საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის ეკა სირაძის შეფასებით, პრეზიდენტ მაკრონის ზარი ბიძინა ივანიშვილთან პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის ლეგიტიმურობის არაღიარებაზე მიუთითებს.
„მაკრონმა ამ ნაბიჯით ივანიშვილს ძალიან მკაფიოდ უთხრა: მე არ ვიცი, შენ ვინ დასვი იქ პრემიერად ან პარლამენტის თავმჯდომარედ, შენ ხარ გადაწყვეტილების მიმღები და შენ ხარ პასუხისმგებელი, შესაბამისად, გელაპარაკები შენ. საერთაშორისო ლეგიტიმაცია, რომელსაც არჩევნების შემდეგ ასე ძალიან ელოდება მმართველი პარტია, მათ ამ ზარითაც ვერ მიიღეს. პირიქით, ივანიშვილისადმი ზარით მიიღეს ხაზგასმა, რომ პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის ინსტიტუტები არალეგიტიმურად ითვლება…
ტექსტი არის ძალიან ცალსახა და მკაფიო, ყოველგვარი დიპლომატიური ორაზროვნებისგან დაცლილი და ძლიერი სიტყვებით დატვირთული. გამოყენებულია ისეთი სიტყვები, როგორიცაა: დაგმო (დაშინება და ძალადობა), მოითხოვა (დაკავებულების გათავისუფლება) და მოუხმო (გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ). ასევე, ძალიან საინტერესოა, რომ მაკრონმა ივანიშვილს ფაქტობრივად უთხრა, მწუხარებას გამოვთქვამ, რომ ევროპულ გზას აცდით და მე ვარ გარანტი იმისა, რომ ევროკავშირი შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს თქვენი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეო. ჩემი აზრით, ეს არის მუქარა — გაკვირდებით, გხედავთ, ვიცით, რა ხდება და მივიღებთ გადაწყვეტილებებს. აქ გასათვალისწინებელია, რომ ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს ფრანგული პასპორტი. შესაბამისად, შემთხვევითი არ მგონია და ძალიან ცალსახა გზავნილია, რომ ივანიშვილს სწორედ მაკრონმა დაურეკა“, განუცხადა „ნეტგაზეთს“ ეკა სირაძემ, რომელიც საფრანგეთში საქართველოს ელჩი იყო 2013-2018 წლებში.