოდა ცოდნა, შენი მანქანაა, შენ უნდა შეგემოწმებია.
როგორ გვანიშნებს მანქანა, რომ დიაგნოსტიკა სჭირდება?
- ე.წ. ძრავის ანთება.თუ ინდიკატორი მუდმივად ანთია, მინიმუმ რამდენიმე სახის პრობლემაზე მიგვანიშნებს – მაგალითად, შეიძლება დაზიანებული იყოს ჰაერის ნაკადის სენსორი, ან კატალიზატორი. თუ ინდიკატორი მუდმივად არ ანთია და ციმციმებს, ეს უკვე კრიტიკული საფრთხის მაჩვენებელია. ასეთ დროს რეკომენდებულია დაუყოვნებლივ გააჩერო მანქანა და დიაგნოსტიკისთვის გადაიყვანო ევაკუატორით.
- თუ ABS, ან AIRBAG-ის სისტემები “აინთნენ” დიაგნოსტირება გჭირდება, რათა ზუსტად დადგინდეს კონკრეტული სენსორული პრობლემაა, თუ მექანიკური ხარვეზი.
- ასევე, თუ ავტომობილი ერთხელაც მოულოდნელად იცვლება – მაგალითად, როდესაც “ვეღარ წევს” ან აჩქარებისას პაუზები აქვს.
- ან თუ გაჩერებულ მდგომარეობაში ძრავი თრთის და ან ვიბრირებს.
- თუ მანქანამ უეცრად დაიწყო მეტი საწვავის წვა, ვიდრე ადრე. ხშირად მიზეზი ჟანგბადის სენსორის ან ჰაერის საზომის გაუმართაობაა. თუმცს, არსებობს სხვა მიზეზებიც და ამიტომაც დიაგნოსტიკას არც ამჯერად აქვს ალტერნატივა.
- თუ ძრავის ჩაქრობა ან დაქოქვა რთულდება, ტემპერატურის ცვლილებისას ან გაჩერებისას ძრავა თუ უეცრად ქრება, ესეც გადაუდებელ დიაგნოსტიკაზე მიგვანიშნებს.
- მეორადი მანქანის ყიდვამდე კი დიაგნოსტიკა სულაც ოქროს სტანდარტია. აუცილებლად უნდა შემოწმდეს წაშლილი შეცდომების ისტორია (გამყიდველმა ხელოვნურად ხომ არ ჩააქრო რომელიმე), რამდენად გამართულად მუშაობს უსაფრთხოების ბალიშები და არის თუ არა, ფარული ელექტრონული ხარვეზები.
- ასევე, აუცილებელი სტანდარტია სეზონური დიაგნოსტიკა. სამწუხაროდ, უმრავლესობას სეზონისთვის მომზადება მხოლოდ საბურავების შეცვლა ჰგონია. მერე კი სერიოზული პრობლემა როცა იჩენს თავს, – უკვე გვიანია..სეზონური “ვირუსებისა” და “ალერგიებისთვის” მანქანებიც საჭიროებენ მოვლას, პრევენციას და “ვაქცინაციას”.
- შორ გზაზე გამგზავრებამდე მანქანის შემოწმება ყველა პასუხისმგებლიანი მძღოლის ვალდებულებაა. ხანგრძლივი მოგზაურობის წინ დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ისეთი მცირე ხარვეზები, რომლებიც ჯერ ინდიკატორით არ გამოსახულა, მაგრამ დატვირთვისას შესაძლოა გზაში პრობლემად იქცეს.
კოდები და ცრუ კოდები – რას გვაჩვენებს დიაგნოსტიკა?
ბევრი თვლის, რომ მთავარი კომპიუტერია, ტექნიკა, სკანერი, რომელიც კოდს გაჩვენებს,
რეალობა ისაა, რომ კოდების მიღმა მთელი სამყაროა, რომელსაც ქვია – პროფესიონალიზმი და გამოცდილება. მხოლოდ ადამიანია ამ სამყაროში უფროსიც და უმცროსიც. შეცდომების სწორად წაკითხვა კარგია, ცხადია, მაგრამ მნიშვნელოვანია დაკვირვება რეალურ დროში, ისეთი დეტალების, როგორიცაა მაგალითად საწვავის მიწოდება, სენსორების ძაბვის ცვლილება და ან ტემპერატურული გრაფიკები.
სკანერი სენსორთა ხანმოკლე შეცდომას ზოგჯერ სულაც ვერ აფიქსირებს, ამიტომ პირდაპირ ხარ დამოკიდებულია მანქანის დიაგნოსტიკის ხელოსანზე, ცუდი სპეციალისტია და გაგიშვებს უკან და მერე ასე ივლი, სანამ პატარა ხარვეზი არ გადაიქცევა სერიოზულ პრობლემად, თუ კარგი სპეციალისტია და მიხვდება, რომ რაკი სკანერმა არ აჩვენა, ეს იმას კი არ შეიძლება ნიშნავდეს, რომ ხარვეზი არაა, არამედ იმასაც, რომ შეიძლება იმდენად ხანმოკლე იყო, ვერ დააფიქსირა სკანერმა და გამოიყენებს ოსცილოგრაფს. ოსცილოგრაფი უკვე სიგნალის გრაფიკულ ანალიზს გაჩვენებს და სენსორების სინქრონიზაციის შესამოწმებლად, ერთ–ერთი საუკეთესო მეთოდია.
თუ საეჭვოა სისტემის ფარული, ოღონდ, მცირე გაჟონვა, საუკეთესო პრაქტიკაა Smoke Machine (ე.წ. ბოლის გენერატორი) გამოყენება, მისი დახმარებით უმცირესი ბზარიც კი შეიძლება აღმოაჩინო მილებში, ან ავზის თავსახურზე.
ცრუ შეცდომის კიდევ ერთი ხშირი მიზეზია კონტაქტები. მოდერნისტულ მანქანებს აქვს არაერთი ელექტრონული ბლოკი. ერთი არასწორი კონტაქტი ზოგჯერ ათობით სხვადასხვა ცრუ შეცდომას „აგდებს“. „წამალი“ მხოლოდ და მხოლოდ პროფესონალი კადრია. მოდი ასე ვიტყვი, პროფესიონალი და პატიოსანი კადრი. თორემ, რომ გითხრას, აი, 10 შეცდომა ‘ამოაგდო“, ბატონოო და ან არ „ამოაგდო“ შეცდომაო, – ფული გამოგართვას და გაგიშვას უკან ხარვეზიანი მანქანით, ვერაფერსაც დაუმტკიცებ.
რაც შეეხება ძაბვის ვარდნას, წინაღობის გაზომვა არ არის საკმარისი, საჭიროა ძაბვის ვარდნის ტესტი დატვირთვის დრო, რათა გამოჩნდეს, დატვირთვისას, ახერხებს თუ არა წრედი საჭირო ელეტროობის გატარებას.
მაგალითად, კოდი – P0300 შეიძლება აჩვენოს სკანერმა. ამ დროს ზუსტი დიაგნოზისთვის აუცილებელია მექანიკური ხელსაწყოები – კომპრესომეტრი, ენდოსკოპი, ცილინდის დათვალიერება და ვაკუუმმეტრი, რადგან ეს კოდი უმეტესაც მიუთითებს მექანიკური პრობლემიდან გაჩენილ ხარვეზს.
რომ შევაჯამოთ, სკანერი არის იგივე რაც წნევის აპარატი, ან თერმომეტრი – გეუბნება, რომ წნევა გაქვს მაღალი, ან ტემპერატურამ აგიწია, მიზეზი რაა, რა იწვევს ან წნევას და ან სიცხეს, როგორ მივხედოთ, რომ აღარ იყოს ეს სიმპტომები – ამის დასადგენად მხოლოდ პროფესიონალი ხელოსანი გვჭირდება. სკანერი ხელში არ ნიშნავს პროფესიონალიზმს და თუ ხელოსანი არ არის გამოცდილი, წყალში გადაყრილი ფულია. კიდევ კარგი, თუ მხოლოდ დიაგნოსტიკის, თორემ, ცუდმა ხელოსანმა შეიძლება ათობით ძვირადღირებული ნაწილი გაყიდინოს და გამოგაცვლევინოს, რადგან კოდების წაკითხვის იქეთ არ იცის რა უნდა გააკეთოს და იმ პატარა ან დიდ ხარვეზს, ვერ პოულობს,
ცრუ კოდები თუ ფულის ხაფანგი?
მივიდა მანქანის დიაგნოსტიკისთვის ადამიანი, სკანერმა აჩვენა კოდი $P0171 და გამოაცვლევინეს ჰაერის მზომი სენსორი, უთხრეს, რომ ამ ნაწილის ბრალი იქნებოდა. ორ დღე ისევ ისეთივე პრობლემის წინ დადგა და ზუსტად იგივე კოდი აანთო.
საქმე ისაა, რომ ეს კოდი გვეუბნება – ძრავის მართვის ბლოკს ჟანგბადის სენსორმა აცნობა, რომ ნარევში ჰაერი მეტიაო. არაპროფესიონალი ფიქრობს, აჰა, ჰაერს არასწორად ითვლის, ანუ, ჰაერის მზომია გაფუჭებული. გამოცდილმა კი იცის, რომ სენსორი მხოლოდ იმ ჰაერს ითვლის, რამაც მასში გაიარა და თუ კოლექტორში ან მილში ბზარია, ძრავა იწოვს დაუთვლელ ჰაერს. ანუ, საქმე მექანიკურ გაჟონვაშია და არა სენსორში. საჭიროა რეალურ დროში ნახო საწვავის პარამეტრები და ე.წ. ბოლის გენერატორით შეამოწმო სისტემა. აღმოჩნდა, რომ სენსორი მართლაც არაფერ შუაშია და უბრალოდ, ერთ–ერთი პატარა რეზინის მილი იყო გაბზარული, საიდანაც ჰაერი იპარებოდა. კლიენტს უკვე გადახდილი ჰქონდა დიაგნოსტიკის და ნაწილის თანხა. არადა, სულ რაღაც 20–25 ლარიანი მილი იყო შესაცვლელი.
