ევროვიზია 2025-ის სცენის ვიზუალი ცნობილია.
რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის სცენის დიზაინი შვეიცარიის მთებითა და მრავალფეროვნებითაა შთაგონებული.
მომავალი წლის ევროვიზიის სცენის დიზაინერი შვეიცარიული წარმოშობის ფლორიან ვიდერია, რომელმაც შთაგონება შვეიცარიის მთებიდან და ქვეყნის ენობრივი მრავალფეროვნებიდან მიიღო.
„ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა რევოლუციური სცენის კონცეფცია, რომელიც აქამდე არასდროს გვინახავს ევროვიზიაზე. სცენა მაყურებელს საშუალებას მისცემს, ევროვიზიის ნაწილი ისე გახდეს, როგორც არასდროს“, – აღნიშნა დიზაინერმა.
გაისად კონკურსში მონაწილეობას 38 ქვეყანა მიიღებს. ევროფესტივალი St. Jakobshalle-ის დარბაზში გაიმართება, რომელიც 12 000-ზე მეტ მაყურებელს იტევს. აქ არაერთი საერთაშორისო სპორტული თუ კულტურული ღონისძიება ჩატარებულა.
შვეიცარიამ კონკურსის მასპინძლობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც 2024 წლის კონკურსზე შვეიცარიის წარმომადგენელმა Nemo-მ გაიმარჯვა სიმღერით The Code. მან 591 ქულა მიიღო.
2025 წლის ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველო, ალბანეთი, სომხეთი, ავსტრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბელგია, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სან მარინო, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა და დიდი ბრიტანეთი.
ევროვიზიის რიგით 69-ე ფესტივალი 2025 წლის 13, 15 (ნახევარფინალები) და 17 მაისს (ფინალი) გაიმართება.