როგორ უნდა მოიქცეთ, თუ პოლიციამ შეგაჩერათ ზედაპირული გადამოწმებისა და დათვალიერების მიზნით – იურისტი

2 weeks ago 10

1

იურისტი მიხეილ ვალაშვილი:

,,ის, რაც მეტროებში ხდება, არაფერი აქვს საერთო ზედაპირულ შემოწმებასა და დათვალიერებასთან. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ პოლიციამ შეგაჩერათ ზედაპირული გადამოწმებისა და დათვალიერების მიზნით:

🔴 პირველ რიგში, იმისათვის, რომ მოთხოვნა ლეგიტიმური იყოს, პოლიციელს უნდა ეტყობოდეს გარეგანად რომ იგი პოლიციელია (ფორმა, სამკერდე ნიშანი, რიგითის ნომერი), სხვა შემთხვევაში მოითხოვეთ იდენტიფიცირების მიზნით დოკუმენტის წარდგენა;

🔴 ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება გულისხმობს – მხოლოდ ტანსაცმლის ზედაპირზე ხელით ან სპეციალური ხელსაწყოთი შემოწმება/დათვალიერებას. ყველა სხვა ქმედება – ჯიბეეებში ხელის ჩაყოფა ან მოთხოვნა ჯიბის გადმოტრიალების შესახებ, ჩანთის გახსნა და ნივთების დათვალიერება, ჩხრეკა, სცდება ზედაპირული შემოწმების არსსა და მიზანს და წარმოადგენს პირის უფლებების დარღვევას, პოლიციის მხრიდან კი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და გადაცდომას. თუ ზედაპირული შემოწმების დროს, პოლიციელს გაუჩნდა დასაბუთებული ვარაუდი ჩხრეკისთვის, იგი ვალდებულია განგიცხადოთ, რომ იწყებს თქვენს ჩხრეკას. სხვა შემთხვევაში, მსგავსი მოთხოვნის არსებობისას, შეგიძლიათ განუცხადოთ უარი;

🔴 მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ შესაბამისი საფუძვლის დაუსახელებლობის შემთხვევაში, უფლება გაქვთ, უარი განაცხადოთ შემოწმებასა და თქვენი მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაციის პოლიციისთვის გადაცემაზე. შესაბამისად, როდესაც პოლიცია გაჩერებთ ზედაპირული დათვალიერების მიზნით, მოსთხოვეთ საფუძვლის დასახელება, რა საფუძვლით ხდება თქვენი გადამოწმება. ეს საფუძველი შეიძლება იყოს:

1. როდესაც არსებობს ვარაუდი, რომ პირს შესაძლოა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთი ჰქონდეს თან;
2. პირი იმყოფება სპეციალურ რეჟიმს დაქვემდებარებულ ობიექტებთან (მაგ: რომელიმე სახელმწიფო დაწესებულება) 20 მეტრის რადიუსში;
3. როცა არსებობს ვარაუდი რომ პირი იმყოფება იმ ადგილას, სადაც იკრიბებიან სამართალდამრღვევები, ქვეყანაში უკანონოდ მყოფი პირები ან იმალებიან ძებნილები.

კიდევ ერთხელ, თუ პოლიცია ამ საფუძვლებიდან ვერ გისახელებთ ვერც ერთს, უფლება გაქვთ უარი განაცხადოთ შემოწმებაზე და არ გასცეთ თქვენი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია;

🔴 აუცილებლად მოითხოვეთ ზედაპირული შემოწმება/დათვალიერების დაასრულების შემდეგ ოქმის შედგენა და ჩაბარება, რაც თქვენი სავარაუდო უფლებების დარღვევის შემთხვევაში, საჭირო იქნება წარსადგენად სასამართლოში;

🔴 დაიმახსოვრეთ, პოლიციელს, მხოლოდ 30 წუთი აქვს უფლება შეგაჩეროთ. ამ დროის გასვლის შემდგომ შეგიძლიათ განუცხადოთ, რომ მიდიხართ და მათ თქვენი დაყოვნების უფლება არ აქვთ.

და ბოლოს, თქვენი უფლებების სავარაუდო დარღვევის პრევენციის მიზნით, შეჩერების მომენტიდანვე მოითხოვეთ ჩართოს სამხრე კამერა, მოიმარჯვეთ კამერა ჩართულ მდგომარეობაში თქვენც და უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში დარეკეთ ადგილზევე გენინსპექციაში – 126-ზე. “

სრულად წაკითხვა