რუმინეთმა, იტალიამ და ესპანეთმა უარყვეს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ მათი წარმომადგენლები ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე შეეწინააღმდეგნენ სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ. სამივე ქვეყანამ კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და დაგმო კობახიძის მიერ გავრცელებული „არაზუსტი“ ინფორმაცია და „დეზინფორმაცია“.
„ღრმად იმედგაცრუებული ვარ ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების არაზუსტად წარდგენის გამო. ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი ძლიერი შეშფოთება ევროკავშირში გაწევრიანების დიალოგის შესახებ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებისა და საქართველოში კანონიერი პროტესტის წინააღმდეგ ძალადობრივი რეპრესიების გამო“, – ნათქვამია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა კობახიძის განცხადებას „საქართველოს მიმართ რუმინეთის პოზიციასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის აშკარა მაგალითი“ უწოდა.
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა საბჭოს დებატების დროს იტალიამ „მკაცრად დაგმო ყველანაირი ძალადობა, რაც ქვეყანაში ბოლო კვირებში მოხდა“, მხარი დაუჭირა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის მიერ შემოთავაზებულ ზომებს, მათ შორის სანქციებსა და დიპლომატიური პასპორტების მქონე პირთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.
„იტალიამ გაიმეორა, რომ ევროკავშირი უნდა დადგეს ქართველი ხალხის გვერდით და იმედი გამოთქვა, რომ თბილისში მიღებული ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, რომლებმაც ფაქტობრივად შეაჩერეს მათი ევროპული გზა, შეიძლება გადაიხედოს“, – ხაზს უსვამს იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს.
და ბოლოს, ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ მედიაში უარყო კობახიძის განცხადება და აღნიშნა, რომ „ესპანეთი ძალიან მკაფიოდ გამოხატავს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში სამოქალაქო უფლებებისა და სავარაუდო დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ. ჩვენ სრულად დავუჭირეთ მხარი საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს. დეზინფორმაცია არის საფრთხე ჩვენი დემოკრატიისთვის, რასაც ყოველთვის შევეწინააღმდეგებით“.
16 დეკემბერს საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ვეტო დაადეს უნგრეთმა და სლოვაკეთმა, ევროკავშირის საბჭომ სთხოვა ევროკომისიას მოამზადოს ოფიციალური დოკუმენტი საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მქონე პირთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე. ამ გადაწყვეტილების მისაღებად ბლოკის წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობის თანხმობა საკმარისია. 17 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დებატების დროს იტალიამ, ესპანეთმა და რუმინეთმა დაიცვეს ქართველი ხალხის ინტერესები და ხმა მისცეს უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის წინადადებების წინააღმდეგ. შესაბამისი პოსტი, რომელიც გაზიარებულია საქართველოს მთავრობის X-ის ანგარიშზე, უკვე მონიშნულია, როგორც დეზინფორმაცია.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური)