რა წერია ევროკავშირის საბჭოს დასკვნაში საქართველოს შესახებ

4 days ago 6

ევროკავშირის (ზოგად საქმეთა) საბჭომ დაამტკიცა დასკვნები გაფართოების შესახებ, რომელიც მოიცავს დასავლეთ ბალკანეთის ექვს ქვეყანას, თურქეთს, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს.

ზოგად საქმეთა საბჭო სინანულს გამოხატავს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ საქართველოს მთავრობის განცხადების გამო და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას იწვევს. ასევე, ღრმა შეშფოთებას გამოხატავს  დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ძირითადი უფლებების ნაწილში საქართველოს უკუსვლის გამო.

ევროკავშირის საბჭო  მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების და პოლიტიკოსები მიმართ.

„საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა აქტი უნდა იყოს გამოძიებული და შესაბამისი პირები პასუხისგებაში მიეცენ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტების და ჟურნალისტების დაშინება, ძალადობა და დისკრიმინაცია უნდა შეწყდეს“, — ნათქვამია დასკვნაში.

საბჭო სერიოზული შეშფოთებით აღნიშნავს OSCE/ODIHR-ის წინასწარ შეფასებებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ნაკლოვანებებზე მიუთითებს და საქართველოს მოუწოდებს, გამოიძიოს და აღმოფხვრას საარჩევნო დარღვევები და ახსენებს, რომ ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმა ცხრა ნაბიჯის ნაწილია.

საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს კონკრეტული ქმედებები პოლარიზაციის დასაძლევად და თავი შეიკავოს ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკისა და დეზინფორმაციის გავრცელებისგან.

ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს სასამართლო სისტემის და ზოგადად, ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ნაკლებობის გამო და აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ საჭიროა სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის რეკომენდაციების შესაბამისად.

ეკონომიკურ კრიტერიუმებთან დაკავშირებით საბჭო აღნიშნავს მომზადების ზომიერ და ფუნქციონირებაზე საბაზრო ეკონომიკის განვითარების შეზღუდულ პროგრესს.

ამასთან, ევროკავშირის საბჭო საქართველოს მოუწოდებს, სწრაფად შეასრულოს ვიზალიბერალიზაციის მთავარი კრიტერიუმები, მათ შორის თანხვედრაში მოვიდეს ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან, მოაგვაროს თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების საკითხი და უზრუნველყოს ძირითადი უფლებების მოთხოვნებთან შესაბამისობა.

ევროკავშირის საბჭო ელის, რომ საქართველო პრიორიტეტულად გააძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) პოზიციებთან და მათ შორის რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში მოსასვლელად.

ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფოდ დაუბრუნდნენ ევროკავშირის გზას და გაატარონ დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.

სრულად წაკითხვა