კიდევ ერთი შემთხვევა, სკანერმა კოდი $P0303 აჩვენა. ამ კოდის გამო, მანქანის მეპატრონეს აყიდინეს და გამოაცვლევინეს მესამე ცილინდრის სანთელი და ანთების კოჭა. პროფესიონალი კი, მესამე ცილინდრის კოჭას გადაიტანს მეორეში და თუ შეცდომაც უკვე მეორე ცილინდრში გადავიდა, მხოლოდ ამ შემთხვევაშია კოჭას ბრალი. თუ შეცდომა ისევ მესამე ცილინდრში დარჩა, ენდოსკოპით და კომპრესომეტრით უნდა შემოწმდეს ცილინდრის მექანიკური მდგომარეობა, ხომ არ არის სარქველი დამწვარი და ან კომპრესია დაბალი. არადა, ეს მეთოდი, ნაწილებისთვის ადგილების გაცვლის და ისე გადამოწმების – უფასოა, არ იხდი დამატებით თანხას, არც ნაწილს ყიდულობ და 100–პროცენტიან პასუხს იძლევა. მხოლოდ ის გჭირდება, მანქანის დიაგნოსტიკის სპეციალისტი იყოს პროფესიონალი.
აუცილებლად უნდა მოვყვე კიდევ ერთ შეცდომაზე, რადგან საკმაოდ გავრცელებულია და უმეტესად ფულის ყველაზე დიდი ხაფანგი. გაიარა მანქანამ სკანერი და ეკრანი გაივსო, იმდენი კოდი ამოყრა, 10–15 კოდია და ფერი დაეკარგოს შეიძლება მეპატრონეს, თუ უყურებს. მიუბრუნდება ხელოსანიც და ეტყვის, რომ აი, ძმაო, თავად ხედავ, შენი თვალით, ნახევარი ელექტროობა გადასაყრელი აქვს. ან ვალს იდებ და ყიდულობ ათობით ნაწილს, ან მიდიხარ და გამწარებულ გულზე, კაპიკებად გაყიდი, მოიშორებ მანქანას. არადა, ყველა პატიოსანმა, კარგმა ხელოსანმა იცის, რომ ამდენი სენსორი ერთად და ერთდროულად არ ფუჭდება და პრობლემა საერთო კვებაშია უმეტესად. თანამედროვე ავტომობილში ხომ ათეულობით ელექტრონული მოდელია, ყველა მათგანი კვებას და უარყოფით პოლუსს იღებს ძარისგან ან სპეციალური სადენებისგან. როცა ძარაზე რომელიმე კონტაქტი დაჟანგულია ან მოშვებულია, ძაბვა ვარდება დაბალი ძაბვის გამო ყველა სენსორი იწყებს არასწორი სიგნალის გაგზავნას და სკანერზე ერთდროულად ჩნდება 10–15 „შეცდომა“.
პროფესიონალმა იცის, რომ ძაბვის ვარდნის ტესტია ამ დროს პირველი ნაბიჯი, კვლევას კი იწყებს კვებიდან, დაჟანგულ, მოშვებულ ჭანჭიკებს ეძებ გასაწმენდად, ან გამოსაცვლელად. როგორც კი იპოვი ძაბვის ვარდნის რეალურ მიზეზს და უმეტესად ეს დაჟანგული ჭანჭიკია ხოლმე, როგორც კი ამ ჭანჭიკს გაწმენდ, ან გამოცვლი, ის 10–15 შეცდომა ქრება სკანერზე და ეს სულაც არ არის ჯადოქრობა და საოცრება – პროფესიონალიზმია.
ამ და მსგავსს შეცდომებს უმეტესად ცრუ შეცდომებს უწოდებენ, მე კი, ცრუ ხელოსნებს და ფინანსურ ხაფანგებს ვეძახი. მსგავს მახეში რომ არ გაება, წინასწარ გაეცანი კომენტარებს, რადგან კომენტარებს წერენ რეალური მომხმარებლები, საკუთარ გამოცდილებაზე და ან შეამოწმე რომელიმე იმ მაგალითით, რომელიც მოვყევი, მაგალითად, ჰკითხე, რას ნიშნავს ერთდროულად 10–15 კოდი სკანერზე და რა კეთდება ამ დროს პირველ რიგში. წასვლაც არ გჭირდება არსად, გიტოვებ გვერდს, სადაც საკონტაქტო მონაცემებია მანქანის დიაგნოსტიკის ხელოსნების. ჩაუჯექი და სახლიდანვე აარჩიე. სხვათა შორის. უმრავლესობა გამოძახებით მუშაობს, ამიტომ არჩევის მერეც არ გჭირდება წასვლა და არც მანქანის გადატანა ევაკუატორით. მოვა და ადგილზევე შეამოწმებს.
(R)
საერთაშიროსო alia.ge