როგორ დატოვეს პატიმრობაში “ავანსად დაკავებულები” – რეპორტაჟი სასამართლოდან

5 hours ago 3

8-საათიანი სხდომის ბოლოს, მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ კვლავ პატიმრობაში დატოვა პროევროპული აქციების 11 მონაწილე: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, რევაზ კიკნაძე, ჯანო არჩაია, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რუსლან სივაკოვი და სერგი კუხარჩუკი.

მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში, ამ შემთხვევაში, პოლიციელებზე თავდასხმაში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თითოეულ მათგანს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მოსამართლის გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ დარბაზში მყოფი დაკავებულების ოჯახის წევრები. ხმაური იყო სასამართლოს ეზოშიც, სადაც მოქალაქეები დილიდან შეიკრიბნენ ბრალდებულთა მხარდასაჭერად.

ვითარება გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სხდომის დარბაზში და სასამართლოს ეზოში

“ნეტგაზეთი” გიყვებათ, რა ხდებოდა სასამართლო სხდომაზე 8 საათის განმავლობაში.

სხდომის დაწყებამდე

სხდომა 10:30-ზე იყო დანიშნული, თუმცა თითქმის ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. დაკავებულთა ოჯახის წევრები დარბაზთან განსაზღვრულზე 1 საათით ადრე მივიდნენ და დაწყებამდე ვიწრო დარბაზში, ჭყლეტაში იდგნენ.

სხდომაზე დასწრება ყველას უნდოდა – ზოგს ადვოკატების სამართლებრივი არგუმენტები აინტერესებდა, ზოგს უნდოდა პროკურორის ბრალდება პირადად მოესმინა, ვიღაცები შვილის, ან ძმის გათავისუფლებას ელოდნენ, ნაწილს კი უბრალოდ სურდა შორიდან მაინც დაენახა ოჯახის წევრი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დააკავეს და “ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს ეყოლებათ ჩემი გულიანი ბიჭი ციხეში ამ ბოროტმოქმედებს”.

მანდატურებმა თქვეს, რომ დარბაზში, სადაც სხდომა უნდა გამართულიყო, მხოლოდ 30 ადამიანი ეტეოდა. დარბაზთან შეკრებილებმა დაიწყეს მსჯელობა, ვისი შესვლა იყო პრიორიტეტული – დედის თუ ბებიის, ცოლის თუ შვილის, ძმის თუ დის.

პარალელურად, ითხოვდნენ სხდომა სხვა, უფრო დიდ დარბაზში გადაეტანათ. ეს მოთხოვნა მოსამართლის თანაშემწესთან დააფიქსირეს ადვოკატებმაც, თუმცა “ტექნიკური მიზეზების გამო” მოსამართლე დარბაზის შეცვლას არ დათანხმდა. თუმცა, არავის განუმარტავს, რა ტექნიკური მიზეზების გამო იქმნებოდა პრობლემა.

11 დაკავებულს ჯამში 13 ადვოკატი იცავს. სხდომათა დარბაზში საკმარისი ადგილი არ აღმოჩნდა, ამიტომ მოუწიათ 2 მაგიდისა და სკამების დამატება. ადვოკატები ერთმანეთისგან ზურგით ისხდნენ, ისინი კარგად ვერ ხედავდნენ ერთმანეთს. ნაწილი ვერ ხედავდა მოსამართლეს, რადგან მოწმის დასაკითხად განკუთვნილი ტრიბუნა ეფარებოდა, თუმცა სხდომაზე მოწმის დაკითხვა განსაზღვრული არ იყო. ამგვარი განლაგების გამო, ადვოკატთა ნაწილს არ ჰქონდა შესაძლებლობა მიახლოებოდა ან გამოლაპარაკებოდა თავის დაცვის ქვეშ მყოფს.

მათ კიდევ ერთხელ, ამჯერად ოფიციალურად დააყენეს დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა. ონისე ცხადაძის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ დარბაზის შეცვლის ალტერნატივად – თუ ეს ვერ მოხერხდებოდა – სხდომის პირდაპირი ეთერით გადაცემა მოითხოვა, რათა პროცესის საჯაროობა უზრუნველყოფილი ყოფილიყო. თუმცა, იქვე განმარტა, რომ გულისხმობდა რეალურ საჯაროობას, რეალურ პირდაპირ ეთერს და არა ისეთს, როცა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საახალწლო კონცერტი რამდენიმე დღით ადრე გამართეს, ჩაწერილი გააკეთეს და ახალი წლის ღამეს რამდენიმე ტელევიზიის “პირდაპირ ეთერში” გაუშვეს.

მანდატურები ცდილობენ ინვენტარის გადაადგილებას, რათა ადვოკატებმა მოსამართლის და ერთმანეთის დანახვა შეძლონ

მოსამართლემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა იმის გასარკვევად, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა სხდომის დიდ დარბაზში გადატანა. რამდენიმეწუთიანი შესვენების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის რასაც დაკავებულთა ოჯახის წევრები და ადვოკატები საათზე მეტი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდნენ, შესაძლებელი იყო.

პროცესი დიდ დარბაზში განახლდა. თუმცა, დაკავებულთა ოჯახის წევრები და მეგობრები ვერც 150-კაციანმა დარბაზმა დაიტია. სხდომაზე დასწრების მსურველთა განაწილებით შეწუხებულმა მანდატურმა ჩაილაპარაკა, ცოტა ხანში ნახევარიც არ დარჩებით დარბაზში, ტყუილად მაწვალებთო. კითხვაზე, რის საფუძველზე ამბობდა ამას, უპასუხა – “მე ვიცი როგორც ხდება”. 8 საათის შემდეგ იმავე მანდატურს ისევ უწევდა სხდომაზე დასწრების მსურველთა განაწილება დარბაზში, რადგან დაინტერესებულ ადამიანთა რაოდენობა არ შემცირებულა, პირიქით, იზრდებოდა. დაკავებულთა ოჯახის წევრები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ:

“შეიძლება მე გავიდე და ადგილი სხვას დავუთმო? მინდა დარჩენა, მაგრამ ჩემი ძმის გვერდით რომ ბიჭია, იმის დედაა გარეთ, ძალიან უნდა შემოსვლა და იქნებ ცოტა ხნით შემოუშვათ”, – მიმართა ერთ-ერთმა მოქალაქემ მანდატურს შესვენების დროს.

“ნეტა ახლოს არ მიგვიშვებენ?”

სხდომათა დარბაზში ოჯახის წევრებს ბრალდებულებთან მიახლოებისა და საუბრის უფლება არ აქვთ. ისინი შორიდან ესალმებიან მათ, ხელს უქნევენ, კოცნას უგზავნიან, უღიმიან, ცრემლების შეკავებაც ცდილობენ – “გაჩერდი, არ ანერვიულო”, ერთმანეთს ანიშნებენ – “ხედავ? მგონი დამინახა. შენც დაგინახა? აი, ხელს გვიქნევს”.

ბრალდებულები დარბაზში შემოსვლიდან პირველი რამდენიმე წამის განმავლობაში დაბნეულები ათვალიერებენ მათ საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს, ცდილობენ მათში ოჯახის წევრები და ახლობლები ამოიცნონ, თვალებით ეძებენ დედას, მამას, ძმას, შვილს.

“ნეტა ახლოს არ მიგვიშვებენ” – იკითხა რევაზ კიკნაძის ბებიამ და წამოდგა, რათა შვილიშვილი უკეთ დაენახა.

“ქალბატონო, დაბრძანდით, თორემ იძულებული ვიქნები დარბაზიდან გაგაძევოთ” – მიმართა მას მანდატურმა.

პროკურორების ბრალდებების, ადვოკატთა შუამდგომლობებისა და მოსამართლის განმარტებების პარალელურად დაკავებულებსა და მისი ოჯახის წევრებს შორის ჟესტურ ენაზე მიმდინარეობს კომუნიკაცია. რთულია განსაზღვრო, რას აშინებენ ერთმანეთს. შესაძლოა, ვერც ამ ჟესტების ადრესატები ხვდებიან, რისი თქმა სურთ მისთვის. მთავარია, რომ ერთ სივრცეში არიან, ერთმანეთს უყურებენ საღ-სალამათს და გაღიმებულს.

