"რთული სეზონი გამოვიდა, აფრენილი თვითმფრინავის შეკეთება გვიწევდა" - კორღალიძე

1 week ago 5

ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ, რომელმაც "იბერიას" ჩემპიონობა მოუტანა, განვლილ პერიოდსა და მომავალზე ისაუბრა.

"საუკეთესო მწვრთნელად დასახელება ჩემთვის ძალიან დიდი აღიარებაა. ამ ჯილდოს უკან შრომა, იმედგაცრუება, ცრემლი, დაცემა და წამოდგომაა. ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ამ სირთულეების შემდეგ შენი გუნდი ჩემპიონი ხდება, თავად კი საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოს იღებ.

ეს არაა მხოლოდ ჩემი ჯილდო, ეს დაიმსახურეს ფეხბურთელებმა, სტაფმა და "იბერიის" ხელმძღვანელებმა, ამ წარმატებას ერთობით მივაღწიეთ. სწორედ ამის შედეგია, სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ მესამე ადგილზე მყოფი გუნდი ჩემპიონი რომ გახდა.

ყველაფერს თავი ერთად გავართვით. რთული სეზონი გამოვიდა, რადგან უკვე აფრენილი თვითმფრინავის შეკეთება გვიწევდა. ამის მიუხედავად, ძალიან ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენეთ, ბოლო 18 მატჩიდან მხოლოდ ერთი წავაგეთ და საბოლოოდ, ჩემპიონები გავხდით.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგისთვის გუნდის გაძლიერებას, მნიშვნელოვანია შემადგენლობის კვალიფიკაცია, მწვრთნელის, მენეჯმენტის სწორი მუშაობა, სტაბილურობა და ფინანსური ხელშეწყობა. შევეცდებით, წერტილოვნად გავძლიერდეთ და ბირთვი შევინარჩუნოთ, რადგან "იბერიაში" ახალგაზრდებისა და გამოცდილების საკმაოდ კარგად დაბალანსებული შემადგენლობაა"

- თქვა კორღალიძემ პირველ არხთან საუბარში.

სრულად წაკითხვა