რომის პაპმა ვაშინგტონის ახალ მთავარეპისკოპოსად ტრამპის კრიტიკოსი მაკელროი დაასახელა

2 days ago 3

დონალდ ტრამპის პრეზიდენტად ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე, რომის პაპმა ფრანცისკემ, ვაშინგტონის კათოლიკური ეკლესიის ახალ ლიდერად, მთავარეპისკოპოსად, ტრამპის პოლიტიკის კრიტიკოსი დაასახელა.

კარდინალი რობერტ მაკელროი, 70 წლისაა და ის 2015 წლიდან სან-დიეგოს ეპისკოპოსია. მაკელროი შეცვლის კარდინალ ვილტონ გრეგორს, რომელიც ვაშინგტონის საეპისკოპოსოს 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა და ახლა პენსიაზე გადის.

დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს, მაკელროი მწვავედ აკრიტიკებდა მის საიმიგრაციო პოლიტიკას.

2017 წელს, მან ამერიკელებს მოუწოდა „ჩაეშალათ“ ეს გეგმები. მოგვიანებით ერთ-ერთ კათოლიკურ ჟურნალთან საუბრისას მან თქვა, რომ კათოლიკეებს „უბრალოდ არ შეუძლიათ გვერდზე გადგომა და [ემიგრანტების] დეპორტაციის ყურება“.

”ეს გაბედული ნაბიჯია”, - თქვა მაკელროის დანიშვნის შესახებ, მასიმო ფაჯიოლიმ, იტალიელმა აკადემიკოსმა, რომელიც ყურადღებით აკვირდება რომის პაპის გადაწყვეტილებებს.

ფაჯიოლიმ, ფილადელფიის ვილანოვას უნივერსიტეტის პროფესორმა, ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ პაპმა განცხადება, 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის მეოთხე წლისთავს დამთხვია.

6 იანვარს, 4 წლის წინ, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში შეიჭრნენ და სცადეს, რომ არჩევნების სერტიფიცირების და შესაბამისად, ჯო ბაიდენის გამარჯვების გაფორმების პროცედურა შეეჩერებინათ.

მაკელროი ასევე პაპის აშკარა მოკავშირეა ამერიკელ კათოლიკე ეპისკოპოსებს შორის, რომელთაგან ყველა არ ეთანხმება პაპის არსებულ პოლიტიკასა და მიდგომას კონკრეტული რელიგიური საკითხებისადმი.

მან პროგრესული პოზიცია დაიკავა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ლგბტქ კათოლიკეების მიმართ უფრო ლმობიერი მიდგომა და მხარი დაუჭირა ქალების დიაკვნად ხელდასხმას. დიაკვნები კათოლიკურ ეკლესიაში ხელდასხმული მსახურები არიან, რომლებიც მღვდლებისგან განსხვავებით, მესას ვერ აღასრულებენ, თუმცა მასში ღვთისმსახურებთან ერთად მონაწილეობენ.

მაკელროი პაპმა კარდინალად 2022 წელს აკურთხა. ის წარმოშობით სან-ფრანცისკოდანაა. მას თეოლოგიაში დოქტორის ხარისხი აქვს მინიჭებული რომის პონტიფიკალური გრიგორიანული უნივერსიტეტისგან. კარდინალი ასევე ფლობს დოქტორის ხარისხს პოლიტიკაში სტენფორდის უნივერსიტეტიდან, სადაც მან დისერტაცია ამერიკის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით დაიცვა.

სრულად წაკითხვა