“ცოტა დასუსტებული მეჩვენება, არა?!”

“ნეტავ იქ რას ჭამს?!”

“წვერი მოგიშვია საკანში, გიხდება, გიხდება” – დაბალი ხმით გასძახებს ახალგაზრდა ბიჭი ერთ-ერთ დაკავებულს და ხელით ანიშნებს, რომ მოსწონს, როგორც გამოიყურება.

“არაფერიც არ უხდება. გაიპარსოს დღესვე” – უჩურჩულებს ასაკოვანი ქალი და ცრემლების შეკავებას ცდილობს.

მხარეთა არგუმენტები

ამ სხდომაზე განიხილებოდა აღკვეთის ღონისძიების ფორმის – პატიმრობის – გადასინჯვის საკითხი. ანუ, მხარეები მსჯელობდნენ, გამოძიების დასრულებამდე და შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დაკავებულები ციხეში უნდა დარჩენილიყვნენ თუ უნდა გათავისუფლებულიყვნენ.

პროკურორები: გიორგი მუკბანიანი და ვაჟა თოდუა

პროკურორებმა, გიორგი მუკბანიანმა და ვაჟა თოდუამ 11-ვე დაკავებულის პატიმრობაში დატოვება მოითხოვეს. მათ მოკლედ გაიმეორეს წინა სხდომებზე გაჟღერებული შაბლონური პოზიცია, რომ ყველა ბრალდებულთან მიმართებაში არსებობდა განმეორებითი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურების, ან მოწმეებზე ზეწოლის რისკები. თუმცა, არცერთ მათგანს არ უსაუბრია არცერთ კონკრეტულ ბრალდებულზე. მათ ცალ-ცალკე არ განუხილავთ რის საფუძველზე ამბობდნენ, რომ იყო რისკი განმეორებითი დანაშაული ჩაედინა, მაგალითად, გურამ მირცხულავას, ან რა მტკიცებულება უნდა გაენადგურებინა ჯანო არჩაიას, ან რომელ მოწმეზე უნდა მოეხდინა ზეწოლა ირაკლი ქერაშვილს. პროკურორთა შუამდგომლობა იყო რამდენიმე წინადადებიანი, ზოგადი, ეხებოდა ყველა დაკავებულს ერთდროულად და არცერთს კონკრეტულად. მაგალითად ბრალდებული რუსეთის მოქალაქე ამბობდა, რომ მას პასპორტი ჩამორთმეული აქვს, შესაბამისად მისთვის გაუგებარია სად და როგორ უნდა მიიმალოს.

“თქვენ გაქვთ ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღების ვალდებულება, ისევე, როგორც პროკურატურას აქვს ინდივიდულური წარმოების ვალდებულება. თქვენი გადაწყვეტილებაც ინდივიდუალურად უნდა იქნას დასაბუთებული”, – ასე მიმართა გურამ მირცხულავასა ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ მოსამართლეს და მიუთითა პროკურატურის მტკიცებაზე, რომ ამოღებულია მობილური ტელეფონები, რომლებსაც უნდა ჩაუტარდეს ექსპერტიზა, რასაც სჭირდება დრო, ეს დრო კი ბრალდებულები ციხეში უნდა ისხდნენ.

ეს მაშინ, როცა კონკრეტულად მირცხულავას მობილური პოლიციას არ აქვს. მართალია, მობილურები ამოღებულია სხვა დაკავებულთა ჩხრეკის პროცესში, თუმცა გურამ მირცხულავასთან მიმართებით ეს დათქმა ფაქტობრივად არასწორია.

ადვოკატების თქმით, საქმეში ბევრი მსგავსი განზოგადებაა, რითაც პროკურორები უგულებელყოფენ ბრალდებულებზე ინდივიდუალური მიდგომის ვალდებულებას და კოლექტიურად აფასებენ მათ მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს.

