რუმინეთში მიმდინარეობს საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც 31 პარტია მონაწილეობს. არჩევნები პროპორციული სისტემით ტარდება. პარტიებს მანდატების მოსაპოვებლად 5%-იანი ბარიერის გადალახვა სჭირდებათ.
კენჭისყრის დღემდე ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვებით ამას შეძლებენ სოციალ-დემოკრატიული პარტია, „ალიანსი რუმინელების გაერთიანებისთვის“, „რუმინეთის ხსნის კავშირი“ და ნაციონალ-ლიბერალური პარტია.
წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგად ყველაზე მეტი მანდატი სოციალ-დემოკრატებმა მოიპოვეს, თუმცა - არასაკმარისი მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის და კოალიცია შექმნეს მემარჯვენე-ცენტრისტულ ნაციონალ-ლიბერალურ პარტიასთან
საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, 24 ნოემბერს რუმინეთში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგად, ყველასთვის მოულოდნელად, პირელ ადგილზე გავიდა დამოუკიდებელი კანდიდატი, ულტრამემარჯვენე კალინ ჯორჯესკუ.
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, კალინ ჯორჯესკუმ ხმების თითქმის 23% მოიპოვა და მეორე ტურში გავიდა ლიბერალური პარტიის, „რუმინეთის ხსნის კავშირის“ კანდიდატ ელენა ლასკონისთან ერთად.
თუმცა, პირველი ტურის საბოლოო შედეგების გამოცხადება გადაიდო.
28 ნოემბერს, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაავალა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების ხელახლა დათვლა, რათა გამოირიცხოს თაღლითობის ეჭვი, რომელიც ჯორჯესკუს გამარჯვების გამო გაჩნდა.