ადვოკატი ომარ ფურცელაძე

“პატივცემული პროკურორები მოდიან, აყენებენ შუამდგომლობებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება მხოლოდ და მხოლოდ მათში ჩაწერილი სახელებით და გვარებით. ამ შუამდგომლობაში რომ ჩავწეროთ შოთა თუთბერიძე და მე რომ დავჯდე ონისე ცხადაძის ადგილზე, ეს პროკურორები აბსოლუტურად იგივე გულგრილობით, აბსოლუტურად იგივე ცრუ თავდაჯერებით დააყენებენ იგივე უსამართლო შუამდგომლობას და სამწუხაროდ, ექნებათ მოლოდინი და იმედი, რომ სასამართლო ამას უაპელაციოდ დააკმაყოფილებდა”, – განაცხადა შოთა თითბერიძემ, ონისე ცხადაძის ადვოკატმა.

კიდევ ერთი არგუმენტი, რაც პროკურორებს ჰქონდათ, საქმეში ახალი გარემოებების არარსებობაა. თუ არაფერი შეცვლილა მას შემდეგ, რაც დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ, არ უნდა შეიცვალოს მათი აღკვეთის ღონისძიების ფორმაც – ასეთია უწყების ლოგიკა.

ონისე ცხადაძის კიდევ ერთმა ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ მათ მიუთითა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტით, ახალი გარემოებაა თითოეული დღე, რომელსაც ბრალდებულები ციხეში ატარებენ.

“ახალი გარემოება მხოლოდ მატერიალური სახით კი არ უნდა იქნას წარმოდგენილი, ახალი გარემოებაა პატიმრობაში გატარებული თითოეული დღე, როგორც აღნიშნავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და პატიმრობაში გატარებული თითოეული დღე უნდა იყოს სათანადოდ დადასტურებული სახელმწიფო ბრალდების მიერ”, – განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.

მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე

წინა, 2024 წლის დეკემბერში გამართულ სხდომაზე პროკურორები დაკავებულთა პატიმრობას იმ მოტივით მოითხოვდნენ, რომ თავისუფლად ყოფნის შემთხვევაში მათ, შესაძლოა, გამოძიების მიმდინარეობისთვის ხელი შეეშალათ. მართალია, მუკბანიანისა და თოდუას არგუმენტაცია არც პირველ სხდომაზე იყო კონკრეტული და მხოლოდ რისკების ზოგად აღწერას ეფუძნებოდა, მაგრამ მოსამართლემ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა. ადვოკატები დაინტერესდნენ, რა გააკეთა ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში პროკურატურამ ისეთი, რაშიც ბრალდებულები თავისუფლად ყოფნის შემთხვევაში ხელს შეუშლიდნენ.

რადგან აღმოჩნდა, რომ საქმეში ახალი გარემოებები ფაქტობრივად არ არის – არ დაკითხულან მოწმეები, არ ჩატარებულა ექსპერტიზები და ა.შ. ადვოკატები დაინტერესდნენ, რა მიზეზით დატოვეს დაკავებულები ციხეში ჯერ კიდევ წინა სხდომაზე.

პროკურორ ვაჟა თოდუას განმარტებით, თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც 11 ბრალდებული დაკავებულია, უწყებამ გამოითხოვა ინფორმაცია სხვადასხვა საჯარო უწყებისგან, მათ შორის, პარლამენტისგან და დედაქალაქის მუნიციპალური სტრუქტურებისგან. სხდომაზე არ გაჟღერებულა, მიიღეს თუ არა მათ მოთხოვნილი ინფორმაცია.

“წერილების გაგზავნაში შეგიშლიდათ ხელს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი?” – ჰკითხა პროკურორებს რევაზ კიკნაძის ადვოკატმა, ელგუჯა ავსაჯანიშვილმა.

იმავე კითხვას სვამდნენ სხვა ადვოკატებიც – რატომ გაატარეს ბოლო რამდენიმე კვირა, მათ შორის, ახალი წელი და შობა დაკავებულებმა ციხეში, თუ მათი დაკავებიდან დღემდე პროკურატურას არ ჩაუტარებია ხელშესახები საგამოძიებო მოქმედებები, რომელ პროცესშიც ხელის შეშლის პოტენციური რისკის გამოც მოითხოვდნენ მათ პატიმრობას?!

აღსანიშნავია, რომ 16 იანვრისთვის დანიშნული წინასასამართლო სხდომა პროკურორების მოთხოვნით 5 მარტამდე გადაიდო. მიზეზად უწყებამ ისევ საკმარისი მტკიცებულებების შეგროვება, ექსპერტიზების ჩატარება და მოწმეთა დაკითხვის აუცილებლობა დაასახელა. ადვოკატები კი ვარაუდობდნენ, რომ თუ ეს პროცესი პროკურატურას გამოძიების დაწყებიდან დაახლოებით 10 კვირის განმავლობაში არც კი დაუწყია, შესაძლოა 5 მარტისთვისაც არ ჰქონდეთ მათ საკმარისი მასალები წინასასამართლო სხდომის ჩასატარებლად.

დაცვის მხარის ძირითადი არგუმენტები ასეთია:

  • მტკიცებულებებს, რომელიც საგამოძიებო უწყებას უკვე ამოღებული აქვს, ბრალდებულები ვერ გაანადგურებენ. ადვოკატები მიუთითებდნენ, რომ სამართალდამცავი უწყებებსა და ექსპერტიზაზე გადაგზავნილ მტკიცებულებებზე წვდომა დაკავებულებს ფიზიკურად ვერ ექნებათ სურვილის შემთხვევაშიც კი. გარდა ამისა მტკიცებულებათა დიდი ნაწილი ღია წყაროებში არსებული ვიდეოჩანაწერებია, რომელთა გაქრობა, ასევე, შეუძლებელია.

“ჩვენთვის გაუგებარია და პროკურორმა ვერ დაასაბუთა, რისი განადგურების გვეშინია. ყველა ვიდეომასალა, რომელიც მოპოვებულია, ინახება ციფრულ მატარებლებზე, საგამოძიებო ორგანოს კონტროლის ქვეშ მყოფ შენობაში. რას იზამს [ონისე ცხადაძე], შევარდება “ცე-კა-ბე-დე”-ში და დისკებს გაიტაცებს, სადაც ვიდეოებია ჩაწერილი და ამ ვიდეოებს გააქრობს?”, – ჰკითხა მოსამართლეს ადვოკატმა შოთა ცუცქირიძემ.

მოწმეები, რომელთა გამოკითხვა შეიძლება გახდეს საჭირო, პოლიციელები არიან. პროკურორები საუბრობდნენ 158 დაზარალებულ პოლიციელებზე, მაგრამ არ დაუკონკრეტებიათ როდის და როგორ დაზარალდნენ ისინი. არც ის, ყველა მათგანი ამ საქმეზე დაკავებულმა 11-მა ბრალდებულმა დააზიანა თუ არა. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ საჭიროა ამ პოლიციელების დაკითხვა. ადვოკატებს კი აინტერესებდათ, როგორ შეუძლია რიგით მოქალაქეს პოლიციელზე ზეწოლის მოხდენა. მით უმეტეს, რომ უცნობია კონკრეტულად ვისზე საუბრობს პროკურატურა და ბრალდებულებმა პოტენციური მოწმეების სახელებიც კი არ იციან.

“თუ ვინმეს წარმოუდგენია რომ ბატონ ჯანოს [არჩაია], ან ბატონ გურამს [მირცხულავა] 158 პოლიციელზე, რომლის ვინაობასაც პროკურატურა ვერ ადგენს, რაიმე ზეგავლენა აქვს, მე მგონია, რომ … ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სიტყვა “აბსტრაქტულს” კი იყენებს, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ეს ფანტასტიკის სფეროდანაა. რთულად წარმოსაგენზე მეტია ჩემთვის”, – განაცხადა ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ.

რაც შეეხება მიმალვისა თუ სავარაუდო დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკებს, ადვოკატები, პროკურორებისგან განსხვავებით, ინდივიდუალურად განიხილავდნენ ცალკეულ შემთხვევებს და განმარტავდნენ, რომ მაგალითად, 20 წლის ლუკა ჯაბუას საერთოდ არ აქვს პასპორტი და ის ქვეყნიდან გაქცევას ფიზიკურად ვერ შეძლებს; რამდენიმე მათგანი არასდროს ყოფილა საზღვარგარეთ, არ ჰყავს ნათესავები და ახლობლები საზღვარგარეთ და არ აქვთ საკმარისი ფუნანსური რესურსი ქვეყნიდან გასაქცევად ამის სურვილის შემთხვევაშიც კი; ისინი არ არიან ნასამართლევები, აქამდე არასდროს ჰქონიათ კანონთან კონფლიქტი, რის გამოც დაუსაბუთებელია მსჯელობა განმეორებით დანაშაულზე.

კიდევე ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი არის საქმეში დაზარალებულის არარსებობა. პროკურატურა 11 ადამიანს, რომლებმაც ერთმანეთი დაკავების შემდეგ, ციხეში გაიცნეს, ედავება დანაშაულის ჯგუფურად ჩადენას. თუმცა, სავარაუდო დანაშაულის ჩადენიდან თვენახევრის შემდეგაც კი უწყება ვერ ასახელებს კონკრეტულად ვინ, რომელი პოლიციელი და რა ფორმით დაზარალდა.

ადვოკატთა უმრავლესობა მოითხოვდა მათ გათავისუფლებას დარბაზიდანვე. თუმცა, ისინი მზად იყვნენ აღკვეთის ღონისძიების ალტერნატიული ფორმების მისაღებადაც. მათ შორის, გირაოის გადახდა, ელექტრონული ზედამხედველობა, ქალაქიდან გასვლის აკრძალვა, პასპორტის ჩაბარება სამართალდამცავი უწყებებისთვის და ა.შ.  ყველაფრისთვის, გარდა პატიმრობისა.

ადვოკატები მოსამართლისგან მოითხოვდნენ, მისი გადაწყვეტილება ყოფილიყო დასაბუთებული და არა ისეთივე ზედაპირული, როგორიც პროკურატურის შუამდგომლობა იყო. მათი განცხადებით, ბრალის დამტკიცებამდე ადამიანის პატიმრობაში დატოვება მოითხოვს დასაბუთების მაღალ სტანდარტს, კონკრეტული რისკების განსაზღვრას და იმის განმარტებას, რატომ არ შეიძლება ამ რისკების დაზღვევა ალტერნატიული მეთოდით, მაგალითად, გირაოს გადახდით.

ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ მსგავსი დასაბუთების არარსებობის მიუხედავად პატიმრობაში დატოვებულ ადამიანებს პროკურატურაში “ავანსად დაკავებულებს” უწოდებენ.

“როცა ადამიანებს იჭერენ ისე, რომ მათ დანაშაული არ მიუძღვით, ყოველ შემთხვევაში, მათ [პროკურატურას] ამის შესახებ მტკიცებულება არ აქვთ, ეძახიან [პროკურატურაში] “ავანსად დაკავებულებს”.  ერთმანეთში საუბრობენ ხოლმე, რომ ახლა სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯოს და მერე ან რომელიმე აღიარებს, ან მანამდე რამე მტკიცებულება გამოჩნდება. ეს ადამიანები ასე არიან დაჭერილები. მე დარწმუნებული ვარ, ეს თქვენც ძალიან კარგად იცით”, – უთხრა შოთა თუთბერიძემ მოსამართლეს, შემდეგ, სთხოვა, შეეხედა მათთვის და ჰკითხა – “ჰგვანან ეს ადამიანები ადამიანებს, ვინც არიან ისეთი მონსტრები, როგორებსაც პატივცემული პროკურორები გვიხატავენ?”

7-საათიანი განხლვის ბოლოს, მას შემდეგ, რაც მისი აცილების შუამდგომლობაც არ დააკმაყოფლა, მოსამართე ქეთევან ჯაჭვაძე სათათბიროდ გავიდა. დარბაზიდან გასვლამდე თქვა, რომ გადაწყვეტილებას რამდენიმე წუთში მიიღებდა. თუმცა სხდომა მხოლოდ 1 საათისა და 20 წუთის შემდეგ განახლდა. დარბაზში დაბრნებულმა მოსამართლემ განაცხადა, რომ 11-ვე ბრალდებულს პატიმრობაში ტოვებდა და სხდომა დახურა.

ამავე თემაზე:

სრულად წაკითხვა